Thumbnail
  • ქართველების ტობოლმა კახა ცხადაძის გაწვრთნილ ორდაბასისთან ფრედ 1:1 ითამაშა
  • კანკავამ ბოლო ტურის მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, კვეკვესკირმა სრულად ჩაატარა
  • კოსტანაის გუნდის ორი ფეხბურთელი მოიწამლა და საავადმყოფოში მოხვდა 

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს ჯაბა კანკავას ტრავმა აქვს. ამის შესახებ ყაზახური მედია იუწყება, რომლის ცნობით, 33 წლის ფეხბურთელს მარცხენა მუხლის მყესი აქვს დაზიანებული და ამის გამო კოსტანაის ტობოლს 1-ელ მაისს გამართულ, ყაზახეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის შეხვედრაშიც ვერ დაეხმარა. 

წინასწარი ვარაუდით, კანკავას ტრავმის მოსაშუშებლად 10-12 დღე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი ივნისში დაგეგმილი სანაკრებო თამაშებისთვის გამოჯანმრთელებასაც მოასწრებს და თამაშსაც. შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 7 ივნისს გიბრალტარს უმასპინძლებს, 10-ში კი სტუმრად დანიას დაუპირისპირდება. 

რაც შეეხება ტობოლს, ვლადიმირ გაზაევის გაწვრთნილი გუნდი ბოლო ტურში შინ კახა ცხადაძის ორდაბასის დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა - 1:1. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ნიკა კვეკვესკირმა.  

ნიკა კვეკვესკირი ორდაბასისთან აქტიური იყო

და კიდევ, კანკავასა და კვეკვესკირის გუნდში უცნაური და უსიამოვნო ფაქტი მოხდა - ტობოლის ორი ფეხბურთელი მწვავე მოწამვლის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. ბოლო ინფორმაციით, კოტდივუარელი თავდამსხმელის სენინ სებაის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ტობოლისა და ყაზახეთის ნაკრების მცველის დმიტრი მიროშნიჩენკოს მდგომარება მძიმეა. ამ ფაქტის გამო კოსტანაის გუნდიდან უკვე გაუშვეს ექიმი. 

კოსტანაის ტობოლს ყაზახეთის სუპერლიგაში ჩატარებული 8 მატჩის შემდეგ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ლიდერ ასტანას ჩამორჩება (9 მატჩი, 25 ქულა). 

კახა ცხადაძის გაწვრთნილი ორდაბასი 8 მატჩში მოპოვებული 13 ქულით ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები