Thumbnail
  • 📅 27 აპრილი | ⌚ 22:30 | ⚽ ინტერი V იუვენტუსი
  • ნერაძური ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილის შენარჩუნეისთვის იბრძვის
  • მაგრამ სპალეტის გუნდისთვის ფრე მიუღებელი შედეგი ნაღდად არ იქნება
  • მასიმილიანო ალეგრი ექსპერიმენტებს გეგმავს, ოღონდ, არა - ინტერთან
  • კრიშტიანო რონალდოს მთავარი საზრუნავი სერია A-ს ბომბარდირთა დავაა 

სერია A-ს 34 ტურში იტალიური დერბია. მიუხედავად იმისა, რომ იუვენტუსი ჩემპიონატს ჩემპიონატზე იგებს (ზედიზედ მერვე სეზონია), ინტერი კი კარგა ხანია, წარმატებებით ვერ დაიკვეხნის, "სან სიროზე" შაბათს გასამართი შეხვედრა არამხოლოდ იტალიაში მიიჩნევა უაღრესად საინტერესო და უშეღავათო დაპირისპირებად.

ინტერი

მილანელებს მეტოქესთან შედარებით, რადიკალურად განსხვავებული ვითარება აქვთ - იტალიურ პირველობაში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია და ინტერს ოთხეულში ადგილი ჯერ კიდევ დასაცავი აქვს. უბრალოდ, ყველაფერი მის ხელთაა და საქმე თავად არ უნდა გაირთულოს.

ივან პერიშიჩი დერბის ბოლო 4 მატჩში 3 გოლით ხვდება

ლუჩანო სპალეტის შეგირდები მომავალ დაპირისპირებას ოთხმატჩიანი წაუგებელი სერიითა და ცხრილში მესამე ადგილით (61 ქულა), უმთავრეს მდევრებთან კი კომფორტული უპირატესობით ხვდებიან - მილანსა და ატალანტანს 56-56 ქულა აქვთ, რომას - 55. თანაც, ინტერმა სამივე ამ მეტოქესთან "სან სიროზე" ცოტა ხნის წინ ითამაშა და არცთუ ირიგოდ: ბოლო ტურში რომასთან ფრეს გამორჩა (1:1), მანამდე კი უგოლოდ ატალანტას დაშორდა (0:0), მილანურ დერბიში კი სულაც გაიმარჯვება (3:2) მოახერხა.
  
შესაბამისად, იუვენტუსთან დამარცხების შემთხვევაშიც, ინტერი ოპონენტებთან უპირატესობას შეინარჩუნებს, წინ კი სპალეტის გუნდს არცთუ ძალიან რთული კალენდარი აქვს: სამი გუნდი სერია A-ს ცხრილის ფსკერიდან (ემპოლი, კიევო და უდინეზე) ჰყავს და ერთიც -  სატურნირო თვალსაზრისით ფაქტობრივად უმოტივაციო ნაპოლი. უხეშად რომ ვთქვათ, ინტერს არც ფრე გაანაწყენებს, შესაბამისად, დერბის სტატუსის მიუხედავად, მასპინძლებისგან ავანტურულ ფეხბურთსა და შეტევაში თავქუდმოგლეჯილ წასვლას, ნაკლებად უნდა მოველოდეთ. და კიდევ, სპალეტის სჩვევია სიფრთხილე დიდ მატჩებში და სავარაუდოდ, თავის ფეხბურთელებს ხელში ინიციატივის აღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოსთხოვს, თუკი გუნდი გოლს გაუშვებს.

📺 რაჯა ნაინგოლანი დერბის მოტივირებული ხვდება

მილანის ინტერს მარსელო ბროზოვიჩი გამოუჯანმრთელდა, ტრავმირებული კი მხოლოდ შიმე ვრსალკო ჰყავს. 

იუვენტუსი

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა უკვე გაინაღდა ჩემპიონობა, დანარჩენ ტურნირებს (იტალიის თასის გათამაშებასა და ჩემპიონთა ლიგას) კი უკვე დაემშვიდობა, შესაბამისად, შეუძლია სეზონი სიამოვნებისთვის თამაშით ჩაამთავროს და ნელ-ნელა განწყობაც შვებულებისთვის შეიქმნას. 

ტურინელებმა ჩემპიონობა წინა ტურში, ფიორენტინასთან გამარჯვებით გაინაღდეს

დიახ, "ბებერ ქალბატონს" მოტივაციასთან დაკავშირებით პრობლემები უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს გუნდი მაინც ყოველთვის და ყველასთვის საშიშია, მით უმეტეს, როცა საქმე იტალიურ დერბის ეხება. შესაბამისად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მასიმილიანო ალეგრიმ, რომელსაც საკადრო პრობლემები აქვს, მაგრამ კრიტიკული - ნამდვილად არა, "სან სიროზე" მთლად მეორე შემადგენლობა გამოიყვანოს. 

"ის, რომ უკვე ჩემპიონები ვართ, ინტერთან შეხვედრაზე გავლენას არ მოახდენს. ჩვენი მიზანი დარჩენილი მატჩების მოგებაა. ახლა მხოლოდ სეზონის ჩამთავრებაზე კი არა, უკვე მომდევნოზეც უნდა დავიწყოთ ფიქრი. მომავალ თამაშებში შემადგენლობაში ექსპერიმენტებს მივმართავ, ოღონდ ეს არამც და არამც არ ეხება ხვალინდელ შეხვედრას", - თქვა მასიმილანო ალეგრიმ იტალიური დერბის წინ.

მილანურ მატჩს ალეგრი ტრავმირებული არაერთი ფეხბურთელით ხვდება. ვერ ითამაშებენ: დუგლას კოშტა, პაულო დიბალა, როდრიგო ბენტანკური, მარტინ კასერესი, მატია პერინი, მარიო მანჯუკიჩი და სამი ხედირა. თამაშის წინ მწვრთნელმა თქვა, რომ ფორმაშია ჯორჯო კიელინი, რომლის მოედანზე გამოჩენას პირველივე წუთებიდან ელიან. დიდი ალბათობით, შეტევის ფლანგზე ხუან კუადრადოს ვიხილავთ. კოლუმბიელს, რომელსაც ტრავმის გამო საკმაო დრო გაუცდა, სათამაშო პრაქტიკა ძალიან სჭირდება, იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულში კოპა ამერიკა ელის. 

ჩემპიონობის მიუხედავად, კრიშტიანოს დარჩენილ მატჩებში მოტავიციის პრობლემა არ ექნება

და, რა თქმა უნდა, "სან სიროზე" ვიხილავთ კრიშტიანო რონალდოსაც, თანაც საკმაოდ მოტივირებულს. პორტუგალიელი ვარსკვლავი, მისი ამბიციებიდან გამომდინარე, საეჭვოა, სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის წოდებამ დააკმაყოფილოს და დარჩენილ მატჩებში ის აუცილებლად შეეცდება, საუკეთესოთა შორის საუკეთესო გახდეს.

საინტერესო ფაქტები

⚽ ინტერისა და იუვენტუსის დაპირისპირების ისტორია საუკუნეზე მეტს და 200-ზე მეტ დაპირისპირებას ითვლის.

⚽ ტურინის იუვენტუსმა მილანის ინტერს ბოლო ოთხი მატჩიდან სამი მოუგო, ერთში კი ფრეს დასჯერდა.

⚽ "სან სიროზე" გამართულ  ბოლო 4 მატჩში კი ინტერს სტატისტიკა უკეთესი აქვს: 2 მოგება, თითო ფრე და მარცხი.   

⚽ ჩემპიონატში ინტერის ბოლო 9 საშინაო შეხვედრიდან 8-ში 2,5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა. 

⚽ სამაგიეროდ, მილანში ინტერისა და იუვეს ბოლო 3 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა (ყველა ტურნირში).

⚽ ტურინის იუვენტუსმა ჩემპიონატში ჩატარეული ბოლო 34 შეხვედრიდან 29-ში გამარჯვება შეძლო.

⚽ იტალიის ჩემპიონატში ტურინის იუვენტუსის ბოლო სამ შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა. 
 
⚽ რონალდო (19 გოლი) სერია A-ს ბომბარდირთა დავაში ფაბიო კვალიარელას (22), დუვან საპატასა და კშიშტოფ პიონტეკს ჩამორჩება (21-21).

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ’ამბროზიო, დე ვრეი, შკრინიარი, ასამოა - ბროზოვიჩი, ვესინო - პოლიტანო, ნაინგოლანი, პერიშიჩი - ლაუტარო.

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, სანდრო - ჯანი, პიანიჩი, მატუიდი - კუადრადო, რონალდო, ბერნარდესკი.

კომენტარები

ბოლო ამბები