Thumbnail
  • ტიტულოვანმა სპორტსმენმა პეკინის მსოფლიოს თასის ეტაპზე მე-5 ადგილი დაიკავა
  • 50 წლის ნინო სალუქვაძე კარიერაში მეცხრე ოლიმპიადაზე მიიღებს მონაწილეობას

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ტიტულოვანმა სპორტსმენმა ეს პეკინში დღეს დაწყებულ ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს თასზე შეძლო. 

ნინო სალუქვაძე 2012 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდის მედროშე იყო

მსოფლიოს თასის მეორე ეტაპზე, პნევმატური პისტოლეტიდან სროლის ტურნირში ნინო სალუქვაძემ 578 ქულით ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა, იქ კი 176.9 ქულით საბოლოოდ მეხუთე შედეგი აჩვენა. გამარჯვება კორეელმა მინჯუნ კინმა შეძლო (245.0), მეორე-მესამე ადგილები კი შესაბამისად, რუსმა ვიტალინა ბაცარაშკინამ და ვერონიკა მაიორმა დაიკავეს. ვინაიდან ნინოზე უკეთესი შედეგის მქონე სპორტსმენებს ლიცენზიები უკვე მოპოვებული აქვთ (მინჯუნ კინის გარდა), ორიდან ერთი საგზურის მფლობელი სწორედ ქართველი ტყვიის მსროლელი გახდა.

ნინო სალუქვაძისთვის ტოკიოს თამაშები, რომელიც 2020 წლის 24 ივლისს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება, კარიერაში მეცხრე ოლიმპიადა იქნება. 

პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ქალთა ტურნირის ჩვენი კიდევ ერთი მონაწილე ლიზი კილაძე იყო, რომელმაც 563 ქულით მე-60 ადგილი დაიკავა.

პეკინი პნევმატური იარაღიდან სწროლაში მსოფლიოს თასის მორიგ ეტაპს 21-29 აპრილს მასპინძლობს და იქ საქართველოს ნაკრები 4 სპორტსმენით გამოდის. სალუქვაძისა და კილაძის გარდა, ამ სალიცენზიო შეჯიბრებაში ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძეც გამოვლენ. 

პეკინში მიმდინარე მსოფლიოს თასზე 25 აპრილს შერეული წყვილები იასპარეზებენ (სალუქვაძე-მაჭავარიანი და კილაძე-ქადაგიძე), 27-ში ვაჟები 10-მეტრიან დისტანციაზე ისვრიან, ქალები - 25-მეტრიან დისტანციაზე, სპორტული პისტოლეტიდან.

დედა-შვილი - ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი ერთად პეკინშიც ისვრიან

პეკინის მსოფლიოს თასზე ოლიმპიადის 2-2 საგზური გაიცემა და ადგილმონაცვლეობის პრინციპიც იმოქმედებს. თუკი პირველ-მეორე ადგილზე უკვე ლიცენზირებული სპორტსმენ იგავა, საგზური მომდევნოს გადაეცემა. 

კომენტარები

ბოლო ამბები