Thumbnail

მუსოლინის ბანერი, ფაშისტური სიმღერები - ლაციომ განცხადება გაავრცელა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მილანთან მატჩის წინ, ლაციოს ულტრასებმა სკანდალური მარში განახორციელეს
  • ისინი ბენიტო მუსოლინის ბანერს დაატარებდნენ და ფაშისტურ სიმღერებს მღეროდნენ
  • რომაული კლუბი სკანდალს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა

რომის ლაციოს ხელმძღვანელებმა მილანში, იტალიის თასის ნახევარფინალური მატჩის წინ მომხდარ სკანდალურ ინცინდენტზე სპეციალური განცხადება გაავრცელეს. იტალიის ორგზის ჩემპიონი ფაშისტურად განწყობილი ტიფოზების საქციელს გმობს. რომაულმა კლუბმა გავრცელებულ განცხადებაში იტალიური მედიაც გააკრიტიკა.

“ზოგიერთი ფანის საქციელს არანაირი კავშირი არ აქვს სპორტთან და იმ ღირებულებებთან, რისიც ერთგულიცაა კლუბი 119 წლის განმავლობაში,” - ვკითხულობთ ლაციოს განცხადებაში.

რა მოხდა მილანთან მატჩის წინ? ლაციოს დაახლოებით 60 ულტრასი მილანის ქუჩებში  სკანდალური ბანერით გადაადგილდებოდნენ, რომელზეც ეწერა: “პატივისცემა მუსოლინის”. პოლიციამ 22 მათგანის იდენტიფიცირება შეძლო.

მარშის დროს ულტრასები ფაშისტური შინაარსის შეძახილებს და 1945 წლის 28 აპრილს გარდაცვლილი დიქტატორის, ბენიტო მუსოლინის სახელსა და გვარს სკანდირებდნენ. გარდა ამისა, ისინი ე.წ. ჰიტლერის მისალმების ჟესტს აკეთებდნენ. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ულტრასები მილანის ქუჩებში რასისტულ სიმღერებს მღერიან.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლაციოს ულტრასი ტიფოზები სკანდალში ეხვევიან. რომაული კლუბი საკუთარი იმიჯისთვის იბრძვის: “სამწუხაროდ, მედია ახერხებს იმას, რომ რამდენიმე ულტრასის საქციელი კლუბის ყველა გულშემატკივარს დააბრალოს და ყველას დააკისროს პასუხისმგებლობა.” - ნათქვამია ლაციოს ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

ბოლო ამბები