Thumbnail

ბარსას ექსპრეზიდენტი გაამართლეს - სანდრო როსელი ფულს არ ათეთრებდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას ექსპრეზიდენტს ფულის გათეთრების საქმეზე 11 წლით ციხე ემუქრებოდა
  • სანდრო როსელი, მისი მეუღლე და კიდევ 4 პირი ესპანურმა სასამართლომ გაამართლა

ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი, ორწლიანი გამოძიების შემდეგ, უდანაშაულოდ ცნეს ფულის გათეთრების საქმეში. ესპანურმა ნაციონალურმა სასამართლომ 55 წლის ფუნქციონერი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაამართლა.

პროკურატურამ სანდრო როსელის, მისი მეუღლის მარტა პინედასა და კიდევ 4 პირის მიმართ საქმე კორპორატიული სტრუქტურით შენიღბული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის ფაქტზე აღძრა, რომელიც, გამოძიების ვერსიით, ფულს ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტთან, რიკარდო ტერა ტეშეირასთან ერთად ათეთრებდა. საქმე ბრაზილიის ნაკრების 24 მატჩის აუდიოვიზუალური უფლებების გაყიდვასა და სპორტული ტანსაცმლის მსხვილ მწარმოებელთან დადებულ სპონსორულ კონტრაქტს ეხებოდა. 

სანდრო როსელს მართლმსაჯულებასთან პრობლემები ნეიმარის ტრანსფერის გამოც შეექმნა

ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც 2017 წლის მაისში დააკავეს, 21 თვე (643 დღე) პატიმრობაში გაატარა. ფუნქციონერმა ციხე წელს თებერვალში დატოვა, თუმცა გამოძიება გაგრძელდა. პროკურატურა მისთვის თავისუფლების 11 წლით აღკვეთას ითხოვდა.
 
სანდრო როსელი ბარსელონას პრეზიდენტის თანამდებობას 2010-14 წლებში იკავებდა. თანამდებობა კი მან ნეიმარის ტრანსფერის საქმეზე დაწყებული გამოძიების გამო დატოვა. ერთი ხანობა მედია როსელს შავ ბაზარზე ადამიანის ორგანოს შეძენასაც კი აბრალებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები