Thumbnail

⚽ მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჟურნალში ფეხბურთი - გამოდის კვარტალში ერთხელ და აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე საფეხბურთო პროცესებს

ავტორი: გიორგი ფირცხელანი

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ოკუპირებული გერმანია მოკავშირეებმა შუაზე გახლიჩეს, ქვეყნის დასავლეთ ნაწილს დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ამერიკა აკონტროლებნდენ, ხოლო აღმოსავლეთში საბჭოთა არმია იდგა.

მალე გერმანიის წითელი მხარე, რკინის ფარდის მიღმა დაახლოებით ისე აღმოჩნდა, როგორც სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნები. საბჭოელებმა თავის ნახევარს ‘DDR’ ანუ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა უწოდეს და მისი უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონის - ობერლიგის ამბავიც 1949 წელს, აქედან დაიწყო.

გდრ-ის ობერლიგის პირველი სეზონი, მაშინ პლანიცის სახელით მოთამაშე ცვიკაუს გუნდმა მოიგო. დროთა განმავლობაში, ობერლიგის გუნდები საბჭოთა სპორტული წყობის მახინჯი მოდელის მიხედვით ასე დალაგდნენ:

1) დინამოები: შინაგან ძალებთან, იგივე ‘შტაზისთან’ ასოცირებული გუნდები. ყველა კლუბის სახელშიდინამოპრეფიქსით - ბერლინის, დრეზდენს და .. ყოველი მათგანი შტაზის და მისი უფროსის - ერიხ მილკეს წინაშე იყო პასუხისმგებელი.

2) .. ‘ფორვერტსები’, გუნდები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ემორჩილებოდნენ. განსაკუთრებით მათი აქტიურობა 60-იან წლებში შეინიშნებოდა.

3) კარგი, ძველი ყაიდის, ნამდვილი საფეხბურთო კლუბები, რომლებსაც სახელმწიფო სტრუქტურებთან კავშირი არ ჰქონდათ, მაგალითად - მაგდებურგი, კალ ცაის იენა, იუნიონ ბერლინი და ..

4) მუშათა გუნდები - როტაცია ბაბელსბერგი, პოტსდამის ტურბინა, ტრაქტორ გროს-ლინდაუ და ..

ობერლიგის შემდეგ (14 გუნდი), მოდიოდა ლიგა შტაფელ A და ლიგა შტაფელ B, თითოში 18 გუნდით. ორივე მეორე რანგის ლიგას კი ერთმანეთში გადანაწილებული 15 რეგიონალური ბეზირკსლიგა კრავდა.

აღმოსავლეთ გერმანიის საფეხბურთო სისტემას, სხვა სოციალისტური ქვეყნების ჩემპიონატებისგან განასხვავებდა ორი რამ - 1. ზემოხსენებული შედარებით დასავლურ ფეხბურთთან ახლოს მდგარი ლიგის პირამიდა და 2. ასევე ზემოხსენებული კლუბების კატეგორიების მესამე პუნქტი, ანუ ისეთი გუნდების არსებობა, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირებული არ იყვნენ და ფეხბურთის თამაშს მათ არავინ ავალებდა.

მესამე პუნქტის არსებობა იმის დამსახურებაა, რომ ორგანიზებული სახის პროფესიული ფეხბურთი (ერთიან) გერმანიაში იმაზე ბევრად ადრე შევიდა, ვიდრე იოსებ ჯუღაშვილი ჯერ კრემლში და მერე უკვე რაიხსტაგში.

ობერლიგას და აღმოსავლეთ გერმანიის ფეხბურთს ერთი უცნაურობა ახასიათებდა - გუნდების მუდმივი რელოკაცია, ან რელოკაცია მხოლოდ სახელის მიხედვით. მაგალითად 3 გზის ჩემპიონ ვიზმუტ აუეს, რაღაც პერიოდი კარლ მარქს შტადტი (დღეს ქემნიცი) ერქვა ისე, რომ ამ ქალაქთან გუნდს ახლოსაც კი არ ჩაუვლია.

დაარსების დღიდან, თითქმის 3 დეკადის მანძილზე, ლიგას დომინანტი გუნდი არ ჰყავდა, თუმცა ყველაზე მეტი ჩემპიონობა ამ პერიოდში დინამო დრეზდენს ჰქონდა მოპოვებული. ომის დროს მიწასთან გასწორებული ქალაქის გუნდი, 1978 წელს თავის მეექვსე ჩემპიონობას ზეიმობდა, როდესაც მათ გასახდელს შტაზის უფროსი - ერიხ მილკე ეწვია და დაუბარა, რომ შემდეგ წელს ჩემპიონი დედაქალაქის გუნდი - ბერლინის დინამო გახდებოდა.

მართლაც ასე მოხდა, უფრო მეტიც, ბერლინის დინამომ ზედიზედ 10 ჩემპიონობა მოიგო, თუმცა ფარდის მიღმა გუნდი არაფრად ვარგოდა - ‘BFC’ ჩემპიონთა თასზე მერვედფინალს სულ ორჯერ გაცდა, პირველად 1979-80 წლების სეზონში, სადაც კაპიტალისტი ბრაიან კლაფის ნოტინგემთან დამარცხდა, ხოლო მეორედ 1983-84 წლების სეზონში, სადაც რომასთან გამოეთიშა ასპარეზობას.

თუმცა, ბერლინის დინამოსგან განსხვავებით, სხვა DDR-ის გუნდებმა ევროთასებზე თავისი კვალი დატოვეს - ლაიპციგის ლოკომოტივმა (1987) და კარლ ცაის იენამ (1981) თასების მფლობელთა თასის ფინალები ითამაშეს, ხოლო 1974 წელს მაგდებურგმა ამავე თასის ფინალში, მაშინ დამწყები მწვრთნელის - ჯოვანი ტრაპატონის მილანი როტერდამში 2:0 დაამარცხა.

1974 წელი, მხოლოდ მაგდებურგის წარმატებით არ შემორჩა DDR-ის ფეხბურთს, როტერდამის ფინალიდან 1 თვეში, აღმოსავლეთ გერმანიის ნაკრებმა, ქვეყნის დასავლეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ფრანც ბეკენბაუერის მსოფლიოს ჩემპიონი დასავლეთ გერმანიის ნაკრები ჯგუფში იურგენ შპარვასერის გოლით 1:0 დაამარცხა!

დღეს ვნახეთ ჩვენი სპორტის კლასობრივი უპირატესობა და ტრიუმფალური მარში ჰამბურგში!“ - ამბობდა პარტიის უფროსი და ბერლინის სიმბოლური კედლის მართლა კედლად ამშენებელი ერიხ ჰონეკერი.

თუმცა, ‘ტრიუმფალური მარშიმაშინ დასრულდა, როდესაც აღმოსავლეთ გერმანია მეორე რაუნდის ჯგუფში - ბრაზილიასთან, არგენტინასთან და კრუიფის ჰოლანდიასთან ერთად მოხვდა.

ამ ნაკრებში ბევრი დიდი ფეხბურთელი თამაშობდა - იურგენ შპარვასერი, იოახიმ შტრაიხი, მარტინ ჰოფმანი... ხოლო გუნდის მეკარეზე - იურგენ კროიზე ამბობდნენ, რომ თვით ზეპ მაიერსაც კი არ მიაკარებდა ერთიანი გერმანიის ნაკრების ძირითადს.

ეს იყო პირველი და უკანასკნელი დიდი ტურნირი, სადაც აღმოსავლეთ გერმანიამ ითამაშა. კარგი ნაკრების კონტურები 80-იანების ბოლო გამოჩნდა, თუმცა გუნდმა შეთამაშება ვერ მოასწრო კედელი ისე დაინგრა. დასავლეთიდან ფული და პროდუქტები შემოდიოდა, ხოლო ღარიბი აღმოსავლეთიდან პირველი ფეხბურთელები გაიქცნენ.

გაერთიანება დამღუპველი აღმოჩნდა აღმოსავლეთის კლუბებისთვის. მაგრამ ჩვენ, აქ გაზრდილ ფიზიკურად კარგად მომზადებულ ფეხბურთელებს, ახალი გზა და შესაძლებლობა გაგვეხსნა“ - ამბობდა აღმოსავლეთ გერმანიის ნაკრების ყოფილი წევრი და შემდეგ ერთიანი გერმანიის სახელით 1996 წლის ევროპის ჩემპიონი - მათიას ზამერი.

ზამერის გარდა სანაკრებო დონზე აღმოსავლეთიდან წამოსულმა კიდევ ბევრმა მოთამაშემ ითამაშა - თომას დოლი, ულფ კირსტენი, ოლაფ მარშალი, შტეფან ფროინდი, ანდრეას თომი, დარიუშ ვოში და ..

ასევე, ობერლიგის სისტემაში აღზრდილები იყვნენ - იენს იერემისი, ბერნდ შნაიდერი, კარსტენ იანკერი, იორგ ბიომე, მიხაელ ბალაკი, უვე როსლერი, თომას ლინკე და სხვა ცნობილი ფეხბურთელები.

თუმცა ზამერის თაობისგან განსხვავებით, ძველებს დასავლეთთან მიმართებაში ასე არ გაუმართლათ... მაგალითად დრეზდენის დინამოს ტრიო - გერდ ვებერი, პიტერ კიოტე და მათიას მიულერი კედლის მეორე მხარეს გაპარვას, არგენტინის გავლით ცდილობდნენ.

შტაზიმ სამივე მათგანი შონეფელდის აეროპორტში დააკავა, ორგანიზატორ - ვებერს 7 წელი მიუსაჯეს, კიოტეს და მიულერს კი სამუდამოდ აეკრძალათ ფეხბურთის თამაში.

გაცილებით ტრაგიკული აღმოჩნდა ბერლინის დინამოს მოთამაშის - ლუც აიგენდორფის ისტორია, რომელიც კაიზერსლაუტერნთან ამხანაგური მატჩის შემდეგ, კლუბის ავტობუსიდან გადახტა და მიიმალა.

დასავლეთში გაქცეულმა ნაციის მტერმა 1980-82 წლები კაიზერსლაუტერნში ითამაშა, ხოლო 1982-83 წლების სეზონი ბრაუნშვაიგში ჰქონდა დაწყებული, როდესაც საეჭვო ვითარებაში ავტო-ავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა.

ავტო-ავარიების ორგანიზება შტაზის ხელწერა იყო - გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ორგანიზაციის ოფიციალურმა საარქივო დოკუმენტებმა აიგენდორფის მკვლელობა დაადასტურეს.

აღმოსავლეთში ფეხბურთი არ იყო რელიგია, არც ამ სპორტით ცხოვრობდა ვინმე და არც შაბათის ტურის მერე იკრიბებოდა ხალხი სოციალურ კლუბებში მაგიდასთან მატჩების გასარჩევად. თუმცა, ნომერ პირველ სპორტის სახეობად მაინც რჩებოდა, რადგან კონკურენტებად ცურვა და ბობსლეი ჰყავდა.

შეიძლება ცუდი ფორმით, მაგრამ ჰონეკერის მთავრობამ და ობერლიგამ, ფეხბურთელების ის 20%-30% მაინც შეუნარჩუნა გერმანულ ფეხბურთს, რომელთა დახმარებითაც უკვე ერთიანი ქვეყნის ნაკრებმა 1996 წელს ჯერ ევეროპის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო შემდეგ 2002-ში მომდევნო თაობით მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ითამაშა.

როგორც ზამერმა აღნიშნა, აღმოსავლეთის საკლუბო ფეხბურთი კედელს დაეჯახა, ბუნდესლიგის გუნდებთან კონკურენციაში ყველა მალევე ქვედა ლიგებში ჩაიძირა - ცუდი ეკონომიკა, ნაკლები სპონსორი და ცუდი ინფრასტრუქტურა დასავლეთთან კონკურენციას გაუსაძლისს ხდიდა.

თუმცა აქაც, როგორც ბევრ უიმედო სიტუაციაში, გამოჩნდა იმედის სხივი - ჰანზა! კლუბმა დედით იტალიელი, შვეიცარიაში დაბადებული, რაღაცნაირად ტენერიფეში მოთამაშე და გერმანულის არ მცოდნე, მაგრამ მაინც გერმანელი - ოლივერ ნოივილი

კანარის კუნძულებიდან გაყინულ როსტოკში ჩაიყვანა და აღმოსავლეთის ფეხბურთის ბუნდესლიგაში წარმომადგენლობა რამდენიმე სეზონით გაახანგრძლივა.

ამ მოვლენიდან თითქმის 20 წელია გასული, მაგრამ აღმოსავლეთის გუნდები დასავლეთს ისევ ვერ ეწევიან, დღეს ბუნდესლიგაშიოსტისერთადერთი წარმომადგენელი - რედ ბულ ლაიპციგია... ლიგაზეც თამაშობს, ბოლო სეზონები მაგარ ფორმაშია, მაგრამ მაინცრედ ბულიადა ქალაქში (არც ქვეყანაში) არავის უყვარს.

ჰანზას შემდეგ და ლაიპციგის გამოცხობამდე, აღმოსავლეთს ტოპ-დივიზიონში ანგელა მერკელის საყვარელი გუნდი - ენერგია კოტბუსი წარმოადგენდა, რომელიც 2009 წელს გასავარდნი ზონის პლეი-ოფში ნიურნბერგთან 5:0 განადგურდა და ბუნდესლიგას დაემშვიდობა.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონ ნაკრებში, მხოლოდ ერთი (!) აღმოსავლეთში გაზრდილი მოთამაშე თამაშობდა - ტონი კროოსი, რეალის საყრდენი ჩრდილოეთში, ბალტიის ზღვისკენ გრაიფსვალდშია დაბადებული.

გერმანია 1990 წელს გაერთიანდა, თუმცა ეს ფაქტები ნათლად გვაჩვენებს იმას, რომ ქვეყნის ფეხბურთი ისევ გაყოფილია და რაც დრო გადის, კიდევ უფრო იყოფა.

კომენტარები

ბოლო ამბები