Thumbnail

როგორ დამეგობრდნენ მტრები - ალან პროსტმა აირტონ სენაზე ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პირველ მაისს აირტონ სენას დაღუპვიდან 25 წელი გადის
  • ალან პროსტმა ლეგენდარული ბრაზილიელი გაიხსენა
  • ფრანგი ყვება, როგორ გადაიზარდა მათი მტრობა მეგობრობაში

სენა პროსტის წინააღმდეგ - ეს ფორმულა 1-ის ისტორიის ნაწილია!

‘თავს უკვე სხვა განზომილებაში ვგრძნობდი. თითქოს გვირაბში ვიყავი,’ - როცა აირტონ სენა ასეთ რაღაცებს ამბობდა, მის გულშემატკივრებს სისხლი ეყინებოდათ ხოლმე. რბოლისას ტრანსში ვარდებოდა, რბოლის შემდეგ კი ამბობდა, როცა ჩემს პირად ლიმიტს ვცდები, ღმერთს ვუახლოვდებიო.

სენა ყოველთვის უფრო მეტ სისწრაფეს ესწრაფვოდა და ისეთ წინადადებებს, როგორებიც ზემოთ მოვიყვანეთ, საინტერესო, ყველა სხვა პილოტისგან გამორჩეული გამომეტყველებით ამბობდა. ამ დროს მისი მთავარი კონკურენტი და ‘დაუძინებელი მტერი’ ალან პროსტი, როგორც წესი, ასეთ კომენტარებს აკეთებდა ხოლმე: ‘აირტონი ფიქრობს, რომ უკვდავია, რადგან ღმერთის სწამს. მე მგონია, რომ ეს საშიშია.’

ფრანგი იმის გამო ბრაზდებოდა, რომ გულჩათხრობილი სენა ყველაფერზე წამსვლელი იყო იმ დროს, როცა წინ პროსტის ბოლიდს ხედავდა. ოღონდ მისთვის გაესწრო და აირტონი ნებისმიერ რისკზე მიდიოდა - ახალგაზრდა, ანგელოზის გამომეტყველების მქონე ბიჭი უცებ ქილერად გადაიქცეოდა ხოლმე და წაგებას ის ერჩივნა, რომ კონკურენტები გზიდან დარტყმით ჩამოეშორებინა. ალან პროსტს ამ თემაზე ‘დისერტაციები’ აქვს დაცული…

აირტონ სენა და ალან პროსტი

ლეგენდარული ავტომრბოლის ტრაგიკულად დაღუპვიდან 25 წლის შემდეგ, ალან პროსტმა მათ შორის კონკურენციაზე ისაუბრა.

‘დღე არ გავა, რომ სენას და ჩემი კონკურენციის შესახებ ახალი განცხადება არ შემხვდეს. სოციალურ ქსელებში თითქმის ყოველდღე ვკითხულობ, როგორ ვებრძოდით ერთმანეთს აირტონი და მე. ეს მართლაც ფენომენალური კონკურენცია იყო. ჩვენ დიდი გავლენა გვქონდა ადამიანების განწყობაზე,’ - განაცხადა სენამ AFP-სთან ინტერვიუში.

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი პროსტი, რომელიც უკვე 64 წლისაა და სენა ფორმულა 1-ში 80-იან და 90-იან წლებში დომინირებდნენ. 1988 და 1989 წელს ორივე მაკლარენში იყო.

‘აირტონ სენასთან არა მარტო კარიერა, არამედ მთელი ჩემი ცხოვრება მაკავშირებს’ - აცხადებს ფრანგი.

ალან პროსტი ფორმულა 1-დან 1993 წელს წავიდა, 1994 წლის პირველ მაისს კი აირტონ სენა იმოლაზე, 34 წლის ასაკში დაიღუპა. ‘ჩემი კარიერის დასრულებიდან იმ ტრაგიკულ დღემდე აირტონი და მე მეგობრები ვიყავით. ეს იყო შესანიშნავი მეგობრობის 6 თვე. დღე ისე არ გადის, რომ აირტონ სენა არ გამახსენდეს,’ - ამბობს პროსტი.

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი 2019 წელს?

  • ლუის ჰემილტონი
  • სებასტიან ფეტელი
  • მაქს ფერსტაპენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები