Thumbnail
  • კიკერი ბაიერნის სატრანსფერო გეგმების შესახებ წერს
  • ზაფხულში ბავარიულ გრანდს რაფინია, ბოატენგი, ხამესი და რენატო სანჩესი დატოვებენ
  • გაშვების კანდიდატები არიან თომას მიულერი და მატს ჰუმელსიც

მიუნხენის ბაიერნს გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა თავის სასარგებლოდ ჯერ არ გადაუწყვეტია - სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, რეკორდმაისტერი დორტმუნდის ბორუსიას 2 ქულით უსწრებს და მომდევნო ტურში ბოლო ადგილზე მყოფ ჰანოვერს მასპინძლობს. მიუხედავად ამისა, მიუნხენში, როგორც გერმანელებს სჩვევიათ, უკვე დიდი ხანია, მომდევნო სეზონს გეგმავენ.

როგორც იცით, კლუბის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ზაფხულში დიდი საკადრო ცვლილებები დააანონსა და არ დამალა, რომ მიუნხენური გრანდი ფეხბურთელებში ბევრ ფულს დახარჯავს. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რეკორდმაისტერი რამდენიმე მოთამაშემ უნდა დატოვოს. ყველაზე სოლიდური გერმანული სპორტული გამოცემის, ‘კიკერის’ ინფორმაციით, გუნდიდან წასვლის კანდიდატები თვით მატს ჰუმელსი და თომას მიულერიც არიან.

თომას მიულერმა, შესაძლოა, ბაიერნი დატოვოს

მას მერე, რაც გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მატს ჰუმელსსა და ჟერომ ბოატენგს ბუნდესგუნდის კარი დაუხურა, მათ გაშვებაზე ბაიერნის ბოსებიც სერიოზულად ფიქრობენ. ბოატენგის გაყიდვა თითქმის გადაწყვეტილია, ჰუმელსზე კი ჰიონესი და რუმენიგე ჯერ კიდევ ფიქრობენ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ასევე გადაწყვეტილია ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, რაფინიას გაშვებაც.

ბაიერნს ჰყავს ნიკლას ზიულე, რომელიც გერმანიის ნაკრების ძირითადი ცენტრალური მცველია. რეკორდმაისტერმა ასევე სრულყო ლუკა ერნანდესის ტრანსფერი ატლეტიკოდან (80 მილიონი ევრო), შტუტგარტიდან კი ბენჟამენ პავარი შეიძინა (35 მილიონი). ბოატენგის, რაფინიას და ჰუმელსის გარდა, წასვლის კანდიდატები არიან ხამეს როდრიგესი და რენატო სანჩესიც.

ჰუმელსი გაშვების კანდიდატია, ლევანდოვსკი - არა

‘კიკერი’ წერს, რომ ბაიერნი, შესაძლოა, თომას მიულერმაც დატოვოს! ეს უკანასკნელი დიდი ხანია, აღარ არის საუკეთესო ფორმაში. ‘კიკერის’ ინფორმაციით, მიულერს მილანური გრანდები, ინტერი და მილანი ეპატიჟებიან. თომასი ჯერ მხოლოდ 29 წლისაა, რაც ფეხბურთელისთვის საუკეთესო ასაკია და იმას ნიშნავს, რომ მიულერს შეუძლია, უმაღლეს დონეზე კიდევ რამდენიმე წელი ითამაშოს. ‘კიკერში’ ვკითხულობთ, რომ თომასის გადაბირებით ერთი ინგლისური კლუბიც ძალიან სერიოზულადაა დაინტერესებული - ოღონდ, გერმანელი ჟურნალისტები ამ კლუბს არ აკონკრეტებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები