Thumbnail
  • მილანმა 2019//20 წლების სეზონისთვის საშინაო ფორმა წარმოადგინა
  • როსონერიში ჯენარო გატუზოს სავარაუდო შემცვლელებზე ფიქრობენ
  • ერთ-ერთი კანდიდატი ლონდონის ჩელსის თავკაცი მაურიციო სარია

2018/19 წლების სეზონი ჯერ არ დასრულებულა, იტალიური მედია კი მილანში ჯენარო გატუზოს სავარაუდო შემცვლელებზე უკვე წერს. როსონერი, რომელმაც ევროპალიგაში გამოსვლა კარგა ხანია დაასრულა, სულ ახლახან კი იტალიის თასის ½-ფინალი ლაციოსთან დათმო, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვისღა იბრძვის - 56 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხეა. მილანი ატალანტას, რომელსაც ამდენივე ქულა აქვს. მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნის.

41 წლის გატუზო მილანს 2017 წლის ნოემბრიდან წვრთნის

"სან სიროზე" 41 წლის გატუზოს მომავალი ბუნდოვანია. იუწყებიან, რომ ლაციოსთან წაგების შემდეგ, კლუბის ხელმძღანელობამ ჯენაროსთან გამომშვიდობების ვარიანტზე დაიწყო ფიქრი.
 
გატუზოს პოტენციურ შემცვლელად კი მილანელები ანტონიო კონტესა და მაურიცი სარის განიხილავენ. იუწყებიან, რომ ამ უკანასკნელის კლუბში მიწვევის ვარიანტს მხარს მილანის ერთ-ერთი დირექტორი პაოლო მალდინი უჭერს.

მაურიციო სარიმ ნაპოლი სერია A-ს ვიცე-ჩემპიონი ორჯერ გახადა

60 წლის მაურიციო სარის ბოლო იტალური კლუბი ნაპოლი იყო, საიდანაც გასულ ზაფხულს ლონდონის ჩელსიში გადაბარგდა. ნეაპოლელი სპეციალისტის ხელმძღანელობით ჩელსი პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში ადგილს ინარჩუნებს.

ვინ გაწვრთნის მომავალ სეზონში მილანს, დაბეჯითებით თქმა რთულია, თუმცა როგორი ფორმით ითამაშებს გუნდი, უკვე ცნობილია. კლუბმა 2019-20 წლების სეზონისთვის საშინაო ფორმის კომპლექტი წარმოადგინა.

ეკიპირების დიზაინზე გერმანულმა კომპანია Puma-მ იზრუნა და ის, ტრადიციულად, შავ-წითელი ვერტიკალური ზოლებითაა გაფორმებული. ახალი ეკიპირება უკვე მოიხდინეს როსონერის ლიდერებმა: ალესიო რომანიოლიმ, კშიშტოფ პიონტეკმა, ლუკას პაკეტამ, სუსომ და ტიემუე ბაკაიოკომ.

კომენტარები

ბოლო ამბები