Thumbnail

ადლერი აღარ იფრენს! ის გერმანიის ნაკრების პირველი მეკარე უნდა ყოფილიყო…

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რენე ადლერი იძულებულია, კარიერა დაამთავროს
  • 2010 წელს მას მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ეთამაშა

გერმანელმა მეკარე რენე ადლერმა, რომელსაც ერთ დროს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და რომელიც ოლივერ კანისა და იენს ლემანის ეპოქის შემდეგ, გერმანიის ნაკრების პირველი კიპერი უნდა ყოფილიყო, კარიერის დამთავრება გადაწყვიტა.

“სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილების მიღება უკვე აუცილებელი იყო, რადგან ჩემს სხეულს მეტი აღარ შეუძლია. ზედმეტად ხშირად ვიღებ ტრავმებს და კარიერის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს,” - განაცხადა მაინცის მეკარემ ჟურნალ ‘შტერნისთვის’ მიცემულ ინტერვიუში.

ადლერი, რომლის გვარიც გერმანულად არწივს ნიშნავს, კარიერას 34 წლის ასაკში ამთავრებს. რენე ერთი წლის წინ, მაინცის ვარჯიშზე დაშავდა და მუხლის მძიმე ტრავმამ იძულებული გახადა, კარიერა დაემთავრებინა. ადლერი ჰამბურგიდან მაინცში 2017 წელს გადავიდა, მაგრამ ტრავმების გამო ახალ კლუბში მხოლოდ 14 მატჩის ჩატარება მოასწრო. 

რენეს კარიერის საუკეთესო წლები ლევერკუზენსა და ჰამბურგში აქვს გატარებული. ბაიერის ღირსებას ის 2000-დან 2012 წლამდე იცავდა (138 მატჩი ბუნდესლიგაში), HSV-ში კი - 2012-დან 2017 წლამდე თამაშობდა (117 თამაში). ადლერმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ 12 შეხვედრის ჩატარება მოასწრო (2008-2013). არადა, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე რენე ბუნდესგუნდის პირველი მეკარე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბუნდესლიგის 31-ე ტურში ტრავმა მიიღო. 33-ე ტურში მან დაბრუნება სცადა, მაგრამ ოპერაცია აუცილებელი იყო და რენე მუნდიალზე ვეღარ წავიდა! მის ნაცვლად, გერმანიის ნაკრების კარში მსოფლიოს ჩემპიონატზე მანუელ ნოიერი ჩადგა. და მას მერე, მანუ ბუნდესგუნდის პირველი ნომერია...

 

კომენტარები

ბოლო ამბები