Thumbnail

'ირლანდიურმა კომპანიამ ყველაზე სარფიანი პირობები შემოგვთავაზა' - დავით მუჯირი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სფფ-ს გენერალურმა მდივანმა ახალ პარტნიორთან დაკავშირებით ისაუბრა
  • დავით მუჯირის თქმით, INSTAT LTD ირლანდიური კომპანიაა

ბოლო დღეებში, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები გავრცელდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალ პარტნიორ კომპანიასთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის მატჩების სატელევიზიო ტრანსლირებას უზრუნველყოფს. ერთ-ერთი ვერსიით, INSTAT LTD რუსული კომპანიაა, რამაც გულშემატკივართა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს კომპანია ირლანდიურია და სწორედ ამ კომპანიამ შესთავაზა სფფ-ს ყველაზე სარფიანი წინადადება. ამ თემაზე ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ისაუბრა.

დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი)

“მინდა ვისაუბრო იმ სიახლეების შესახებ, რომელიც დაინერგა 2019 წლის აპრილიდან ეროვნულ ლიგაში. უკვე მესამე წელია, რაც სფფ უზრუნველყოფს ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური მატჩების პირდაპირ ტრანსლიაციას. ამ მიმართულებით გვაქვს სიახლე და ფედერაციას ჰყავს ახალი პარტნიორი, ირლანდიური კომპანია 'ინსტატ ლიმიტედი'. ეს არის მსოფლიოში ცნობილი კომპანია, რომელიც უზრუნველოფს მატჩების ტრანსლირებას და ამავე დროს, გულშემატკივრებისთვის, მწვრთნელებისთვის და კლუბებისთვის საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებას. სტატისტიკა არის როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური. ამ სტატისტიკის ინტეგრირება მოხდა ეროვნული ლიგის მატჩების ტრანსლიაციებში.

ამ კომპანიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შესთავაზა ყველაზე სარფიანი წინადადება ჯერ რეპორტაჟების ტრანსლირებასთან დაკავშირებით და შემდეგ, დამატებით, ამ სტატისტიკის ინტეგრირებასთან დაკავშირებით. კომპანიასთან გვაქვს 6-თვიანი ხელშეკრულება და ტრანსლაციები მიმდინარეობს სატესტო რეჟიმში. ამ შეთანხმებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაზოგავს 200 000 ლარს, ეს თანხა კი დაიხარჯება სხვა პროექტებში.

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო განვითარდეს ქართული ფეხბურთი. წელს დაგეგმილი გვაქვს, რომ არა მარტო ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის, არამედ ეროვნული ლიგა 3-ის და ეროვნული ლიგა 4-ის ცენტრალური მატჩების ტრანსლირებაც მოხდეს და ამ მხრივაც დავაკმაყოფილოთ გულშემატკივრის ინტერესი".

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, CrystalBet ეროვნული ლიგის ახალი პარტნიორი კომპანიის, INSTAT LTD-ის შესახებ ისაუბრებს.

Posted by Georgian Football Federation on სამშაბათი, 30 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები