Thumbnail

აიაქსის 160 გოლი სეზონში! ახალი რეკორდი ჰოლანდიური ფეხბურთის ისტორიაში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • აიაქსი ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს
  • ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ, ამსტერდამელებმა ახალი რეკორდი დაამყარეს

ამსტერდამის აიაქსი ამ სეზონში შეუჩერებელია! ამის დასტურია არა მხოლოდ ის, რომ ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ჯერ მადრიდის რეალი დაამარცხა, მერე კი ტურინის იუვენტუსიც და ნახევარფინალში გავიდა, არამედ ისიც, რომ გუნდი სამ ტიტულს უმიზნებს და ახლა, ჰოლანდიური ფეხბურთის ისტორიაში ახალი რეკორდიც დაამყარა.

აიაქსმა ვიტესი 4:2 დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამსტერდამულ კლუბს ამ სეზონში, ყველა ტურნირზე, უკვე 160 გოლი აქვს გატანილი! ამდენი გოლი ერთ სეზონში სხვა არცერთ ჰოლანდიურ კლუბს, არასდროს გაუტანია!

აიაქსმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში იუვენტუსი დაამარცხა

ისტორიული შედეგის დაფიქსირებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის დუშან ტადიჩს, რომელმაც ამ სეზონში 24 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა. წინა რეკორდი ალკმაარს ეკუთვნოდა - გუნდმა, სადაც შოთა არველაძემ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაატარა, 1980/81 წლების სეზონში 158 გოლის გატანა შეძლო.

ჰოლანდიის მიმდინარე ჩემპიონატში, სადაც პირველობისთვის აიაქსი (80 ქულა) და პსვ ეინდჰოვენი (77) იბრძვიან, ამსტერდამელებს 111 გოლი აქვთ გატანილი. აღსანიშნავია, რომ ეინდჰოვენს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ჰოლანდიის ჩემპიონატის ბედი სწორედ ბურთების შეფარდებამ გადაწყვიტოს.

მომდევნო კვირის სამშაბათს აიაქსი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში ტოტენჰემს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები