Thumbnail

რატომ ვერ აჩერებენ აიაქსს? სეზონის სენსაციის ტაქტიკური ანალიზი

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

აიაქსი წლის მთავარი აღმოჩენაა. ამსტერდამელები 22 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დაბრუნდნენ და ფინალამდე სულ 1 ნაბიჯი აშორებთ. რეალის და იუვეს დამარცხების შემდეგ, აიაქსზე ბევრი რამ ითქვა და დაიწერა - ამ სტატიაში ვეცდებით, ცოტა კიდევ მეტი და განსხვავებული გითხრათ - ანუ ყველაფერი, ყველა ტაქტიკური დეტალი და ფაქტორი, რაც აიაქსის ფეხბურთს ქმნის და ამსტერდამული კლუბის წლევანდელ წარმატებას განაპირობებს.

რატომ უყვართ აიაქსი?

სანამ ტაქტიკურ დეტალებზე გადავიდოდე, მოკლედ იმის შესახებ, თუ რა ქმნის აიაქსის ფეხბურთს და მის სათამაშო კულტურას.

აიაქსი ბევრი წელია ევროპულ გრანდებს შორის არ ყოფილა, თუმცა გულშემატკივარის სიყვარულსა და სიმპათიას ყოველთვის ინარჩუნებდა. ამის მიზეზი აიაქსის სტილი და ფილოსოფიაა. ამსტერდამელები უკვე 50 წელია, რინუს მიხელსის და იოჰან კრუიფის ლეგენდარული გუნდიდან მოყოლებული, ერთი სტილის ფეხბურთს, ერთ საფეხბურთო ფილოსოფიას მიყვებიან. აიაქსი არ ცვლის თავის პრინციპებს მწვრთნელების, მენეჯერების ან წარმატება-წარუმატებლობის მიხედვით. აიაქსი მუდამ თავის ფეხბურთს თამაშობს მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგს დებს ამა თუ იმ თაობის აიაქსის გუნდი - გუნდის განვითარების სტრატეგია, ტაქტიკა და სათამაშო სტილი არ იცვლება - იცვლებიან მხოლოდ შემსრულებლები და მათი ხარისხი განაპირობებს შედეგებს.

აიაქსის ტიტულები

როცა აიაქსს კარგი თაობა ჰყავს, ის ევროპული ფეხბურთის გრანდებს შორისაა, როცა შედარებით ნაკლებად პერსპექტიული გუნდია, მაშინ ჰოლანდიის მასშტაბით ლიდერობითაც კმაყოფილია.

ამსტერდამული კულტურის ნაწილი

აიაქსის სათამაშო სტილი და ფილოსოფია პირდაპირ კავშირშია ამსტერდამულ კულტურასთან, რომელიც შემოქმედებითობასა და თავისუფლებაზე დგას. რთული წარმოსადგენია, რომ ამსტერდამში სხვანაირი გუნდი ჰყოლოდათ და ჰყვარებოდათ. ჰოლანდიურ ფეხბურთზე საუბრის დროს, პირველ რიგში, სწორედ ამსტერდამული თამაში წარმოგვიდგება თვალწინ. თუმცა, ჰოლანდიაში აიაქსისგან განსხვავებული სხვა საფეხბურთო სკოლებიც არსებობს. აიაქსის სტილი რადიკალურად განსხვავდება პსვ-სა და ფეიენოორდის თამაშისგან. პსვ პატარა, ინდუსტრიულ ქალაქ ეინდჰოვენს წარმოადგენს და პირველ ადგილზე დისციპლინას, თამაშის ორგანიზაციასა და სამუშაო ეთიკას აყენებს, ფეიენოორდი კი საპორტო როტერდამის გუნდია, რომელიც, ტრადიციულად, ბრძოლისუნარიანობითა და სიხისტით ცდილობს ფონს გასვლას.

მაგალითად, 2010 წელს ჰოლანდიის ნაკრებს ბერტ ვან მაარვიკი, ფეიენოორდის ყოფილი მწვრთნელი წვრთნიდა და გუნდი ფინალამდე ისე მივიდა, რომ შუა ხაზში ორი ჩამშლელი, ვან ბომელი-დე იონგის წყვილი თამაშობდა - ეს ჰოლანდიის ნაკრები უფრო როტერდამულად თამაშობდა.

წლევანდელი აიაქსი - დომინანტი გუნდი

წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაში თითქმის არ ყოფილა თამაში, როდესაც აიაქსს უპირატესობა არ ჰქონდა. 10 თამაშში მათ 6 შეხვედრა გრანდების - რეალის, ბაიერნის და იუვენტუსის წინააღმდეგ ითამაშეს და ამის მიუხედავად, ბურთის ფლობა საშუალოდ თამაშში 53.6 პროცენტი აქვთ.

ამსტერდამელები ერთ თამაშში 15.9 დარტყმით წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ბარსელონას და სიტის ჩამოუვარდებიან, საკუთარ კარში კი მხოლოდ 11.6 დარტყმას იღებენ (არ დაგავიწყდეთ გრანდების წინააღმდეგ ჩატარებული 6 თამაში). ამსტერდამულ შეხვედრაში, აიაქსს იუვენტუსის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის წინააღმდეგ, საერთოდაც კარისკენ 19 დარტყმა დაუგროვდა.

თამაშში 11.3 დრიბლინგით ამსტერდამელები წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ მანჩესტერ სიტის ჩამორჩებიან. საინტერესოა, რომ დრიბლინგის ნახევარზე მეტი ზიეჩზე მოდის (5.7 დრიბლინგი თამაშში).

ამ ტიპის ფეხბურთის ლოგიკური შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 31 გოლია.

პრესინგი

იმისთვის, რომ დომინანტური ფეხბურთი ითამაშო აუცილებელია, მეტოქეს ბურთი სწრაფად დაათმობინო. ეს კი ეფექტური პრესინგის მეშვეობით უნდა მოხდეს.

აიაქსის ყველა ფორმაციის გუნდი ძალიან კარგად უტევდა. ამ აიაქსის ყველაზე ძლიერი მხარე და გამორჩეული თვისება პრესინგის უნარია. აიაქსი მეტოქის ნახევარზე სულ მცირე 8 მოთამაშით გადადის და მეტოქეს ბურთს მალევე ართმევს.

აიაქსის პრესინგი

სწორედ აიაქსის პრესინგის და უბურთოდ გუნდური მოძრაობის წყალობით ახერხებენ ამსტერდამელები, რომ მოედნის ყველა მონაკვეთზე მეტნი იყვნენ. ისინი უბურთოდ სისტემურად მოძრაობენ.

ეს არც არის გასაკვირი. აიაქსის მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი, უპირველეს ყოვლისა, პრესინგის სპეციალისტად მიიჩნევა. იგი გვარდიოლასთან, ბაიერნის მეორე გუნდში მუშაობდა და პეპის თამაშის პრინციპებს მასზე დიდი გავლენა აქვს. მისი თანაშემწეა ალფრედ შროიდერი, კიდევ ერთი პრესინგის სპეციალისტი, რომელიც წლების მანძილზე ჰოფენჰაიმში იულიან ნაგელმანთან მუშაობდა.

ტადიჩი, კლუივერტი და არველაძე - რა საერთო აქვთ

შემტევ ხაზში აიაქსის მთავარი ვარსკვლავი დუშან ტადიჩია - 30 წლის სერბი, რომელიც ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. ტადიჩს სეზონში უკვე 28 გოლი აქვს შეგდებული (24 ჩემპიონატში, 6 ლიგაზე). ყველაზე საინტერესო მის სტატისტიკაში ის არის, რომ მას ჩემპიონთა ლიგაზე კარში მხოლოდ 1.6 დარტყმა აქვს თამაშში (ჰოლანდიაში 2.1) - ეს იმას ნიშნავს, რომ ტადიჩის დარტყმა ძალიან დიდი პროცენტით (დარტყმების თითქმის 40 პროცენტი) გოლია.

მაგალითად, ტადიჩის შემდეგ, აიაქსის საუკეთესო ბომბარდირს მაროკოელ ზიეჩს (15 გოლი ჩემპიონატში, 2 ლიგაზე) თამაშში 5.2 დარტყმა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ზიეჩი უფრო ფლანგიდან და მოედნის სიღრმეში თამაშობს და იგი დარტყმების მნიშვნელოვან ნაწილს საჯარიმოს გარედან ასრულებს, ტადიჩის შედეგიანობა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

თუმცა გოლები ტადიჩის თამაშში ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. აიაქსის თავდამსხმელი არ შეიძლება, მხოლოდ გოლზე იყოს ორიენტირებული - იგი გუნდის კომბინაციურ თამაშში სრულფასოვნად უნდა იყოს ჩართული. არ შეიძლება, აიაქსის თავდამსხმელს პასის კულტურა არ ჰქონდეს. სწორედ ამ კომპონენტით ჰგავს ტადიჩი პატრიკ კლუივერტს და შოთა არველაძეს, თავისი კომპლექტაციით და გაბარიტებით კლასიკურ ფორვარდებს, რომელთაც ძალიან კარგად შეეძლოთ პასში თამაში. შოთას და კლუივერტის ეპოქიდან დეტალური სტატისტიკა არ გვაქვს და მხოლოდ ვიზუალურ შთაბეჭდილებას უნდა ვენდოთ.

ტადიჩის პასი და ზიეჩის გოლი რეალთან

ტადიჩს თამაშში 37.7 პასი აქვს ლიგაზე (ჰოლანდიის ჩემპიონატში 42), რაც თავდამსხმელისთვის ძალიან დიდი რიცხვია. იგი მთელ მოედანზეა თამაშში ჩართული და ძალიან ბევრს მოძრაობს შეტევის მთელ ხაზზე.

სერბი გუნდურ თამაშში, ნახევარმცველის დონეზეა ჩართული. მას თამაშში 2.9-ჯერ გაჰყავს თანაგუნდელები თავისი პასით დასარტყმელ პოზიციაზე და შემთხვევითი არ არის, რომ 15 საგოლე პასით საუკეთესოა თავის გუნდში (12 ასისტი ჰოლანდიაში, 3 ლიგაზე). საერთო ჯამში კი სერბს ამ სეზონში ყველა ტურნირზე 51 ჩატარებულ შეხვედრაში 55 გოლი და საგოლე პასი აქვს. ეს ანომალიური მოვლენაა, როდესაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირს ყველაზე მეტი გადაცემაც აქვს - ეს დაახლოებით ლეო მესის ტიპის სტატისტიკაა.

ტადიჩი მოქმედებს, როგორც კლასიკური „ყალბი ცხრიანი“, იგი მოედნის სიღრმეში ამოდის, მეტოქის მცველები ამოჰყავს, სივრცეს ქმნის პარტნიორებისთვის და შემდეგ თავისი ძალიან კარგი პასის წყალობით გაჰყავს ისინი საგოლე სიტუაციებში.

ვან დე ბეეკი - ყველაზე შეუმჩნეველი და სახიფათო

ყველა ლაპარაკობს ტადიჩზე, დი იონგსა და დე ლიხტზე, მაგრამ პირადად მე ყველაზე სახიფათოდ დონი ვან დე ბეეკი მომეჩვენა. მე რომ მწვრთნელი ვიყო, ძალიან ბევრს ვიფიქრებდი ვან დე ბეეკი, როგორ გამეჩერებინა.

ნომინალურ ნახევარმცველ ვან დე ბეეკს ჩემპიონატში 8 გოლი და 9 საგოლე პასი აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2-2 გოლი და ასისტი. მისი ამპლუის მოთამაშისთვის ეს ძალიან კარგი შედეგია. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ნახევარმცველ ვან დე ბეეკს თავის გუნდში ყველაზე ცოტა პასი აქვს თამაშში - იგი ერთ შეხვედრაში სულ რაღაც 26.2 პასს აკეთებს. შედარებისთვის: მისივე პოზიციაზე მოთამაშე ლასე შიონეს 58 პასი აქვს (დე იონგზე უმჯობესია, საერთოდ არ ვილაპარაკოთ, უხერხული იქნება).

ვან დე ბეეკის მთავარი ღირსება უბურთოდ მოძრაობის უნარია. იგი ვერტიკალურად ხაზებს შორის მოძრაობს და ძალიან კარგად შერბის საჯარიმოში დარჩენილ სივრცეებში.

როდესაც ტადიჩი სიღრმეში ამოდის, გათავისუფლებულ ზონაში სწორედ ვან დე ბეეკი შერბის. მცველებისთვის ამ ტიპის მოთამაშე ყველაზე რთული ოპონენტია - ერთი შეხედვით, შენი კარიდან შორს თამაშობს, თუმცა მოულოდნელად იხსნება და არასოდეს იცი, როდის შემოიჭრება საჯარიმოში.

რატომ შეცვლის დე იონგი ჩავის

როდესაც პირველად ფრენკი დე იონგის ბარსელონაში ტრანსფერის შესახებ გავიგე, დიდი ყურადღება არ მიმიქცევია - ჩავთვალე, რომ ბარსელონამ ინვესტიცია რიგით პერსპექტიულ ფეხბურთელში მოახდინა (კარგ შემთხვევაში დემბელე, ცუდ შემთხვევაში მალკოლმი წარმოვიდგინე). თუმცა, რამდენიმე პლეიოფური თამაშის შემდეგ დავრწმუნდი, რომ დე იონგი უკვე მზად არის, კატალონელთა ერთ-ერთ ლიდერად იქცეს. თუ მისი ასაკი არ იცი, იგი იმდენად ცივსისხლიანად და ტაქტიკურად განსწავლულად თამაშობს, რომ შეუძლებელია, მიხვდე, რომ თინეიჯერია.

მას თამაშში 76.7 პასი აქვს (89.6 ზუსტი პასები), ჰოლანდიის ჩემპიონატში კი მისი სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავია - 78.2 პასი თამაშში (91.2 % ზუსტი პასები).

დე იონგი აიაქსის მთელ თამაშს უძღვება და როდესაც მოთამაშე ასეთი სიზუსტით ასრულებს გადაცემებს, მისი პრესინგი შეუძლებელია - ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი დე იონგი სწორ გადაწყვეტილებას პოულობს.

თუ გავიხსენებთ, რომ აიაქსის მცველები, დე ლიხტი და განსაკუთრებით კი ბლინდი, რომელსაც ნომინალურ ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში, შეტევას ასევე ძალიან კარგად იწყებენ, მივხვდებით, რომ თითქმის შეუძლებელია, ამ აიაქსს შეტევის დაწყებაში შეუშალო ხელი.

ამავე დროს, დე იონგი კარგად მოძრაობს. როდესაც მეტოქე მასზე ზეწოლას ახდენს, იგი იცვლის პოზიციას - ან დაცვის ხაზში ჩამოდის და იქიდან იწყებს შეტევას, ან პირიქით, წინ ადის და მცველებს სივრცეს უთავისუფლებს.

ჩავის, ან ტიაგო ალკანტარასგან განსხვავებით, დე იონგს ის პლუსი აქვს, რომ ძალიან კარგად ეხმარება დაცვას. წლევანდელი ფორმაციის აიაქსიც, გარდა იმისა, რომ ტრადიციულად ძალიან კარგად უტევს, თავისი სტანდარტით საიმედოა დაცვაშიც. ეს მცველების გარდა ნახევარდაცვაში დე იონგი-შიონეს წყვილის დამსახურებაცაა.

აიაქსის აკადემია - აიაქსი და ბარსელონა

აიაქსის თამაში და, ზოგადად, ტოტალური ფეხბურთი, გუნდურ, ჰარმონიულ მოძრაობასა და თამაშის ერთიან გაგებაზე დგას. შეუძლებელია, ასეთი ხარისხით მაღალი პრესინგის თამაში ან ბურთის ფლობა, თუ მთელი გუნდი სინქრონულად, ერთ ორგანიზმად არ მოძრაობს. მით უმეტეს, იუვენტუსის, რეალის, ან ბაიერნის ტიპის გუნდების წინააღმდეგ, რომელთაც საშემსრულებლო ოსტატობა უფრო მეტი აქვთ, აიაქსი ფონს სწორედ გუნდურობით უნდა გავიდეს.

დელ პიერო იუვესთან თამაშის შემდეგ: „ყველაზე მეტად მათი შრომისუნარიანობა და ტექნიკა კი არ მომწონს, არამედ ის, თუ როგორ ფარავენ ისინი მთელ მოედანს, როგორ გრძნობენ ისინი დროს და სივრცეს, მათი ტაქტიკური განსწავლულობა - თანაც ამ ასაკში.“

თამაშის ერთიან ფილოსოფიას აიაქსის მოთამაშეები ბავშვობიდანვე აიაქსის აკადემიაში სწავლობენ. სწორედ ამიტომაც, თუნდაც 20 წლის ფეხბურთელს, მრავალწლიანი პრაქტიკა აქვს, თუ როგორ უნდა ითამაშოს ამ სტილში. აიაქსი ტრადიციულად სწორედ თავის აღზრდილებს ენდობა და გუნდის ძირითად ბირთვს სწორედ ისინი შეადგენენ. 1982 წლის შემდეგ არ ყოფილა არცერთი თამაში, რომ აიაქსი მოედანზე ერთი თავისი აღზრდილი მოთამაშე მაინც არ ჰყოლოდა.

აიაქსის აკადემიაში ბავშვებს 7 წლის ასაკიდან იღებენ და ისინი ყოველთვის, წლიდან წლამდე, ერთი სტილით, ერთი ტიპის ვარჯიშებით და ერთი ტაქტიკური კონცეფციის მიხედვით ვარჯიშობენ. სწორედ ამიტომ, დიდ გუნდში გადასვლის დროს, ისინი, თუნდაც ძალიან ახალგაზრდულ ასაკში მზად არიან აიაქსის თამაში ითამაშონ.

აიაქსის სტილი გავს ბარსელონას თამაშს. ეს შემთხვევითი არ არის, ორივე ამ გუნდის სათამაშო პრინციპები იოჰან კრუიფის საფეხბურთო ფილოსოფიას ეფუძნება. შემთხვევითი არც ის არის, რომ ტრადიციულად ბარსელონა ადვილად ენდობა და ყიდულობს აიაქსის აღზრდილებს კატალონელებმა იციან, რომ თითქმის გარანტირებულად, აიაქსის სათამაშო პრინციპებზე აღზრდილი მოთამაშეები ბარსელონაშიც იოლად ინტეგრირდებიან.

ორივე ამ გუნდს საერთო კიდევ ის აქვს, რომ ორივე ეყრდნობა თავისი საფეხბურთო აკადემიის აზრდილებს. იმისთვის, რომ სინქრონული და ჰარმონიული გუნდური მოძრაობა შექმნა, მოთამაშეების ერთიანი საფეხბურთო ხედვით აღზრდაა საჭირო. ეს კი აკადემიის გარეშე შეუძლებელია.

ტოტალური ფეხბურთი v ტიკი-ტაკა

ტოტალურ ფეხბურთზე საუბრის დროს, ხშირად ასოციაცია ჩნდება, რომ ეს თამაში (პრესინგი, ბურთის ფლობა, სინქრონული მოძრაობა და ა.შ.) მთლიანად იდენტურია ესპანური, უფრო სწორად, ბარსელონური ტიკი-ტაკასი. ორივე ეს სათამაშო ფილოსოფია მართლაც ჰგავს ერთმანეთს - შეუძლებელია ტიკი-ტაკა ითამაშო ტოტალური ფეხბურთის გარეშე.

მათ შორის არსებითი განსხვავება მხოლოდ ერთია: ჰოლანდიური ტოტალური ფეხბურთი ძირითადად მოთამაშეების მოძრაობას ეფუძნება, ტიკი-ტაკა კი ბურთის მოძრაობას.

კრუიფი: „როდესაც თამაშობ, სტატისტიკა ადასტურებს, რომ მოთამაშეს ბურთი საშუალოდ 3 წუთი აქვს თამაშში. ასე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რას აკეთებ შენ დანარჩენი 87 წუთი, როდესაც ბურთი არ გაქვს."

აიაქსის თამაში უფრო აგრესიული და ფეთქებადია, ისინი ბურთის ფლობის დროს თამაშის სწრაფად გამწვავებას ცდილობენ, თუნდაც სარისკო გადაწყვეტილების ფასად. ბარსელონას თამაში კი ბურთის უფრო ხანგრძლივად დაჭერას, შეტევისთვის საუკეთესო გაგრძელებისთვის ლოდინს და ამ მომენტის პოვნას ეფუძნება.

წაიკითხე | რატომ წააგო სიტიმ? პეპ გვარდიოლას პრობლემები პლეი ოფში

აიაქსის მთავარი პრობლემა

აიაქსის მთავარი პრობლემა ფინანსებს უკავშირდება. თანამედროვე ფეხბურთის ეკონომიკურ რეალობაში შეუძლებელია, ჰოლანდიის ჩემპიონატის გუნდმა თუნდაც რამდენიმე სეზონით თავისი ვარსკვლავების შენარჩუნება მოახერხოს. მხოლოდ ამ საუკუნეში აიაქსმა ტრანსფერებით 500 მილიონი ევრო იშოვა, რაც ამ ტიპის გუნდებისთვის საუკეთესო მაჩვენებელია მონაკოს და პორტუგალიური გრანდების შემდეგ.

ფეხბურთში ძალიან დიდი ფულის მოსვლასთან ერთად, სუპერკლუბები ცდილობენ, უფრო და უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ თავის აკადემიებს და ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები ადრეულ ასაკშივე წაიყვანონ თავის გუნდურ სისტემაში. თუნდაც 10-დან 1-მა ასეთმა ახალგაზრდა ძირითად შემადგენლობამდე რომ მიაღწიოს, კლუბს ეს მაინც ბევრად უფრო ნაკლები უჯდება, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელის ტრანსფერი.

აიაქსსაც აღარ აქვს მონოპოლია ახალგაზრდა ტალანტების მოძიებასა და აღზრდაზე, როგორც რამდენიმე ათწლეულის წინ. რომელიმე ექსელსიორის ან გრონინგენის ნიჭიერი ახალგაზრდა, შესაძლოა პირდაპირ მოხვდეს, მაგალითად, პრემიერლიგური გრანდების სკაუტების ყურადღების ცენტრში.

ეს ის მომენტია, როდესაც გულშემატკივარმა სიამოვნება უნდა მიიღო. ფეხბურთი, თუნდაც ნეიტრალურ გულშემატკივარს, ისეთი ფენომენების გამო უყვარს, როგორიც აიაქსია.

70-იანების ლეგენდარული გუნდის შემდეგ, აიაქსს 20 წელი დასჭირდა, ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე რომ დაბრუნებულიყო ლუი ვაი გაალის, კლუივერტის, დავიდსის, ოვერმარსის და სხვა ამსტერდამული სკოლისთვის ლეგენდად ქცეული მოთამაშეების გუნდით.

კრუიფი: „რატომ არ შეგვიძლია უფრო მდიდარი კლუბების დამარცხება? არასოდეს მინახავს, რომ ბევრ ფულს გოლი გაეტანოს.“

კიდევ 20 წლის შემდეგ, უკვე დე ლიხტი, დე იონგი და ტადიჩი არიან ევროპის საუკეთესო ოთხ გუნდს შორის - ერთი ნაბიჯიც და ისტორიული ფინალია. ბარსელონა, რეალი და იუვე ამ ეტაპზე შემდეგ წელსვე დაბრუნდებიან, ასეთ აიაქსს კიდევ როდის ვნახავთ, არავინ იცის - შეიძლება, სულაც კიდევ 20 წელიწადში. გარანტირებული მხოლოდ ის არის, რომ აიაქსის ფეხბურთი, ამ თამაშის ამსტერდამული ფილოსოფია არ შეიცვლება.

კომენტარები

ბოლო ამბები