Thumbnail
  • ბაიერნმა გერმანიის თასის 1/2-ფინალში სტუმრად ვერდერს ანგარიშით 3:2 მოუგო
  • სტუმრებმა ორბურთიანი უპირატესობა გაანიავეს და პენალტის წყალობით მოიგეს
  • ბრემენში გამართულ შეხვედრაში დუბლით რობერტ ლევანდოვსკი გამოირჩა

გერმანიის 2018/19 წლების თასის გათამაშებაში ფინალისტები გამოვლინდნენ. 25 მაისს, ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" ერთმანეთს მიუხენის ბაიერნი და ლაიპიციგი დაუპირისპირდებიან.

ლაიპციგმა ფინალში თამაშის უფლება წინა დღეს, სტუმრად მეორელიგელ ჰამბურგთან გამარჯვებით (3:1) მოიპოვა, მიუნხენელებმა კი ასევე გასვლაზე ვერდერს დრამატულ მატჩში აჯობეს და ახლა შანსი აქვთ, ორწლიანი პაუზის შემდეგ, ტიტული კვლავ დაისაკუთრონ, რომელიც ისტორიაში ყველაზე მეტჯერ აქვთ მოგებული - 18-ჯერ.

თომას მიულერი ბაიერნს ფინალში გასვლაში გოლით დაეხმარა

ბრემენში, "ვიზერშტადიონზე", ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა. დიაგონალური ჩაწოდების შემდეგ, სტუმართა კაპიტანმა თომას მიულერმა ძალიან მახვილი კუთხიდან ბურთი თავით კარისკენ გაუშვა. ბურთი ძელს მოხვდა, ვერდერის მეკარეს და მცველებს კი ბაიერნის პოლონელმა ბომბარდირმა დაასწრო.

შესვენების შემდეგ გატანილი გოლით უკვე თავად ბაიერნის კაპიტანი გამოირჩა. მიულერმა შეცვლაზე შემოსული ლეონ გორეტცკას პასით (უფრო კარში დარტყმას ჰგავდა) ისარგებლა და თითქოს საბოლოო წერტილიც დასვა - 0:2. 

მაგრამ ბრემენელებმა ორწუთიან მონაკვეთში პატარა საოცრება მოახდინეს. ჯერ ოსაკომ ისარგებლა რაშიცას კარგი პასითა და ბაიერნის მცველების უყურადღებობით და სხვაობა შეამცირა.

აქედან ერთ წუთში კი უკვე თავად კოსოვოელმა ნახევარმცელმა შეაგდო, რომელმაც ლამის მოედნის ცენტრიდან იარა მეტოქის კარამდე, აუარა გვერდი ყველას და ყველაფერს და შორეული ძელის დახმარებით შეაგდო - 2:2.

შეხვედრის ბედი კინგსლი კომანის წაქცევისთვის დანიშნულმა 11-მეტრიანმა გადაწყვიტა. რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტის ნიშნულიდან შანსი არ დაუტოვა პავლენკას და თავისი გუნდი თასის ფინალში გაიყვანა.

ვერდერი 2:3 ბაიერნი

გოლები: 0:1 ლევნადოვსკი (36’), 0:2 მიულერი (63’), 1:2 ოსაკო (74’), 2:2 რაშიცა (75’), 2:3 ლევანდოვსკი (პენ. 80’)

ვერდერი (4-3-3): პავლენკა - გებრე, ველკოვიჩი, მოისანდერი, აუგუსტინსონი (81’ ჰარნიკი) - მოვალდი (65’ პისარო), მ. ეგეშტაინი, კლასენი (89’ ვ. ეგეშტაინი) - ოსაკო, კრუზე, რაშიცა.

ბაიერნი (4-2-3-1): ულრიხი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - მარტინესი, ალკანტარა (76’ როდრიგესი) - გნაბრი (58’ გორეტცკა), მიულერი (89’ რაფინია), კომანი -  ლევანდოვსკი.

კომენტარები

ბოლო ამბები