Thumbnail
  • კრიშტიანომ ტურინელებს ზაფხულში გუნდის გასაძლიერებლად თავისი ხედვა გააცნო
  • 34 წლის პორტუგალიელმა 6 მოთამაშე დაასახელა, რომლებიც იუვენტუსს გააძლიერებენ
  • ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან ორი მადრიდის რეალის ღირსებას იცავს

კრიშტიანო რონალდო ტურინიდან არსად მიდის. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, რომელიც ახლახან ჩემპიონთა ლიგას ¼-ფინალიდან დაემშვიდობა, მაგრამ სამაგიეროდ, სერია A-ს გამარჯვებული გახდა, უკვე უარყო ჭორები იუვენტუსის ვადამდე შესაძლო დატოვების შესახებ. მეტიც, რონალდო მომავალი სეზონისთვის გუნდის გაძლიერებაზე ზრუნავს. 

მეტი ამ თემაზე: ‘1000 პროცენტით გადაწყვეტილია!’ - კრიშტიანო რონალდომ მომავალზე ილაპარაკა

იტალური მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდომ ტურინული კლუბის ხელმძღვანელობას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარასთან დაკავშირებით, თავისი ხედვები გააცნო. როგორც ირკვევა, პორტუგალიელმა ექვსი ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც, მისი აზრით, გუნდს მომავალ სეზონში გააძლიერებენ და ჩემპიონთა ლიგაში წარმატების მიღწევაში დაეხმარებიან.

კრიშტიანო რონალდოს სიაში მისი თანამემამულე, ბენფიკას თავდამხმელი ჟოაო ფელიქსია. ცნობილია, რომ 19 წლის ტალანტის გადაბირება არაერთ ევროპულ გრანდს, მათ შორის იუვენტუსსაც სურს და ბენფიკა მას 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს. 

ჟოაო ფელიქსს ახალ კრიშტიანო რონალდოსაც უწოდებენ

რონალდოს იუვენტუსში ასევე სურს, მადრიდის რეალში თავისი ყოფილი თანაგუნდელების: 25 წლის ფრანგი მცველის რაფაელ ვარანისა და 27 წლის ესპანელი ნახევარმცველის ისკოს ხილვა. 

პორტუგალიელის აზრით, ტურინელებს დაცვაში 27 წლის ბერძენი კოსტას მანოლასი (რომა), ნახევარდაცვის ხაზში კი 22 წლის ფრანგი ტანგი ნდომბელეც (ლეონი) გამოადგებიან. 

რეალში ზიდანის მოსვლის შემდეგ ისკოს მდგომარეობა გაუმჯობესდა

კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვის დამატებასაც კრიშტიანო ტურინელებს ურჩევს, ფიორენტინას 21 წლის გარემარბი ფედერიკო კიეზაა. ცნობილია, რომ ამ უკანასკნელზე თვალი მიუნხენის ბაიერნს, მილანის ინტერსა და ნაპოლისაც უჭირავთ.

ფედერიკო კიეზას მსურველები არამარტო იტალიაში ჰყავს

იუწყებიან, რომ კრიშტიანო რონალდომ ყველა კანდიდატურა პირადად გუნდის მთავარ მწვრთნელთან, მასიმილიანო ალეგრისთან განიხილა.

კრიშტიანო რონალდო ტურინის იუვენტუსის ღირსებას 2018 წლის ზაფხულიდან იცავს. 34 წლის პორტუგალიელი ახლახან პირველი ფეხბურთელი გახდა, ვისაც ინგლისის პრემიერლიგა, ესპანური ლა ლიგა და იტალიური სერია A აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები