Thumbnail

'3.5 წელიწადია, რაც ლივერპულშია და არაფერი მოუგია' - მოურინიოს კლოპის შურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჟოზეს მუშაობა ისეთი პირობებში სურს, როგორშიც გვარდიოლა და კლოპი არიან
  • 56 წლის სპეციალისტი ჯერჯერობით მხოლოდ ტელეექსპერტობით კმაყოფილდება

მანჩესტერ იუნაიტედთან განშორების შემდეგ, ჟოზე მოურინიო უკლუბოდაა და ჯერჯერობით ტელეექსპერტობით კმაყოფილდება. 56 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა ახლახან იმ პირობებზე ისაუბრა, როგორსაც ახალ კლუბში ისურვებდა და მაგალითებად ლივერპულისა და მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელები, შესაბამისად, იურგენ კლოპი და ხოსეპ გვარდიოლა მოიყვანა.

"ისეთ პირობებში მსურს მუშაობა, როგორშიც დღეს პეპ გვარდიოლა და იურგენ კლოპი არიან. შეხედეთ ლივერპულის სასტარტო შემადგენლობას ბარსელონასთან. იქ სულ ორიოდე კაცია იმ პერიოდის გუნდიდან, კლოპის მისვლამდე რომ იყო.

იგივე ვითარებაშია გვარდიოლაც. 2016/17 წლების სეზონში ის უკმაყოფიფლო იყო განაპირა მცველებით და ზაფხულში ამ პოზიციის ერთბაშად სამი მოთამაშე დაიმატა. მან მეკარე კლაუდიო ბრავო შეიძინა, მაგრამ მისით უკმაყოფილო დარჩა და შემდეგ უკვე ედერსონი იყიდა.

კლოპი ლივერპულში უკვე 3,5 წელიწადია და ამ დროის განმავლობაში საერთოდ ვერაფრის მოგება შეძლო. ამის მიუხედავად, მას ძველებურად ენდობიან, ის კი თავდაჯერებულია. მას ისევ აქვს პირობები, არ მოეშვას და წინ იაროს. კლუბს ამ სეზონში მართლაც აქვს შანსი, ბოლოს და ბოლოს მოიგოს ტიტული - პირველად იმ დღიდან, რაც იურგენი ლივერპულშია.

სულ ახლახან კლოპის ლივერპული ბარსასთან 0:3 დამარცხდა

მოლაპარაკებებს არ დავიწყებ იქამდე, სანამ არ გავიგებ, რა სურს კლუბს და რისი გაღება შეუძლია მიზნების მისაღწევად", - აქვეყნებს პორტუგალიელი სპეციალისტის ნათქვამს goal.com.

იურგენ კლოპმა ლივერპული 2015 წლის შემოდგომაზე ჩაიბარა, თანამდებობაზე კი ბრენდან როჯერსი შეცვალა. გერმანელი სპეციალისტის ხელში გუნდი სამჯერ იყო სხვადასხვა ტურნირის (ინგლისის ლიგის თასი, ევროპალიგა, ჩემპიონთა ლიგა) ფინალში, მაგრამ ტიტული ვერცერთხელ მოიგო.
 
ჟოზე მოურინიო მანჩესტერ იუნაიტედიდან 2018 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. მანამდე პორტუგალიელი ჩელსის, რეალს, ინტერს, პორტუს, უნიან ლეირიუსა და ბენფიკას წვრთნიდა. განსაკუთრებით წარმატებული ჟოზე პორტუსა და ინტერში იყო, სადაც ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება იზეიმა - პორტუში 2004 წელს, ინტერში - 2010-ში. ახლა ის BeIn Sports-ის ტელეექსპერტია, სადაც ყოველი თამაშის გაანალიზებისთვის 67 000 ევროს იღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები