Thumbnail

NBA | დურანტის 50 ქულა და პირადი რეკორდი - გოლდენ სტეიტმა კლიპერსს სერია მოუგო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლოს ანჯელეს კლიპერსი 129:110 გოლდენ სტეიტ უორიორსი
  • მოქმედმა ჩემპიონმა მეტოქეს სერია 4-2 მოუგო და ჰიუსტონს დაუპირისპირდება
  • კევინ დურანტმა პლეი ოფებში შედეგიანობის პირადი რეკორდი გააუმჯობესა

NBA-ს მოქმედ ჩემპიონ გოლდენ სტეიტს პლეი ოფის პირველ რაუნდში 6-მატჩიანი სერია დასჭირდა ლოს ანჯელეს კლიპერსის დასამარცხებლად. ოკლენდელებმა მეტოქე სტუმრად 19-ქულიანი უპირატესობით დაამარცხეს და საერთო ანგარიშით 4-2 გაიმარჯვეს. 

უირიორსი დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში ჰიუსტონ როკეტსს დაუპირისპირდება, რომელმაც მანამდე გზიდან იუტა ჯაზი ჩამოიშორა (4-1). 

რაც შეეხება კლიპერსთან გადამწყვეტ მატჩს, გამარჯვებულებს კევინ დურანტმა ულიდერა, რომელმაც 50 ქულა მიითვალა და პლეი ოფში შედეგიანობის პირადი რეკორდი გააუმჯობესა (კლიპერსთან სერიის წინა მატჩში მის ანგარიშზე 45 ქულა იყო). ამჯერად დურანტმა 14-იდან 6 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმოდან კი 15-იდან - 14. ფორვარდმა ასევე 6 მოხსნა, 5 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარება მიითვალა. 

📺 კევინ დურანტი სერიის მეექვსე მატჩში

დურანტი გახდა ლიგის ისტორიაში მეექვსე კალათბურთელი, ვინც პლეი ოფის ზედიზედ ორ მატჩში 45 და მეტი ქულა ჩააგდო. მანამდე ეს კობი ბრაიანტმა, მაიკლ ჯორდანმა (3-ჯერ), ჯერი ვესტმა, ბერნარდ კინგმა და რასელ უესტბრუკამ მოახერხეს.

ჩემპიონებს 24 ქულით სტეფ კარი დაეხმარა, 15-ით - ანდრე იგუოდალა. სამმაგი დუბლით გამოირჩა დრეიმონდ გრინი - 16 ქულა, 14 მოხსნა და 10 პასი. 

კალიფორნიელთა რიგებში 29 ქულა დანილო გალინარიმ ჩააგდო, პატრიკ ბეფერლიმ კი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 11 ქულა, 14 მოხსნა.

📺 მატჩის TOP5 მომენტი

გოლდენ სტეიტისა და ჰიუსტონის პირველი შეხვედრა ოკლენდში, 29 აპრილს ჩატარდება. შარშანდელ პლეი ოფში ეს გუნდები ერთმანეთს დასავლეთ კონფერენციის ფინალში შეხვდენენ და მაშინ უორიორსს სერიის მოსაგებად 7 მატჩი დასჭირდა. 2018/19 წლების რეგულარულ სეზონში კი უკეთესი როკეტსი იყო, რომელმაც გოლდენ სტეიტს ოთხიდან სამი შეხვედრა მოუგო. 

დასავლეთ კონფერენციის მეორე ნახევარფინალში პორტლენდი, დენვერისა და სან ანტონიოს წყვილში (3-3) მოგებულს შეხვდება. აღმოსავლეთში კი მილუოკი ბოსტონს ხვდება, ტორონტო - ფილადელფიას.

კომენტარები

ბოლო ამბები