Thumbnail
  • ლებრონ ჯეიმსმა NBA-ს ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა.
  • “მეფე” ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელია, რომელმაც 30 000-ქულიანი ბარიერი გადალახა.
  • კლივლენდის ვარსკვლავი შესანიშნავ შვიდეულშია.
  • კავალიერსის მე-6 მარცხი ბოლო 7 შეხვედრაში.

კლივლენდი საშინელ კრიზისშია, მაგრამ ლებრონ ჯეიმსი ახალ მწვერვალებს იპყრობს. კავალიერსის სუპერვარსკვლავმა სან ანტონიოსთან შეხვედრაში NBA-ს ისტორიის კიდევ ერთი ახალი ფურცელი დაწერა: ლებრონი გახდა მე-7 და ამ შვიდს შორის ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელმაც NBA-ს ისტორიაში 30 000-ქულიანი ბარიერი გადალახა!

ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც აქამდე ეს ბარიერი ჰქონდა დაძლეული, კობი ბრაიანტი გახლდათ! მან ამ მიზანს ლოს ანჯელეს ლეიკერსის მაისურით 34 წლის ასაკში მიაღწია, ლებრონმა კი ეს 33 წლის ასაკში შეძლო.

სან ანტონიოსთან ლებრონმა 28 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა, მაგრამ კლივლენდს მაინც ვერ მოაგებინა. კავალიერსი სპურსთან 102:114 დამარცხდა და ეს იყო მე-6 წაგება ბოლო 7 მატჩში. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ლამარკუს ოლდრიჯი გახდა, რომელმაც მასპინძელთა რიგებში 30 ქულით გამოიჩინა თავი (პლუს 8 მოხსნა და 3 პასი).

ლებრონ ჯეიმსს კარიერაში ამჟამად 30 021 ქულა აქვს მოპოვებული. ყველა დროის საუკეთესოთა რეიტინგში მის წინ შემდეგი კალათბურთელები არიან: დირკ ნოვიცკი (30 837), უილტ ჩემბერლენი (31 419), მაიკლ ჯორდანი (32 292), კობი ბრაიანტი (33 643), კარლ მელოუნი (36 928) და კარიმ აბდულ-ჯაბარი (38 387).

"ეს დაუჯერებელი, განსაკუთრებული მომენტი იყო. ამაზე არც კი მიოცნებია. მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ თანაგუნდელებს," - განაცხადა მატჩის შემდეგ ლებრონმა.

კომენტარები

ბოლო ამბები