Thumbnail

NBA | დაუჯერებელი სამქულიანი! პორტლენდმა ოკლაჰომა სასწაული ბაზერბითერით გააგდო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ოკლაჰომა სითი თანდერი პლეი ოფიდან გავარდა!
  • პორტლენდმა სერია 4:1 მოიგო
  • ნახეთ დამიან ლილარდის გრანდიოზული და გადამწყვეტი სამქულიანი

რასელ ვესტბრუკს შეუძლია, საკუთარი სამმაგი დუბლები ითვალოს, მისი ოკლაჰომასთვის კი სეზონი დამთავრებულია! სითი თანდერი პორტლენდთან მეხუთე შეხვედრაში დრამატულად, 115:118 დამარცხდა - ტრეილ ბლეიზერსი კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა, ვესტბრუკს კი შეუძლია, მორიგი სამმაგი დუბლის შესრულება მომდევნო სეზონში დაგეგმოს.

მატჩის გმირი: დამიან ლილარდი ბოლო წამებზე ჩაგდებულ სამქულიანს ზეიმობს

რასელის გვარი უკვე ორჯერ ვახსენეთ. არადა, ამ მატჩის გმირი დამიან ლილარდი გახდა, რომელმაც 50 ქულის დაგროვება შეძლო, მაგრამ მისი ამბავი ამით არ მთავრდება. საქმე ისაა, რომ საფინალო სირენამდე წამებით ადრე, როცა ანგარიში 115:115 იყო, მან დაუჯერებელი სამქულიანის სროლა გარისკა! ლილარდმა დაახლოებით 11 მეტრიდან ისროლა და… ჩააგდო! რა მოხდა მერე, ამაზე აღარაფერს დავწერთ…

📺 ვიდეო: დამიან ლილარდის ბაზერბითერი სამიანი

არადა, როგორც უკვე ვთქვით, ოკლაჰომა კარგად იბრძოდა: ვესტბრუკმა სამმაგი დუბლი შეასრულა (29 ქულა, 11 მოხსნა, 14 პასი), პოლ ჯორჯმა კი 36 ქულა და 9 მოხსნა გააკეთა. მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ოკლაჰომა 6 ქულითაც კი იგებდა. მაგრამ ეს ლილარდის დღე იყო!

ამრიგად, პორტლენდი დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალშია, სადაც დენვერსა და სან ანტონიოს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ვესტბრუკისა და კომპანიისთვის კი სეზონი, მოულოდნელად, ნაადრევად დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები