Thumbnail

ტიტები საქართველოს თასის მფლობელია! ილია ლონდარიძე მატჩის MVP

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საკალათბურთო სუპერლიგის დებიუტანტი პირველად მონაწილეობდა თასის გათამაშებაში
  • ტიტებმა ფინალურ შეხვედრაში სუპერლიგის შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი დაამარცხა

საკალათბურთო კლუბი ტიტები საქართველოს თასის მფლობელია! სუპერლიგის დებიუტანტმა გუნდმა, რომელიც პირველად მონაწილეობდა თასის გათამაშებაში, ტიტული მოიგო. ფინალურ მატჩში ტიტებმა სუპერლიგის შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი და მიმდინარე რეგულარულის მეორეადგილოსანი მგზავრები დაამარცხა.

თამაში ტიტების უპირატესობით წარიმართა
ფოტოები: GBF.GE-დან

აღსანიშნავია, რომ ილია ლონდარიძე ფინალური მატჩის და მთლიანად, თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშე გახდა, რომელმაც 26 ქულა და 11 მოხსნაა მიითვალა აქტივში.  უპირველეს ყოვლისა, ტიტებმა შესანიშნავად ითამაშეს დაცვაში, რის ხარჯზეც მოახერხეს სუპერლიგის ყველაზე სწრაფი და ზუსტი შეტევის მქონე გუნდის შეჩერება. 

თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, გამყრელიძის გუნდი სოლიდურ უპირატესობას დაეუფლა. ტიტებმა მესამე პერიოდი 29:15 მოიგო და ბოლო ათწუთულის წინ, 19 ქულით დაწინაურდა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთზე ნაკლები რჩებოდა, როდესაც სხვაობა 20 ქულა იყო და ნათელი გახლდათ, რომ მგზავრები თამაშს ვეღარ გადაარჩენდა. დარჩენილ დროში სხვაობა 11 ქულამდე შემცირდა და საბოლოოდ, ტიტებმა 96:85 გაიმარჯვა.

ილია ლონდარიძე მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა

როგორც აღვნიშნეთ, მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე ილია ლონდარიძეა 26 ქულით და 11 მოხსნით. 25 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი მიითვალა აქტივში კაშიმ რენსომმა. ლუკ მეოერმა გამარჯვებულებს 19 ქულა შესძინა. მგზავრებში 33 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. 26 ქულა და 8 პასი ადიან ბოუიმ მიითვალა.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. თასის მფლობელები მედლებით კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და  გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა დააჯილდოვეს. თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშე ილია ლონდარიძეს შესაბამისი პრიზი გადაეცა. ტიტები საქართველოს თასის მფლობელია!

ტიტები საქართველოს თასის მფლობელია

 

კომენტარები

ბოლო ამბები