Thumbnail
  • ფილადელფიამ ტორონტო სტუმრად 94:89 დაამარცხა
  • სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 1:1
  • კავაი ლეონარდის ბრწყინვალე სერია შეწყდა
  • დენვერმა პორტლენდს 121:113 მოუგო

კავაი ლეონარდს ფილადელფიასთან უნიკალური სერია ჰქონდა, რომლითაც ამიერიდან ვეღარ იამაყებს. ტორონტოს სუპერვარსკვლავს თავის კარიერაში სიქსერსთან 14 თამაშიდან ყველა მოგებული ჰქონდა, ახლა კი, მე-15 დუელი წააგო. კონფერენციის ნახევარფინალში ფილამ რეპტორსს სტუმრად 94:89 მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

პირველ მატჩში 45 ქულის ჩაგდების შემდეგ, კავაიმ ამჯერად 35 ქულა დააგროვა და მაინც მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო. სიქსერსიდან ყველაზე მეტი ქულა ჯიმი ბატლერმა დააგროვა - 30. ჯოელ ემბიიდს გრიპი აქვს, მაგრამ მაინც ითამაშა და 12 ქულის მოპოვება შეძლო.

რეპტორსმა თამაში ცუდად დაიწყო - ტორონტოელებმა პირველი 8 მცდელობიდან მხოლოდ 2 ჩააგდეს და ზედიზედ 7 სამქულიანი ვერ გამოიყენეს. ფილადელფიას კალათბურთელები კი პირველივე წუთებიდან კარგად ისროდნენ. მიუხედავად ამისა, ლეონარდმა და კომპანიამ 19-ქულიანი ჩამორჩენაც კი აღმოფხვრეს, მაგრამ მეოთხე პერიოდის საწყის წუთებში თამაში ისევ არ წაუვიდათ. პასკალ სიაკამმა ბოლო წუთზე სხვაობის ერთ ქულამდე შემცირება შეძლო, მაგრამ საფინალო სირენამდე 24 წამით ადრე ჯოელ ემბიიდმა სტატუს კვო აღადგინა. საპასუხოდ, დენი გრინმა სამიანი ვერ ჩააგდო, ტობიას ჰარისმა კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 94:89 ფილას სასარგებლოდ.

სერიის მესამე დუელი ხუთშაბათს გამთენიისას, ახლა უკვე ფილადელფიაში გაიმართება.

📺 ვიდეო: ტორონტო 89:94 ფილადელფია (მიმოხილვა)

დენვერი დაწინაურდა!

დასავლეთ კონფერენციის პირველ ნახევარფინალურ მატჩში დენვერმა საკუთარ დარბაზში პორტლენდი 121:113 დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა. საუკეთესი ლილარდი გახლდათ - 39 ქულით. ნაგეთსიდან ყველაზე მეტი, 37 ქულა იოკიჩმა ჩააგდო (პლუს 9 მოხსნა). პორტლენდიდან კარგად ითამაშა ენეს კანტერმაც, რომლის ანგარიშზე 26 ქულა და 7 მოხსნაა.

📺 ვიდეო: ლილარდი V იოკიჩი

კომენტარები

ბოლო ამბები