Thumbnail
  • 📅 27 აპრილი | ⌚ 17:30 | ⚽ დორტმუნდი V შალკე
  • ბუნდესლიგის უმძაფრეს დერბის ორივე გუნდი განსაკუთრებული მოტივაციით ხვდება
  • დორტმუნდის მიზანი ჩემპიონობაა, შალკე გადარჩენისთვის იბრძვის

დიდი ხანია, გერმანიის საუკეთესო დერბის წინ, გუნდები ცხრილში ერთმანეთისგან ასე შორს არ ყოფილან. რურის დიდ დერბის ინტრიგა არასდროს აკლია, ახლა კი განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან დორტმუნდის ბორუსია გერმანიის ჩემპიონობისთვის იბრძვის (ბაიერნს 1 ქულით ჩამორჩება), შალკეს მისია კი - გადარჩენაა (სარელეგაციო მე-16 ადგილს 6 ქულა აშორებს).

წინა ტურში, BVB-მ ფრაიბურგი 4:0 გაანადგურა, გელზენკირხენელები კი, საკუთარ მოედანზე, ჰოფენჰაიმთან 2:5 განადგურდნენ. შესაბამისად, ბორუსია ფავორიტია, მაგრამ ეს ისეთი დერბია, რომ როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყვნენ გუნდები, ფავორიტის დასახელება ყოველთვის შეუძლებელია.

სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, დორტმუნდი შალკეს ცხრილში 42 ქულით უსწრებს. მას მერე, რაც მოგებისთვის 3 ქულაა დაწესებული, ამ გუნდებს შორის ამხელა სხვაობა არასდროს ყოფილა.

ყველაზე მძაფრი დუელი გერმანიაში: რურის დიდი დერბი დორტმუნდის ბორუსიასა და შალკეს შორის

“როდესაც ცხოველი დაჭრილია, ასეთ დროს ის ორმაგად სახიფათო შეიძლება იყოს! ამიტომ, უდიდესი სიფრთხილე და მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს,” - ეს დორტმუნდის მცველის, დიალოს სიტყვებია.

შალკე ამ სეზონში არცერთი გუნდისთვის არ არის განსაკუთრებით სახიფათო, მაგრამ ეს დორტმუნდის ბორუსიას არ ეხება! რურის დიდ დერბის გუნდები ყოველთვის უკიდურესი მოტივაციით ხვდებიან.

პაკო ალკასერს ამ სეზონში 17 გოლი აქვს, საგოლე პასი კი არ გაუკეთებია. მას მერე, რაც სტატისტიკას დეტალურად ითვლიან (1988), ამდენი გოლი პასის გარეშე ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჰქონდა - შტუტგარტის ფორვარდ ფრედი ბობიჩს (1995/96 წლების სეზონში)

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მტრები ვართ, მე არ მინდა, რომ შალკე მეორე ბუნდესლიგაში გავარდეს. ბუნდესლიგას სჭირდება შალკე და სჭირდება რურის დიდი დერბი,” - აცხადებს დორტმუნდის გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე.

საინტერესო ფაქტები

⚽ სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, დორტმუნდის ბორუსია გერმანიის ჩემპიონობისთვის იბრძვის, შალკე კი - გადარჩენისთვის.

⚽ ბორუსიას ბუნდესლიგაში 72 გოლი აქვს გატანილი, რაც მეორე შედეგია (ბაიერნი - 79 გოლი). BVB-ს გოლების უმეტესობა (47) საკუთარ მოედანზე აქვს გატანილი. ამასთან, დორტმუნდი საშინაო მატჩებში ჯერ კიდევ დაუმარცხებელია (13 მოგება, 2 ფრე). 

⚽ მიმდინარე სეზონში, დორტმუნდის საშინაო მატჩების 80 პროცენტში ორივე გუნდმა შეძლო გოლის გატანა.

⚽ შალკე წინა ტურში ჰოფენჰაიმთან 2:5 შერცხვა და ბუნდესლიგის ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული (3 ფრე, 8 წაგება). გელზენკირხენული კლუბი მე-16 სარელეგაციო ადგილზე მყოფ შტუტგარტს მხოლოდ 6 ქულით უსწრებს.

⚽ შალკეს გასვლაზე 2-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (1 მოგება, 1 ფრე).

⚽ ამ სეზონში შალკეს სტუმრად უფრო მეტი ქულა აქვს მოპოვებული, ვიდრე შინ (14 V 13). 

⚽ შალკეს 15 გასვლითი მატჩიდან, ამ სეზონში პირველი ტაიმის შემდეგ 8 მატჩში იყო ფრე. აქედან, 6 შემთხვევაში სულაც 0:0.

⚽ შალკეს დორტმუნდთან გასვლით მატჩებში საკმაოდ კარგი ბალანსი აქვს. საკუთარ მოედანზე ბორუსიამ შალკეს დამარცხება ბოლოს ზედიზედ ორჯერ ვერ შეძლო (4:4, 0:0). გელზენკირხენულმა კლუბმა დორტმუნდში ჩატარებული ბოლო 19 თამაშიდან 7 მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 4 წააგო.

⚽ ჯეიდონ სანჩოს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 11 გოლი აქვს გატანილი - აქედან, 8 საკუთარ მოედანზე და 6 სულაც პირველ ტაიმში.

⚽ დანიელ კალიჯურიმ წინა ტურშიც გაიტანა და პირველი წრის მატჩშიც, რომელიც დორტმუნდმა გელზენკირხენში 2:1 მოიგო. კალიჯურის ამ სეზონში სულ 5 გოლი აქვს და, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, შალკეს საუკეთესო ბომბარდირია.

⚽ ამ გუნდების ბოლო 6 დუელიდან, შალკეს პირველ ტაიმში არცერთხელ არ გაუტანია.

⚽ დორტმუნდის საშინაო მატჩების პირველ 15 წუთში მხოლოდ 2 გოლი გავიდა - ამაზე მცირე მაჩნევებელი მხოლოდ 2 გუნდს აქვს. შალკემ ამ სეზონის გასვლით მატჩებში მხოლოდ ორჯერ გაიტანა გოლი პირველ ტაიმში.

⚽ 111 დუელიდან 38 დორტმუნდს აქვს მოგებული, 38 - შალკეს, 35 დერბი კი ფრედ დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - მ. ვოლფი, ვაიგლი, აკანჯი, დიალო - ვიტსელი, დილეინი - სანჩო, როისი, გერეირო - გიოტცე.

შალკე (3-4-1-2): ნიუბელი - სტამბული, სანე, ნასტასიჩი - დ. კალიჯური, რუდი, მაკენი, ოჩიპკა - სერდარი - ემბოლო, ბურგშტალერი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები