Thumbnail
  • მილანი სეზონის დასრულების შემდეგ ჯენარო გატუზოსთან დამშვიდობებას აპირებს
  • ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ იტალიაში დაბრუნება არ ისურვა
  • როსონერიში მთავარი მწვრთნელობის ოთხი კანდიდატიდან ორი პრიორიტეტულია

მილანის ხელმძღვანელობამ იმ სპეციალისტთა ჩამონათვალი შეადგინა, რომლებსაც სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ჯენარო გატუზოს ჩანაცვლება შეუძლიათ. 

მეტი ამ თემაზე: მილანი მომავალ სეზონში - ფორმა უკვე ცნობილია, მწვრთნელი?

იტალიური მედიის ინფორმაციით, როსონერიში ყველაზე მეტად ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრნელის მაურიციო სარის მიწვევით იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ როგორც ირკვევა, სპეციალისტის გეგმებში ლონდონის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება არ შედის და სარიმ მილანელებს ამის შესახებ უკვე აცნობა.

La Gazzetta dello Sport წერს, რომ ახლა მილანის მთავარი მწვრთნელობის მთავარი კანდიდატები ეუსებიო დი ფრანჩესკო და ჯანპიერო გასპერინი არიან. 

მილანმა არჩევანი დი ფრანჩესკოსა და  გასპერინს შორის უნდა გააკეთოს

49 წლის ეუსებიო დი ფრანჩესკო ბოლოს რომას წვრთნიდა, მაგრამ თანამდებობიდან ამ გაზაფხულზე, ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში, პორტუსთან წაგების შემდეგ გაათავისუფლეს და აქამდე უმუშევარია. რაც შეეხება 61 წლის ჯანპიერო გასპერინის, სპეციალისტი ამჟამად ბერგამოს ატალანტას ხელმძღვანელობს, რომელიც იტალიის თასის ფინალშია გასული, სერია A-ში კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. მილანში მოსწონთ ის, თუ როგორ შეუძლიათ ამ სპეციალისტებს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა, ასევე - მათი სათამაშო სტილი. 

როსონერის გაფართოებულ სიაში კიდევ ორი მწვრთნელია - ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო) და მარკო ჯამპაოლო (სამპდორია), თუმცა მათი მიწვევა კლუბისთვის პრიორიტეტული არაა. 

მილანი სერია A-ში გასული 34 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს. ჯენარო გატუზოს გუნდს 3 ქულა აშორებს მეოთხე ადგილს, რომელიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის გარანტირებულ საგზურს იძლევა.

კომენტარები

ბოლო ამბები