Thumbnail

Mortal Kombat 11 - ლეგენდარული თამაშის ახალი ვერსია

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Mortal Kombat 11 დღეს გამოვიდა
  • თამაში ოთხ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი
  • კრიტიკოსები MK11-ს მაღალ შეფასებას აძლევენ

წლის ყველაზე უფრო სასურველი ფაითინგ ვიდეო თამაში უკვე გამოვიდა - Mortal Kombat 11 გეიმერთათვის ხელმისაწვდომი დღეიდანაა. თამაშის განხილვები უკვე იწერება და როგორც ჩანს, Mortal Kombat-ის ერთ-ერთ საუკეთესო ინსტალაციასთან გვაქვს საქმე, თუ საუკეთესოსთან არა.

ჩვენ მოგაწვდით ყველანაირ ინფორმაციას, რაც თამაშის შესახებ უნდა იცოდეთ და შევეხებით პერსონაჟებს, გეიმფლეის, ფასს და სხვა საკითხებს.

რა არის Mortal Kombat?

Mortal Kombat ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ფაითინგ თამაშების სერიაა, რომლის პირველი ვერსიაც არკადული მანქანებისთვის 1992 წელს გამოვიდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა. თამაშის პრინციპი მარტივია - ორი მოთამაშე ირჩევს სასურველ პერსონაჟს და ერთმანეთთან სიკვდილამდე იბრძვიან.

სისხლიანმა გეიმფლეიმ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

იმ დროისთვის ზედმეტად სისხლიანმა გეიმფლეიმ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და მას შემდეგ თამაშის დეველოპერები ამ ნიშას მიჰყვებიან. Mortal Kombat-ის 27 წლიან ისტორიაში სულ 23 თამაში, საშინელი, მაგრამ მაინც ყველასთვის საყვარელი ფილმები, სერიალები, კომიქსები და 1994 წელს ტექნო ალბომიც კი გამოიცა.

იქნება თამაშში 'ფატალიტები'?

ვისაც Mortal Kombat ერთხელ მაინც უთამაშია, ყველას ემახსოვრება ეფექტური დამამთავრებელი მოძრაობები, რომლებსაც 'ფატალიტი' ერქვა. ყველა პერსონაჟს მისთვის დამახასიათებელი დამამთავრებელი უნარი ჰქონდა, რომლის შედეგადაც მეტოქე ნაწილებად იშლებოდა, იწვოდა, ან სხვა ბრუტალური სიკვდილის გამომწვევ დაზიანებებს იღებდა. რაც უფრო ვითარდება გრაფიკული ტექნოლოგიები, მით უფრო ეფექტური და ამავდროულად საზარელი ხდება თითოეული 'ფატალიტი'. ფრანჩაიზის მოყვარულები მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ 'ფატალიტები' Mortal Kombat 11-შიც იქნება. 

Warner Bros.-მა სპეციალური 'Fatalities Trailer'-იც კი შემოგვთავაზა, რომელმაც სისხლიანი მოძრაობების კრებული გვაჩვენა. თავის მოკვეთას, ნაწილებად დაჭრას, თუ გულის, ან სხვა ორგანოების ამოღებას ყველა მივეჩვიეთ, მაგრამ აქამდე არასდროს გვინახავს, რომ პერსონაჟს მისივე სისხლისგან შექმნილი იარაღი ანადგურებდეს

თრეილერის ხილვა თავადაც შეგიძლიათ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ახლახანს მიირთვით, რეკომენდებული ნამდვილად არ არის.

სიახლეები

ბუნებრივია, რომ 27 წლიან ისტორიაში თამაში არაერთხელ შეიცვალა და თითოეული ინსტალაცია გეიმერებს რაღაც ახალს და განსხვავებულს სთავაზობდა. როგორც მოსალოდნელია, Mortal Kombat 11-შიც ბევრი სიახლეა.

პერსონაჟებზე დეტალების შეცვლა და კუსტომიზაცია ახლა უკვე თავად მოთამაშეებს შეეძლებათ. ამაში Mortal Kombat 11 NetherRealm Studio-ს Injustice სერიას ბაძავს, რომელშიც DC-ს კომიქსების პერსონაჟებით მეგობართან ბრძოლა შეგიძლიათ.

პერსონაჟის აღჭურვა განსხვავებული იარაღებით, კოსტუმებით, ინტროებით და სხვა დეტალებითაა შესაძლებელი, რაც მათ მეტ ინდივიდუალიზმს მატებს.

ბებერი Raiden კვლავ ფორმაშია

რა თქმა უნდა, ცვლილებებია გეიმფლეის კუთხითაც. მოთამაშეებს ახლა ორი საზომი აქვთ - ერთი თავდაცვითი მოძრაობისთვის, მეორე კი შეტევითი. თუკი ორივეს მაქსიმუმამდე აიყვანთ, ამ შემთხვევაში 'ფატალური დარტყმის' შანსი მოგეცემათ, სპეციალური მოძრაობის, რომელიც მიუხედავად სახელისა, ბრძოლას არ ასრულებს.

გარდა ამისა, თუკი მოთამაშე იდეალურ ბლოკს შეასრულებს, მას შეუძლიათ მეტოქის შეტევა შეწყვიტოს და პირდაპირ საკუთარი კომბო დაიწყოს. უდავოა, რომ ამ ტექნიკას პროფესიონალები ხშირად გამოიყენებენ.

იქნება 'სთორი მოუდი'?

Mortal Kombat-ის სერიის თამაშები მხოლოდ მეგობრის დამარცხების და მისი პერსონაჟის ბრუტალური ხერხით მოკვლისთვის არ შექმნილა. ყველა თამაშს ჰქონდა ე.წ. 'სთორი მოუდი', რომელშიც გეიმერი ნელნელა ამარცხებს მტრებს და  როგორც სამყაროს, ასევე მასში განვითარებული მოვლენების შესახებ იღებს ინფორმაციას.

ისტორიის თრელიერში ჩვენ Kronika ვიხილეთ, ამოუცნობი ახალი პერსონაჟი, რომელიც გამარჯვებისთვის დროის მანიპულაციას ახდენს. საგულისხმოა, რომ ის ფრანჩაიზის ისტორიაში პირველი ქალი ბოსია.

თუკი თამაშს არ აპირებთ, მაგრამ ისტორია გაინტერესებთ, შეგიძლიათ YouTube-ზე Hollow-ის მიერ მომზადებული სერია იხილოთ.

პერსონაჟები

Sonya Blade-ს WWE-ს ქალთა ჩემპიონი, რონდა როუზი ახმოვანებს და ის ერთ-ერთი პირველი პერსონაჟია, რომელიც ვიცით რომ თამაშში აუცილებლად იქნება. Mortal Kombat 11-ში არის Baraka, Scorpion, Sub Zero, Raiden, Skarlet და ბევრი სხვა ნაცნობი პერსონაჟი. კიდევ ერთი ახალი მებრძოლი Geras-ია, რომელიც Kronika-ს ძლიერი და ერთგული მსახურია. Geras-ს ქვიშით მანიპულირების უნარი აქვს. 

Sonya Blade-ს რონდა როუზი ახმოვანებს

Mortal Kombat-ში უკვე მივეჩვიეთ 'სტუმარ' პერსონაჟებს, ასე რომ - Terminator, Spawn, Ash Williams და Joker მათ შორის არიან, ვისი არჩევაც უახლოეს თვეებში შეგეძლებათ.

დასკვნა

ამჯერად დასკვნისთვის პოპულარულ საიტებს მივენდობით - პრაქტიკულად ყველა გავლენიანმა ვებგვერდმა Mortal Kombat 11 სერიის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარა.

IGN-მა თამაშს 10-დან 9 ქულა დაუწერა. GameSpot-ის მიერ მომზადებულ განხილვაში კი ვკითხულობთ, რომ 'თამაში საოცრად ამაღელვებელია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად იცნობთ ფაითინგ ჟანრს'.

არანაკლებ შთამბეჭდავია Metro-ს ექსპერტების მოსაზრებაც - 'Mortal Kombat იმ დეტალებშია ძლიერი, რომლებსაც სხვა ფაითინგ თამაშები იგნორირებას უკეთებენ. ახალი ინსტალაცია, როგორც ვიზუალური, ასევე გეიმფლეის კუთხით, ძალიან შთამბეჭდავია.'

Mortal Kombat 11 ოთხ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი - PC, PS4, Xbox და Nintendo Switch. თამაშის შეძენა ოფიციალურ გვერდზე, 59.99$-ად შეგიძლიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები