Thumbnail
  • ნიკოლა იოკიჩის 43 ქულა საკმარისი არ იყო.
  • სან ანტონიომ დენვერს სერიაში ანგარიში გაუთანაბრა
  • ყველაფერი მე-7 დუელში გადაწყდება

NBA-ს პლეი ოფის პირველი რაუნდის გამარჯვებული დენვერისა და სან ანტონიოს დუელში ვერც მეექვსე თამაშმა გაარკვია! სპურსმა ნაგეთსი 120:103 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 3:3. ეს იმას ნიშნავს, რომ კონფერენციის ნახევარფინალისტის ვინაობას ამ წყვილში მე-7, გადამწყვეტი შეხვედრა გამოავლენს, რომელიც 28 აპრილს გაიმართება.

სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე გავიდა, დენვერი კი - მეორეზე. შესაბამისად, წყვილში ფავორიტად სწორედ ნაგეთსი მიიჩნეოდა, მაგრამ ახლა, როცა ანგარიში უკვე 3:3-ია, გრეგ პოპოვიჩის გუნდს შესანიშნავი შანსი აქვს, მეორე პლეი ოფის რაუნდში მოხვდეს, სადაც ამ წყვილის გამარჯვებულს უკვე ელოდება პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი, რომელმაც ასპარეზობას რასელ ვესტბრუკი და მისი ოკლაჰომა გამოთიშა.

სპურსის წარმატების მთავარი შემოქმედები ლამარკუს ოლდრიჯი და დემარ დეროზანი იყვნენ. ოლდრიჯმა 26 ქულა და 10 მოხსნა შეასრულა და ამით ორმაგი დუბლი სრულყო, დეროზანის ანგარიშზე კი 25 ქულაა. მათ ერთად გადაფარეს ნიკოლა იოკიჩის ბრწყინვალე თამაში, რომელმაც 43 ქულა ჩააგდო, 12 მოხსნა გააკეთა და სამმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი პასი (9) დააკლდა.

აღსანიშნავია, რომ დენვერის ცენტრის 43 ქულა პლეი ოფში მისი პირადი რეკორდიცაა და კლუბისაც!

“ჩვენი მიზანი იყო, რომ აგრესიულად გვეთამაშა, რიტმი შეგვენარჩუნებინა და შეტევაშიც და დაცვაშიც მაგრად გვებრძოლა. ეს შევძელით და ახლა იმედი გვაქვს, რომ მეშვიდე თამაშსაც მოვიგებთ,” - განაცხადა მატჩის შემდეგ დემარ დეროზანმა.

მეშვიდე და გადამწყვეტი დუელი დენვერსა და სან ანტონიოს შორის კვირას, გამთენიისას, ნაგეთსის დარბაზში გაიმართება.

📺 ვიდეო: სან ანტონიო 120:103 დენვერი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები