Thumbnail

‘ყველაფერი საშინელება იყო!’ - ზინედინ ზიდანმა ფეხბურთელებს შეუტია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რაიო ვალეკანოსთან წაგების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა ფეხბურთელები მკაცრად გააკრიტიკა
  • ფრანგს ურჩევნია, რომ სეზონი დამთავრებული იყოს

ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, რეალი გაჩემპიონებულ ბარსელონას 18 ქულით ჩამორჩება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კატალონიურ გრანდს ჰეთ-თრიკის შესრულება შეუძლია, ადვილი წარმოსადგენია, როგორ ხასიათზე უნდა იყოს მადრიდელთა პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი. კატასტროფულ მდგომარეობას ისიც დაემატა, რომ კვირას, რეალი აუტსაიდერ რაიო ვალეკანოსთან დამარცხდა და ეს იყო ‘სამეფო კლუბის’ მე-16 წაგება ამ სეზონის ოფიციალურ მატჩებში (10 ლა ლიგაში, 2 თასზე, 3 ჩემპიონთა ლიგაში და ერთიც ევროპის სუპერთასზე). ასეთი საშინელი სეზონი რეალს ბოლოს 2008/2009 წლების სეზონში ჰქონდა.

“ყველაფერი ცუდი იყო, - ასე დაიწყო მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია, - არც ფეხბურთელების განწყობა მომეწონა და არც მათ მიერ ნაჩვენები ფეხბურთი. საერთოდ ვერაფერი შევძელით. ვერ მოვიგეთ ორთაბრძოლები, არ დავრბოდით - არაფერი! მომხდარს ვერაფრით ავხსნი, თავის მართლების საფუძველი არ არსებობს!”

რეალმა ლა ლიგის ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო და ლოგიკურია ის, რასაც ზიდანი აღიარებს: “ნამდვილად მირჩევნია, რომ სეზონი უკვე დამთავრებული იყოს, მაგრამ კიდევ სამი მატჩი დაგვრჩა და სხვანაირად უნდა ვითამაშოთ. პატივი უნდა ვცეთ ფეხბურთს და ამ კლუბს!”

რეალში დაბრუნების შემდეგ, ზიზუმ თავის ფეხბურთელებს ასე მკაცრად პირველად შეუტია: “ჩემს მოთამაშეებს ყოველთვის დავიცავ, მაგრამ დღეს არა! ასე თამაში არ შეიძლება. თუმცა პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ,” - აღნიშნა 46 წლის ფრანგმა. რეალმა რაიოსთან მომენტები თითქმის ვერ შექმნა და ძალიან ეტყობოდა ქარიმ ბენზემას არყოფნა, რომელმაც მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. რეალის ბოლო 8 გოლი სწორედ ბენზემას ანგარიშზეა - სხვა მადრიდელმა ლა ლიგაში გოლი ბოლოს 31 მარტს გაიტანა.

რეალის საუკეთესო მომენტი რაიოსთან გარეთ ბეილმა ვერ გამოიყენა. მატჩის შემდეგ უელსელი გუნდის ავტობუსში არ ავიდა - ის პირადი ავტომობილით წაიყვანეს აეროპორტში. “არ ვიცი, რამდენად მონდომებულია ბეილი. ეს მას უნდა ჰკითხოთ,” - განაცხადა ზიდანმა და უკვე ცხადია, რომ უელსელი ზაფხულში მადრიდულ გრანდს დატოვებს.

კითხვაზე, ნანობს თუ არა რეალში დაბრუნებას, ზიზუმ ასე უპასუხა: “არაფერს ვნანობ, პირიქით! ასეთ რთულ სიტუაციებს უნდა გავუძლო. ფაქტია, რომ ასე არ უნდა ვთამაშობდეთ და ფაქტია, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი.”

მიუხედავად რაიო ვალეკანოსთან წაგებისა, რეალმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ოფიციალურად გაინაღდა, რადგან სევილია (0:1 ჟირონასთან) და ხეტაფეც (1:2 რეალ სოსიედადთან) დამარცხდნენ. მომდევნო ტურში რეალი ვილიარეალს უმასპინძლებს...

კომენტარები

ბოლო ამბები