Thumbnail
  • ესპანური მედია პაპუნაშვილის სავარაუდო ტრანსფერზე
  • სარაგოსას 23 წლის ლეგიონერის გაყიდვა სურს
  • ლა ლიგის გუნდებისთვის პაპუნაშვილი 20 მილიონი ღირს

არაგონული გაზეთი El Periódico de Aragón ამტკიცებს, რომ სარაგოსა გიორგი პაპუნაშვილს სეზონის ბოლოს ტრანსფერზე დააყენებს. იმის მიუხედავად, რომ გიორგიმ 2022 წლამდე გაახანგრძლივა ლა ლიგა 2-ის კლუბთან კონტრაქტი, ესპანური მედიის აზრით, მისი დარჩენის ალბათობა ძალზე მცირეა. 

transfermarkt.com-ის ინფორმაციით, გიორგი პაპუნაშვილი თბილისის დინამოდან სარაგოსაში 2017 წლის ივლისში 300 ათასი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მისთვის საუკეთესო შარშანდელი სეზონი იყო, როცა 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა და სარაგოსასთან ერთად ლა ლიგის პლეი ოფშიც ითამაშა და ლა ლიგის გუნდების დაინტერესებაც დაიმსახურა. მისთვის ვარსკვლავური იყო ალბასეტესთან მატჩი, როცა ქართველმა შემტევმა ჰეთ თრიკი შეასრულა

სამწუხაროდ, ამ სეზონში სწორედ ალბასეტესთან მატჩში დაიშავა კოჭი მან. თავიდან ექიმებს ტრავმა სერიოზული არ ეგონათ, მაგრამ პრობლემა ქრონიკულში გადაიზარდა - გიორგი ზამთარში 4 თამაშით დაბრუნდა, მას მერე კი ისევ უქმობს. ლა ლიგა 2-ის 9 მატჩში მას 1 გოლი აქვს გატანილი.

"სარაგოსამ გადაწყვიტა, ქართველი ტრანსფერზე დააყენოს. გუნდი ნებისმიერ შემოთავაზებას განიხილავს. თუ განსაკუთრებულად არ შეიცვალა სიტუაცია, იმის ალბათობა, რომ "პაპუ" სარაგოსაში გააგრძელებს კარიერას ძალიან მცირეა. არადა, მან ერთი წლის წინ 2022 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი, მაგრამ მას მერე მარცხენა კოჭის პრობლემა აწუხებს", - წერს გაზეთი.

23 წლის პაპუნაშვილს სარაგოსამ გასულ ზაფხულს შესთავაზა კონტრაქტის გახანგრძლივება უკეთესი პირობებით. მისი გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი ევროა, თუ ქართველის წაყვანა ლა ლიგა 2-ის გუნდს მოუნდება, თუკი ლა ლიგის გუნდი დაინტერესდება - 20 მილიონი.

El Periódico de Aragón წერს, რომ სარაგოსა უფრო მოგებული დარჩებოდა, გასულ წელს პაპუნაშვილი რუსეთში რომ გაესხვისებინა. ახლა, რა თქმა უნდა, ტრავმების გამო, ქართველი ლეგიონერის ფასი დაცემულია. თუმცა თუ გაზეთს დავუჯერებთ, მისი ყიდვა კვლავ სურთ რუსეთში, ასევე ბელგიაში და არის დაინტერესება აშშ-დან, თუმცა ჯერჯერობით, კონკრეტული არაფერია. 

კომენტარები

ბოლო ამბები