Thumbnail
  • NBA-ში კონფერენციების ნახევარფინალები დაიწყო
  • გოლდენ სტეიტმა ჰიუსტონს პირველი თამაში 104:100 მოუგო
  • ჯეიმს ჰარდენს არცისე კარგი დღე ჰქონდა
  • უორიორსის გამარჯვება კევინ დურანტის დამსახურებაა

გოლდენ სტეიტისა და ჰიუსტონის პირველ დუელს დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში, მთელი საკალათბურთო სამყარო მოუთმენლად ელოდა, რადგან ბევრი ამ დაპირისპირებას NBA-ს ნაადრევ ფინალს უწოდებს. თამაშმა იმედები გაამართლა - შეხვედრა პირველიდან ბოლო წუთამდე დაძაბული იყო და საბოლოოდ ვიხილეთ თრილერი, რომელიც მოქმედმა ჩემპიონმა 104:100 მოიგო და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

კევინ დურანტი და ჯეიმს ჰარდენი

ოკლენდის ‘ორაკლ არენაზე’ გოლდენ სტეიტის საუკეთესო მსროლელი ისევ კევინ დურანტი გახლდათ - ლოს ანჯელეს კლიპერსთან შესანიშნავი თამაშების (45 და 50 ქულა) შემდეგ, უორიორსის სუპერვარსკვლავმა ჰიუსტონს 35 ქულა ჩაუგდო და ამასთან ერთად, 5 მოხსნა და 3 პასიც მიითვალა. დურანტმა 25 მცდელობიდან 11 ჩააგდო (აქედან ერთი სამქულიანი).

მატჩის შემდეგ, გოლდენ სტეიტის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა კევინი მაგრად შეაქო და ის თვით მაიკლ ჯორდანსაც კი შეადარა: ”ამ ტიპს მაიკლს ვამსგავსებ, რომლის გვარიც დამავიწყდა, - იხუმრა კერმა, - ბოლო კვირებში მისი თამაში უბრალოდ დაუჯერებელია. ამ კვირაში უკვე რამდენჯერმე ვთქვი და ახლაც სიამოვნებით გავიმეორებ: ის მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი კალათბურთელია! ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერია მათ შორის, ვისაც კალათბურთი ოდესმე უთამაშია. მისი მსგავსი ჯერ არავინ ყოფილა!”

თუმცა გოლდენ სტეიტი მხოლოდ დურანტი არ იყო და არც არის: სტეფ კარის (18 ქულა), ანდრე იგუდალას, დრეიმონდ გრინის (ორივე 14) და კლეი ტომპსონის (13) სახით, უორიორსის კიდევ ოთხმა კალათბურთელმა შეძლო 10 ქულაზე მეტის ჩაგდება. გრინს 9 მოხსნა და ამდენივე პასიც ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

📺 ვიდეო: კევინ დურანტის ბრწყინვალე თამაში ჰიუსტონთან

ჰიუსტონიდან ყველაზე მეტი, 35 ქულა, რა თქმა უნდა, MVP-ობის კანდიდატმა ჯეიმს ჰარდენმა დააგროვა, მაგრამ როკეტსის სუპერვარსკვლავს ნამდვილად არ ჰქონდა საუკეთესო დღე. მან ჯამში 28 მცდელობიდან მხოლოდ 9 ჩააგდო (აქედან, 16 მცდელობიდან 4 სამქულიანი). სამაგიეროდ, ჰარდენმა 14-დან 13 ჯარიმა მოათავსა კალათში და საბოლოოდ, დურანტის მსგავსად, 35 ქულას (6 პასი, 4 მოხსნა) დასჯერდა. ჰიუსტონიდან შესანიშნავად ითამაშა ერიკ გორდონმა, რომლის ანგარიშზე 27 ქულაა (19-დან 10). კრის პოლმა 17 ქულის დაგროვება შეძლო. ბოლო წამებზე მას ნერვებმა უმტყუნა და გააძევეს.

📺 ვიდეო: კრის პოლის გაძევება

ერთი სიტყვით, გოლდენ სტეიტმა ჰიუსტონთან პირველი საშინაო, მოსაგები მატჩი მოიგო, თუმცა როკეტსის მოთამაშეებს შეუძლიათ, იმედიანად იყვნენ განწყობილები. მომდევნო დუელი ისევ ოკლენდში, ოთხშაბათს გამთენიისას შედგება და თუ ჰარდენი უფრო ეფექტიანად ითამაშებს, ჰიუსტონს ნამდვილად ექნება შანსი. მნიშვნელოვანია, რომ პირველ თამაშში, საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე, როკეტსს ჯერ კიდევ ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შანსი - ჰარდენმა სამიანი ისროლა, მაგრამ ვერ ჩააგდო. ჯეიმსი ფიქრობს, რომ იმ მომენტში გრინმა თამაშის წესები დაარღვია: “მე მხოლოდ სამართლიან შანსს ვითხოვ, - უკმაყოფილო იყო ჰარდენი მსაჯობით, - გააკეთონ არბიტრებმა თავიანთი საქმე და შედეგს მივიღებ!”

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის პირველ რაუნდში გოლდენ სტეიტს ლოს ანჯელეს კლიპერსის დამარცხება მოსალოდნელზე მეტად გაუჭირდა (4:2), ჰიუსტონმა კი იუტა ჯაზს გაცილებით მარტივად, 4:1 მოუგო.

📺 ვიდეო: გოლდენ სტეიტი 104:100 ჰიუსტონი (მიმოხილვა)

ბოსტონმა მილუოკის მოუგო!

აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალის პირველ დუელში ბოსტონ სელტიკსმა სტუმრად მილუოკი ბაქსის დამარცხება შეძლო - იანის ანტეტოკუნმპოს გუნდმა 90:112 წააგო. ბრწყინვალე იყო სელტიკსის ლიდერი კაირი ირვინგი, რომელმაც 26 ქულითა და 11 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა და 7 მოხსნაც მიითვალა. იანისი 22 ქულას და 8 მოხსნაც დასჯერდა. ბოსტონიდან კი ოლ ჰორფორდიც გამოირჩა - 20 ქულა, 11 მოხსნა.

📺 ვიდეო: მილუოკი 90:112 ბოსტონი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები