Thumbnail
  • ხოსეპ გვარდიოლამ მანჩესტერული დერბის წინ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
  • პეპი არ ეთანხმება სულშერს, რომელიც ამბობს, რომ სიტი უხეშად თამაშობს

დღეს მანჩესტერული დერბია, რომელსაც ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს - სიტი ინგლისის ჩემპიონობისთვის იბრძვის, იუნაიტედს კი - ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება უნდა. უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, მანკუნიანელთა მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა მეტოქე გააკრიტიკა - ნორვეგიელის თქმით, მანჩესტერ სიტის ფეხბურთელები ზედმეტად ხშირად უხეშობენ. გვარდიოლა სულშერის განცხადებას გამოეხმაურა.

პეპ გვარდიოლა ოლე გუნარ სულშერის განცხადებით გაკვირვებულია

‘მართლა ასე თქვა? გამოდის, რომ ჩვენ მათ შეჩერებას ჯარიმებით ვეცდებით? არ მომწონს, რასაც ამბობს. ჩემი გუნდი ოდნავადაც არ არის ორიენტირებული უხეშობასა და ჯარიმებზე. პირიქით!” - განაცხადა პეპმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

მანამდე, სულშერმა გააკეთა კომენტარი, რომელშიც სიტის თამაშის სტილი გააკრიტიკა: “როცა დერბის დროს ბურთს ხელში ჩავიგდებთ, მზად უნდა ვიყოთ, რომ ისინი ძალიან აგრესიულები იქნებიან. მოწინააღმდეგეებს ფეხებში და ძვლებში ურტყამენ ხოლმე. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენ კონტრშეტევებზე არ წავიდეთ. ცხადია, ხშირადაც დაჯარიმდებიან. შეეცდებიან, რომ რაც შეიძლება მალე, ჩვენსავე ნახევარზე შეგვაჩერონ.” - თქვა იუნაიტედის ნორვეგიელმა დამრიგებელმა.

გვარდიოლა ფიქრობს, რომ სულშერს ასეთი განცხადებებით დერბის მთავარ მსაჯზე ზემოქმედება სურს. “არასდროს, არცერთი მატჩისთვის მომზადებისას არ მიფიქრია იმაზე, რომ ფეხბურთელებისთვის უხეშობა დამევალებინა. უმჯობესია, თვითონ ფეხბურთელებს ჰკითხოთ. ჰკითხეთ ნებისმიერს, ვისაც ბარსელონაში, ბაიერნში, ან სიტიში ვწვრთნიდი,” - აცხადებს პეპი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის სეზონის დამთავრებამდე 4 ტურით ადრე, სიტი ლივერპულს ორი ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები