Thumbnail

NBA | იოკიჩის და დენვერის ოცნება საფრთხეშია - პორტლენდმა გაათანაბრა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დენვერი პორტლენდთან მეორე მატჩში 90:97 დამარცხდა
  • სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 1:1
  • ტრეილ ბლეიზერსს კონფერენციის ფინალში გასვლის რეალური შანსი აქვს

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ, რომელშიც დენვერმა პორტლენდი 121:113 დაამარცხა, ბევრმა იფიქრა, რომ ნიკოლა იოკიჩი და კომპანია ტრეილ ბლეიზერსის ბარიერს ადვილად გადალახავდნენ, მაგრამ მეორე თამაშმა ასეთი მოსაზრებები გააბათილა. პორტლენდმა ამჯერად გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და ნაგეთსს 97:90 მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიაში ანგარიში გათანაბრდა (1:1), ახლა კი, ორი დუელი პორტლენდის დარბაზში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ნაგეთსმა თამაში უკეთ დაიწყო და 4 წუთის შემდეგ 8:4-ს იგებდა. თუმცა ამას პორტლენდის 10:2 გაქცევა მოჰყვა, სტუმრებმა თამაშზე კონტროლი დაამყარეს და 9 ქულით (21:12) დაწინაურდნენ. ტრეილ ბლეიზერსმა ნაგეთსის ცუდი მაჩვენებლით ისარგებლა - იოკიჩს და კომპანიას ბოლოს სროლების მხოლოდ 34.7 პროცენტი ჰქონდათ ჩაგდებული, სტუმრებს კი - 42,4%. იოკიჩმა, მართალია, ორმაგი დუბლი შეასრულა (16 ქულა, 14 მოხსნა), მაგრამ აშკარად არ ჰქონდა კარგი დღე. მაგალითად, პირველი პერიოდის შემდეგ ის სულაც უქულოდ იყო. თუმცა, იოკიჩმა აი, ასეთი ბრწყინვალე პასი გააკეთა:

📺 ვიდეო: ნიკოლა იოკიჩის შესანიშნავი პასი

დენვერმა თავისი თამაში ვერც მეორე მეოთხედში იპოვნა. ტყორცნების ცუდი სტატისტიკის გამო, ნაგეთსის მოთამაშეებმა გულშემატკივრების სტვენა არაერთხელ დაიმსახურეს. პირველი ტაიმი პორტლენდმა სოლიდური უპირატესობით, 50:35 მოიგო.

დენვერს ვერც ის ფაქტი დაეხმარა, რომ პორტლენდის ლიდერმა დამიან ლილარდმა მხოლოდ და მხოლოდ 14 ქულის დაგროვება შეძლო (პირველ თამაშში 39 ქულა ჰქონდა). სამაგიეროდ, კარგად ითამაშეს სათადარიგო მოთამაშეებმა - ალ-ფარუქ ამინუმ (11 ქულა, 10 მოხსნა), როდნი ჰუდმა (15) და ზაკ კოლინზმა (10). პორტლენდიდან საუკეთესო სი ჯეი მაკკოლუმი იყო - 20 ქულით.

მესამე მატჩი შაბათს გამთენიისას, პორტლენდში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში გამარჯვებული დასავლეთ კონფერენციის ფინალში გოლდენ სტეიტსა და ჰიუსტონს შორის მოგებულს შეხვდება. უორიორსი როკეტსს 2:0-ს უგებს...

📺 ვიდეო: დენვერი 90:97 პორტლენდი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები