Thumbnail

'ეს იყო ტესტი, დიდი გამოცდილება მივიღეთ' - დათა ქაჯაიამ პირველი ეტაპი შეაფასა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველი მრბოლელი ევროპის ჩემპიონატზე (TCR Europe) ასპარეზობს
  • დათა ქაჯაიამ მეორე რბოლა მე-10 ადგილზე დაასრულა
  • მომდევნო ეტაპებზე მას პროგრესის იმედი აქვს

ტიტულოვანი ქართველი მრბოლელი დათა ქაჯაია ძარიანი ავტომობილებით ევროპის ჩემპიონატზე (TCR Europe) ასპარეზობს. ჩემპიონატი 7 ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი უნგრეთში, 'უნგარორინგზე' გაიმართა და მასში 37-მა მრბოლელმა მიიღო მონაწილეობა.

ქაჯაიას ახალი გუნდია PCR Sport with Georgia - დათა Seat Leon Cupra TCR-ით ასპარეზობს. კვალიფიკაციაზე დათამ 22-ე ადგილი დაიკავა, რასაც პირველი რბოლა და მე-17 ადგილი მოჰყვა. საჭირო გამოცდილების მიღების შემდეგ, ქაჯაიასთვის მეორე რბოლა გაცილებით წარმატებული იყო - მან დიდი ნახტომი გააკეთა და მე-10 ადგილი დაიკავა! შედეგად, ქართველმა მრბოლელმა 11 ქულა დააგროვა და საერთო ცხრილში მე-16 ადგილზეა, ლიდერი კი 57 ქულით ჟილ მაგნუსია. შესაბამისად, დათას მომდევნო ეტაპის წინ, რომელიც 25-26 მაისს გერმანაში, 'ჰოკენჰაიმზე' გაიმართება, დიდი მოტივაცია აქვს. მანამდე, დათამ popsport.com-ს პირველი ეტაპის შთაბეჭდილებები გაუზიარა.

დათა ქაჯაია TCR Europe-ზე SEAT León Cupra 300-ით ასპარეზობს

“ძალიან კარგ გუნდში მოვხვდი და მანქანასაც ვერაფერს დავუწუნებ. ერთი ეგაა, რომ ჩემპიონატში გვიან დავრეგისტრირდით და რადგან მანქანა არ იყო ადაპტირებული ევროპის ჩემპიონატთან, გადაწყობა და მომზადება ფორსირებულ რეჟიმში მოგვიწია. შემდეგი ეტაპისთვის ბევრ რამეს გავაუმჯობესებთ და მანქანას სრულყოფილად მოვამზადებთ. ჩავთვალოთ, რომ ეს იყო ტესტი და დიდი გამოცდილება მივიღეთ,” - აცხადებს დათა ქაჯაია.

მისი თქმით, უნგრეთის ეტაპი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიხებული: “პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ TCR EUROPE ასეთ მაღალ დონეზე აქამდე არასდროს ჩატარებულა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 37 უმაღლესი დონის მრბოლელი მონაწილეობდა. კვალიფიკაციაზე 19 მანქანის დრო 1-წამიან ინტერვალში იყო, რაც ყველაფერზე მეტყველებს". 

'საჭირო დროს ვრისკავდი, თუმცა სიფრთხილესაც ვიჩენდი. შედეგად, მეათე ადგილამდე ავედი'

როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ქართველმა მრბოლელმა კვალიფიკაცია 22-ე ადგილზე დაასრულა, თუმცა შემდეგ შესანიშნავად ირბოლა და მე-10 ადგილი დაიკავა. უნგრული რბოლის პერიპეტიებს დათა დეტალებში იხსენებს: “ვარჯიშის დროს ინცინდენტი მომივიდა და კვალიფიკაციამდე ერთი საათით ადრე, მანქანა მწყობრიდან გამოვიდა. ასეთ მცირე დროში, ავტომობილის სრულყოფილად გამართვა ვერ მოვასწარით და შედეგად, 22-ე ადგილი დავიკავე. მაღალი შედეგისთვის უშეცდომოდ რბოლა იყო საჭირო და მეც სწორედ ამას ვეცადე. საჭირო დროს ვრისკავდი, თუმცა სიფრთხილესაც ვიჩენდი. შედეგად, მეათე ადგილამდე ავედი. რბოლიდან ერთ საათში წვიმა წამოვიდა და ამანაც გაართულა საქმე. ერთი სიტყვით, ძალიან დაძაბული და საინტერესო რბოლა გამოვიდა.”

უნგარორონგზე რბოლა ძალიან დაძაბული გამოვიდა

ბოლოს, დათამ ევროპის ჩემპიონატზე დასახულ მიზანზე ისაუბრა: “ჯერ მხოლოდ პირველი ეტაპი იყო და ყველაფერი წინ არის. ჩვენი მიზანია, რომ სტაბილურად დავაგროვო ქულები, ლიდერებში ვიყო და საბოლოო ჯამში, მაღალი ადგილი დავიკავო. მოუთმენლად ველოდები ჰოკენჰაიმის ეტაპს, სადაც უფრო მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლებ."

კომენტარები

ბოლო ამბები