Thumbnail

მასაჟი მედიის ნაცვლად! პეპ გვარდიოლამ ფეხბურთელებს ტელევიზორი აუკრძალა

  • მანჩესტერული დერბის მოგების შემდეგ, სიტი იდეალურ მდგომარეობაშია
  • ხოსეპ გვარდიოლას გუნდს ლივერპულზე იოლი კალენდარი აქვს
  • პეპი აცხადებს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდის შენარჩუნებაა

პეპ გვარდიოლა პირველი მწვრთნელია პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც ‘ოლდ ტრაფორდზე’ ზედიზედ სამჯერ მოიგო! მანჩესტერ იუნაიტედთან დერბის მოგებით (2:0), სიტიმ ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა და ახლა ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ სიტიზეა დამოკიდებული - დარჩენილი სამი მატჩი (ბარნლისთან, ლესტერთან და ბრაიტონთან) უნდა მოიგოს და ჩემპიონი გახდება!

“ჩემი ფეხბურთელები დაუჯერებლად მაგრები არიან!” - ჩასძახა გვარდიოლამ BBC-ის კორესპონდენტის მიკროფონს იუნაიტედთან გამარჯვების შემდეგ და დასძინა: “პირველ ტაიმში ბურთი რამდენჯერმე უაზროდ დავკარგეთ, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში კარგად ვითამაშეთ და მოვიგეთ.”

პეპმა განსაკუთრებით ლეროი სანე შეაქო, რომელიც ძირითად შემადგენლობაში არ ჰყავდა. სანე, 51-ე წუთზე ფერნანდინიო შეცვალა და დავიდ დე ხეას კარში გატანილი მეორე ბურთი სწორედ მის ანგარიშზეა. “სანე დღეს ძალიან დაგვეხმარა. ასევე, მინდა შევაქო ლივერპულიც - ჩვენი კონკურენტი ამ სეზონში დაუჯერებლად კარგად იბრძვის, მაგრამ ახლა ჩვენი ბედი ჩვენსავე ხელთაა.”

35 ტურის შემდეგ მანჩესტერ სიტი ლივერპულს 1 ქულით უსწრებს, მაგრამ გვარდიოლას გუნდს საკმაოდ ადვილი სამი მატჩი აქვს დარჩენილი: 

მანჩესტერ სიტის დარჩენილი მატჩები

📌 36-ე ტური: ბარნლი V მანჩესტერ სიტი (28 აპრილი)
📌 37-ე ტური: მანჩესტერ სიტი V ლესტერი (6 მაისი)
📌 38-ე ტური: ბრაიტონი V მანჩესტერ სიტი (12 მაისი)

ლივერპულის დარჩენილი მატჩები

📌 36-ე ტური: ლივერპული V ჰადერსფილდი (26 აპრილი)
📌 37-ე ტური: ნიუკასლი V ლივერპული (3 მაისი)
📌 38-ე ტური: ლივერპული V ვულვერჰემპტონი (12 მაისი)

აღსანიშნავია ისიც, რომ სიტი ჩემპიონთა ლიგიდან უკვე გავარდნილია, რაც იმას ნიშნავს, რომ გვარდიოლას გუნდს შეუძლია, მხოლოდ პრემიერლიგის მატჩებზე იყოს კონცენტრირებული, ლივერპულს კი ბარსელონასთან ურთულესი დუელები ელოდება და მხოლოდ ინგლისის ჩემპიონატზე ვერ იფიქრებს. სიტისთვის ეს დამატებითი უპირატესობაა.

“ახლა ჩვენთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. შაბათს ბარნლის ვესტუმრებით და ვიცით, რაოდენ რთული იქნება ეს მატჩი. გაზეთები არ უნდა წავიკითხოთ, რადიოს არ უნდა მოვუსმინოთ და ტელევიზორი არ უნდა ჩავრთოთ. ფეხბურთელებმა ამ დღეებში ბევრი მასაჟი უნდა გაიკეთონ, კარგად უნდა იკვებონ და კარგად უნდა ეძინოთ. ამ ფაზაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანია,” - აღნიშნა გვარდიოლამ.

კომენტარები

ბოლო ამბები