Thumbnail

ნამდვილი რურის დერბი 6 გოლით, 2 გაძევებით - დორტმუნდი ოცნებას დაშორდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დორტმუნდი 2:4 შალკე
  • რურის დერბიში მასპინძლებს მარკო როისი და მარიუს ვოლფი გაუძევეს
  • სტუმართა შორის დუბლითა და საგოლე პასით დანიელ კალიჯური გამოირჩა
  • ამ წაგებით ლუსიენ ფავრის გუნდის საჩემპიონო შანსები ძალიან შემცირდა
  • ამ მოგებით გელზენკირხენელები გასავარდნ ზონას 9 ქულით დაშორდნენ

რურის დერბიმ მოლოდინი აბსოლუტურად გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ბორუსია ჩემპიონობისთვის იბრძოდა, შალკე კი - ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად, "სიგნალ იდუნა პარკზე" შეკრებილი გულშემატკივარი სწორედ ისეთი დრამატული ბრძოლის მოწმე გახდა, როგორიც ამ გუნდების დაპირისპირებისთვის ყოველთვის იყო დამახასიათებელი.

რურის დერბიში ფავორიტის დასახელება ყოველთვის რთულია 

უკვე მე-14 წუთზე ანგარიში ლუსიენ ფავრის შეგირდებმა გახსნეს. ჯეიდონ სანჩომ იდეალურად გადააგდო ბურთი შალკეს მცველების ზურგსუკან, საჯარიმოს ცენტრში, სადაც მარიო გიოტცე შეიპარა. ამ უკანასკნელმა თავით ერთი შეხებით შეაგდო. სტუმართა მცველები თამაშგარე მდგომარეობას ამაოდ ეჭვობდნენ, გოლი სამართლიანად ჩაითვალა - 1:0.

არბიტრმა სტუმრებს იმედი აქედან ერთი წუთის შემდეგ აღარ გაუცრუა, როდესაც ბორუასიას კარში 11-მეტრიანი დაინიშნა. მასპინძელთა საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, კარში ბრილ ემბოლო ურტყამდა, მაგრამ ბურთი იულიან ვაიგლს ხელზე მოხვდა. პენალტი დანიელ კალიჯურიმ უნაკლოდ შეასრულა - 1:1.

სხვათა შორის, 31 წლის ნახევარმცველმა ბორუასიას პირველი წრის მატჩშიც გაუტანა, რომელიც მისმა გუნდმა შინ 1:2 დათმო.

დანიელ კალიჯურის ანგარიშზე რურის 4 დერბიში 4 გოლი და 3 საგოლე პასია

გელზენკირხენელებმა შესვენებამდე ანგარიშში წინ გასვლაც შეძლეს და ეს კუთხურის გათამაშების შედეგად მოახერხეს. კალიჯურიმ მოაწოდა, სალიფ სანემ კი მასპინძელ მცველებს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და თავით უძლიერესად და ზუსტად დაარტყა - 1:2.

სანეს გოლით გახარებული სტუმრები და დორტმუნდის შეცბუნებული ქომაგები 

შესვენების შემდეგ მოედანზე კიდევ უფრო "ჩამოცხა". ამ თამაშის წაგება ბორუსიასთვის, რომელიც 31-ე ტურის წინ სულ ერთი ქულით ჩამორჩებოდა ლიდერ ბაიერნს, ჩემპიონობაზე ფიქრს ბუნდოვანს გახდიდა.

საათის თავზე დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ჯერ დორტმუნდელთა კაპიტანს მარკოს როისს უმტყუნა ნერვებმა, რომელმაც არცთუ მნიშვნელოვან ეპიზოდში, სუატ სერდარი უმძიმესი ტრავმისთვის გაიმეტა. სერდარი გადარჩა, როისმა კი წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

არბიტრმა უხეშად თამაშისთვის ჯერ მარკო როისი, შემდეგ კი მარიუს ვოლფი გააძევა

მასპინძლებისთვის სასჯელი უფრო მძიმე გამოდგა, ვიდრე მხოლოდ კაპიტნის გაძევება. საჯარიმო დარტყმა დანიელ კალიჯურიმ შეასრულა და ბრწყინვალედ - 1:3.

აქედან რამდენიმე წუთში ბორუსიას რიგები კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა - მარიუს ვოლფმა. დაზარალებული ამ შემთხვევაშიც სერდარი იყო, რომელიც დორტმუნდელთა თავდამსხმელმა უკნიდან მოცელა.

ცხრა კაცით დარჩენილმა ბორუსიამ ბრძოლა მაინც არ შეწყვიტა და თამაშის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე, ანგარიშში სხვაობა აქსელ ვიტსელის გოლით შეამცირა - 2:3.

მაგრამ მასპინძლებისთვის ეს თამაში წაგებული იყო. 86-ე წუთზე, დორტმუნდის საჯარიმოში მყოფმა ბრილ ემბოლომ ბასტიან ოჩიპკას პასის შემდეგ, მეკარისგან შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:4.

შალკეს ქომაგს სიგნალ იდუნა პარკზე ზეიმის მიზეზი ნამდვილად ჰქონდა

ამ წაგების შემდეგ ლუსიენ ფავრის გუნდს 69 ქულა რჩება, ცხრილის ლიდერ ბაიერნს კი 70 ქულა და თამაში წინ აქვს. შაბათს ბაიერნი ნიურნბერგს სტუმრობს და მოგების შემთხვევაში, ბორუსიას უკან უკვე 4 ქულით ჩამოიტოვებს. ბუნდესლიგის დასრულებამდე სულ სამი ტურიღა დარჩება...

რაც შეეხება შალკეს, ჰუბ სტევენსის შეგირდებს 30 ქულა აქვთ და გასავარდნ ზონას უკვე 9 ქულა აშორებთ, რაც დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ გელზენკირხენის გუნდი მომავალ სეზონსაც ელიტაში გაატარებს.

თამაშის შემდეგ ასე დასცინა შალკემ ტვიტერზე დორტმუნდს

დორტმუნდი 2:4 შალკე

გოლები: 1:0 გიოტცე (14’), 1:1 კალიჯური (18’ პენ.), 1:2 სანე (28’), 1:3 კალიჯური (62'), 2:3 ვიტსელი (85'), 2:4 ემბოლო (86'). 

გაძევება: მარკო როისი (60'), მარიუს ვოლფი (65')

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - მ. ვოლფი, ვაიგლი, აკანჯი, დიალო - ვიტსელი, დილეინი (56' ალკასერი) - სანჩო, როისი, გერეირო (78' პულიშიჩი) - გიოტცე (83' ლარსენი).

შალკე (3-4-1-2): ნიუბელი - სტამბული, სანე, ნასტასიჩი - დ. კალიჯური (67' რუდი), მაკენი (77' ბრუმა), მასკარელი,   ოჩიპკა - სერდარი - ემბოლო (87' მატონდო), ბურგშტალერი.

კომენტარები

ბოლო ამბები