Thumbnail
  • NBA-ში პლეი ოფის II წრე დაიწყო
  • დენვერი 90:86 სან ანტონიო
  • ტორონტო 108:95 ფილადელფია

NBA-ში პლეი ოფის II წრე დაიწყო - კონფერენციების ერთი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. ასევე გაირკვა ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა დასავლეთ კონფერენციაში - მე-7 გადამწყვეტ მატჩში დენვერ ნაგეთსმა სან ანტონიო სპურსი დაამარცხა და გათამაშებიდან გამოაგდო. 

დენვერი 90:86 სან ანტონიო

რეგულარულ სეზონში მე-2ადგილზე გასულ დენვერ ნაგეთს 7 თამაში დასჭირდა სან ანტონიო სპურსის დასამარცხებლად (4:3). გამარჯვებულთა შორის ლეგიონერები გამოირჩნენ - კანადელმა ჯამალ მარეიმ გუნდს 23 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მოუტანა, ხოლო სერბმა ნიკოლა იოკიჩმა სამმაგი დუბლი მიითვალა - 21 ქულა, 15 მოხსნა და 10 ასისტი. 11 ქულა ჩააგდო გარი ჰარისმა.

ნიკოლა იოკიჩმა სამმაგი დუბლი მიითვალა

სანანტონიოელთა რიგებში ყველაზე მეტი ქულა სათადარიგო რუდი გეიმ ჩააგდო - 21 ქულა, რასაც 8 მოხსნა და 2 ბლოკი დაუმატა. ბრაიან ფორბსის ანგარიშზე 19 ქულაა. წინა თამაშის გმირებმა დემარ დეროზანმა (19 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი) და ლამარკუს ოლდრიჯმაც (16 ქულა, 11 მოხსნა) კარგად ითამაშეს, მაგრამ ეს მოგებისთვის საკმარისი არ გამოდგა. 

ნაგეთსი თავიდანვე აკონტროლებდა თამაშს, სან ანტონიომ თამაშიდან პირველი 12 სროლიდან 11 ააცილა. თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და დაძაბული ბოლო წამები მივიღეთ. აი, მაშინ დაუშვა ლამარკუს ოლდრიჯმა მიუტევებელი შეცდომა, ნიკოლა იოკიჩზე დროულად არ დაჯარიმდა და მეტოქეს დროის გაყვანის საშუალება მისცა. გრეგ პოპოვიჩი ოლდრიჯისგან ჯარიმის აღებას გაშმაგებით მოითხოვდა, მაგრამ Pepsi Center ისე ბობოქრობდა, რომ ოლდრიჯმა ვერაფერი გაიგო. "ისეთი ხმაური იყო დარბაზში, რომ ვერაფერი გავიგე", - განაცხადა მატჩის შემდეგ ოლდრიჯმა.

📺 ოლდრიჯის შეცდომა 

ნიკოლა იოკიჩი სულ მესამე კალათბურთელია ასოციაციის ისტორიაში, ვინც თავის პირველ პლეი ოფში შეძლო სამმაგი დუბლის ჩვენება. მანამდე ეს მხოლოდ მეჯიკ ჯონსონმა და ლებრონ ჯეიმსმა შეძლეს. კონფერენციის ნახევარფინალში ნაგეთსის მეტოქე პორტლენდი იქნება. 

📺 ნილოლა იოკიჩის ტრიპლი 

ტორონტო 108:95 ფილადელფია

აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ ნახევარფინალურ თამაშში რეპტორსმა სიქსერსს 13-ქულიანი სხვაობით მოუგო. კავაი ლეონარდი კარიერაში მე-14-ედ დაუპირისპირდა ფილადელფიას და მე=14-ედ მოუგო და მან ეს საოცარი თამაშით შეძლო - 45 ქულა და 11 მოხსნა ექსსანანტონიოელი ფორვარდის ანგარიშზე!

კავაი ლეონარდო შეუჩერებელი იყო

გამარჯვებულთა რიგებში კიდევ ერთი მოთამაშე გამოირჩა - პასკალ სიაკამი - 29 ქულა და 7 მოხსნა. მართალია, ფილადელფიას ხუთივე სასტარტო და ერთი სათადარიგო გადაცდა 10-ქულიან ზღვარს, მაგრამ ამან ვერ უშველა გუნდს. ჯოელ ემბიიდმა 16 ქულა და 8 მოხსნა, ტობიას ჰარისმა 14 ქულა და 15 მოხსნა, ხოლო ბენ სიმონსმა 14 ქულა და 9 მოხსნა მიითვალეს. 

"ინდივიდუალური წარმატება ჩემთვის მთავარი არ არის. დიდებულია, როცა ამას მიაღწევ, მაგრამ მთავარი მოგებაა, რისთვისაც ამ თამაშს ვთამაშობთ", - განაცხადა მატჩის გმირმა.  

📺 კავაი ლეონარდის 45 ქულა 

კომენტარები

ბოლო ამბები