Thumbnail

ტრაგედია თურქეთში - ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელი ავარიის შემდეგ დაიღუპა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩეხეთი 28 წლის თავდამსხმელს გლოვობს
  • ალანიასპორის ფორვარდი ავტოავარიის შემდეგ გარდაიცვალა
  • იოზეფ შურალს ჩეხეთის ნაკრებში 20 მატჩი ჰქონდა ჩატარებული

დიდი ტრაგედია თურქეთში! ქაისერისპორისა და ალანიასპორის მატჩის (1:1) შემდეგ, სტუმარი გუნდის 28 წლის თავდამსხმელი იოზეფ შურალი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა!

თურქული კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, გასვლითი მატჩის შემდეგ, შურალი და მისი 6 თანაგუნდელი მინიბუსით ბრუნდებოდნენ - ავარიის შედეგად ჩეხი ფეხბურთელი მძიმედ დაშავდა და კლინიკაში გარდაიცვალა.

თურქული მედიის ინფორმაციით, მინიბუსის მძღოლს ჩაეძინა

თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu News-ის ცნობით, მინიბუსის მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. კლუბის თავმჯდომარე ჰასან ჩავუსოღლუ აცხადებს, რომ მძღოლი გადაღლილი იყო და საჭესთან ჩაეძინა. მინიბუსს მეორე მძღოლიც ჰყავდა, რომელსაც ავარიის მომენტში ასევე ეძინა. დანარჩენი ფეხბურთელების მდგომარეობა კრიტიკული არ არის.

იოზეფ შურალი ალანიასპორში ზამთარში გადავიდა

შურალი თურქულ კლუბში ზამთარში, პრაღის სლავიადან გადავიდა. ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მონაწილემ ახალ კლუბში 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. კვირას მას არ უთამაშია. ფორვარდს, რომელმაც ჩეხეთის ნაკრებში 20 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, კარიერის საუკეთესო მიღწევები სამშობლოში ჰქონდა, სადაც ლიბერეცთან ერთად 2011/2012 წლების სეზონში ჩეხეთის ჩემპიონი გახდა, 2014/2015 წლების სეზონში კი თასი მოიგო.

“იოზეფი თავმდაბალი და გულახდილი პიროვნება იყო. უდიდესი ტრაგედია მოხდა!” - ეს ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იაროსლავ შილჰავის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები