Thumbnail

მესი მარადონაზე წინ? ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები ქვეყნების მიხედვით

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • Marca ქვეყნების მიხედვით ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეებს გამოკითხვით ავლენს
  • ლეო მესი მარადონას სჯობნის, რონალდოსა და რონალდინიოს პელეზე მეტი ხმა აქვთ   

ობიექტურად ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება შეუძლებელია. მაგალითად, გულშემატკივრების უმეტესობა ასეთად ლიონელ მესის მიიჩნევს, რომელმაც ბარსელონას მაისურით აურაცხელი რაოდენობის გოლი შეაგდო და ყველა შესაძლებელი ტიტული მოიგო. მაგრამ არსებობს კონტრარგუმენტი - 31 წლის ფეხბურთელმა არგენტინასთან ერთად ვერც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და ვერც - კოპა ამერიკა. 

თუკი მუნდიალის მოგებაზე მიდგება საქმე, ეს შეძლეს პელემ და დიეგო მარადონამ, შესაბამისად, ბრაზილიასა და არგენტინასთან ერთად, კრიშტიანო რონალდოს კი საკლუბო დონეზე მიღწეული წარმატებების გარდა, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევრო 2016-იც აქვს მოგებული.

ერთი სიტყვით, აქ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, უპირატესობას რას მივანიჭებთ - ინდივიდუალურ თუ გუნდურ, სანაკრებო თუ საკლუბო მიღწევებს. ესპანურმა გაზეთმა Marca-მ კი ეს საქმე მკითხველებს მიანდო და ახლახან ქვეყნების მიხედვით ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელების გამოსავლენად გამოკითხვა წამოიწყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ლეო მესისა და დიეგო მარადონას შორის დიდი ბრძოლა გაჩაღდა - ამ დროისთვის ლეოს ხმათა 53% აქვს, დიეგოს - 42%, ხოლო ალფრედო დი სტეფანოს - 5%. 

კიდევ უფრო დაძაბულია პირველობისთვის ბრძოლა ბრაზილიაში, სადაც 34-34% რონალდოსა და რონალდინიოს აქვთ, პელეს კი - 30%. უპირატესობა ნეიმარს მხოლოდ 2%-მა მიანიჭა.

თანაბრად გადანაწილდა ხმები ესპანეთშიც. ჩავი ერნანდესსა და ანდრეს ინიესტას 29-29% აქვთ. 20% უპირატესობას იკერ კასილიასს ანიჭებს, 19% კი - რაულს.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებსა და მათ რჩეულებს, გამოკითხვაში ეს ფეხბურთელები ლიდერობენ:

პორტუგალია - კრიშტიანო რონალდო (81%)
საფრანგეთი - ზინედინ ზიდანი (89%)
გერმანია - ფრანც ბეკენბაუერი (40%)
იტალია - პაოლო მალდინი (60%)
ხორვატია - ლუკა მოდრიჩი (64%)
ჰოლანდია - იოჰან კრუიფი (55%)
კოლუმბია - კარლოს ვალდერამა (41%)
ურუგვაი - დიეგო ფორლანი (81%)
ჩილე - ივან სამორანო (50%)
დანია - პიტერ შმეიხელი (73%)
შვედეთი - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (89%)

კომენტარები

ბოლო ამბები