Thumbnail

მომდევნო ზიდანი დიდ სცენაზე - რას უნდა ველოდოთ ზიზუს მესამე შვილისგან

გოტფრიდ ლენცი პროფილის ფოტო
გოტფრიდ ლენცი
  • ზინედინ ზიდანის მესამე შვილი მამას ყველაზე მეტად ჰგავს
  • 16 წლის თეო მალე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
  • როგორ ახასიათებენ მას იტალიელი, ინგლისელი და ფრანგი სკაუტები
  • სტატიის კითხვის დროს მოსასმენი სიმღერა

როდესაც მსოფლიოში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელს და, მით უმეტეს, სავარაუდოდ თამაშის ყველაზე ელეგანტური სტილით გამორჩეულს, 4 შვილი ჰყავს, ეს ფაქტი, ფეხბურთის მოყვარულებს, რა თქმა უნდა, ოცნების საშუალებას აძლევს.

ზინედინ და თეო ზიდანები

მოდით, გულახდილად ვთქვათ: მნიშვნელობა არა აქვს, ვისი ქომაგი ხარ, ნებისმიერ ფანს სურს, რომ კიდევ ერთხელ იხილოს მოედანზე ფეხბურთის თამაშის ისეთი შთამბეჭდავი სტილი, როგორითაც ზიზუ გამოირჩეოდა. ახლა უკვე 46 წლის ფრანგს მოედანზე ყველაფერი შეეძლო და მწვრთნელის რანგშიც ტიტულოვანია, მაგრამ იმ დროს, როცა ზიდანი თავისი თამაშით ყველას აღაფრთოვანებდა, უკან ვერ დავაბრუნებთ. შესაბამისად, იმედები მის შვილებზე, ენცოზე, ლუკაზე, თეოსა და ელიასზე უნდა დავამყაროთ.

მათ შორის ყველაზე უფროსი ენცოა, რომელიც ასევე შემტევი ნახევარმცველია, მაგრამ ის უკვე 24 წლისაა და ამ დროისთვის შვეიცარიული ლოზანადან ესპანურ რაიო მახადაჰონდაშია განათხოვრებული. შესაბამისად, უკვე ცხადია, რომ ენცო ვერ გახდა ახალი ზიზუ.

20 წლის ლუკას უკეთესი კარიერა აქვს, მადრიდის რეალშია და ახლახან დებიუტიც ჰქონდა, მაგრამ ის მეკარეა. ელიასი მხოლოდ 13 წლისაა და ჯერ არავინ იცის, როგორი ფეხბურთელი დადგება.

რჩება თეო ზიდანი, რომელიც 16 წლისაა და რეალის ბავშვთა გუნდში, სწორედ იმ პოზიციაზე თამაშობს, რომელზეც უფროსი ზიდანი თამაშობდა და თავისი საკუთარი, განუმეორებელი სტილი დაამკვიდრა. მოკლედ, თეო ათიანია, გამთამაშებელი!

თეო ზიდანი 16 წლისაა

ცოტა ხნის წინ L'Equipe-ში ერთ-ერთი ცნობილი იტალიელი სკაუტის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის შემდეგს ამბობდა: “ამის თქმა, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, მაგრამ დიახ: თეო თავისი მოედნის ხედვით და თამაშის სტილით ძალიან მაგონებს ზინედინ ზიდანს. გარდა იმისა, რომ ფიზიკურადაც ძალიან ჰგავს, მოედანზე ისე მოძრაობს და ისეთ პასებს აკეთებს, რომ სახე რომც ვერ დაინახო და არ იცოდე, ვისი შვილია, მაშინვე მიხვდები, ვინც არის.”

თეო და ზიდანის მეუღლე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე

1,91 მეტრი სიმაღლის მქონე თეო რეალის ბავშვთა გუნდში ჯერჯერობით ისე არ ბრწყინავს, რომ მთელი საფეხბურთო სამყარო მასზე ლაპარაკობდეს, მაგრამ შესაძლოა, ეს მდგომარეობა მალე შეიცვალოს - 3 მაისს ირლანდიაში ევროპის U17 ჩემპიონატი იწყება და თეო საფრანგეთის ნაკრების განაცხადშია!

კონტინენტის პირველობაზე თეო ზიდანი გუნდში ისეთ ტალანტებთან ერთად ითამაშებს, როგორებიც არიან ენცო მილო (მონაკო) და ადილ ოჩიჩე (პსჟ) და შეეცდება, თავისი უფროსი ძმის, ლუკას მიღწევა გაიმეოროს - ეს უკანასკნელი 4 წლის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა (ფინალში გერმანია 4:1 დაამარცხეს).

საფრანგეთის U17 ნაკრების მთავარი მწვრთნელი მაშინაც ჟან-კლოდ ჟიუნტინი იყო და ახლაც ის არის. “მას ტექნიკური სიმსუბუქე ახასიათებს, კარგად აკეთებს როგორც მოკლე, ისე გრძელ პასებს. ასევე გამოირჩევა თავით თამაშით. მოედანს მიღმა კი ძალიან თავმდაბალი და გაწონასწორებული ბავშვია,” - ასე ახასიათებს ის თეო ზიდანს.

რაც შეეხება თეოს ნაკლს: ერთ-ერთი ინგლისური კლუბის სკაუტს მიაჩნია, რომ თეოს თავისი სიმაღლის გამო ჯერჯერობით კოორდინაცია არ უვარგა, თუმცა ამბობს: “ცხადია, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს!”

“თეო ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. გამოირჩევა ტექნიკით და ჭკვიანური პასებით. სიმართლე გითხრათ, სირბილის სტილით ის რობერ პირესს მაგონებს,” - ეს ფრანგი სკაუტის სიტყვებია.

გახდება თუ არა 16 წლის თეო დიდი ფეხბურთელი? ამ კითხვაზე პასუხს მხოლოდ დრო გაგვცემს. ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი მისთვის პირველი დიდი საფეხბურთო სცენაა. საფრანგეთის U17 ნაკრების თამაშებისთვის თვალის დევნება ძალიან საინტერესო იქნება.

📺 ვიდეო: აი, ასე თამაშობს ფეხბურთს თეო ზიდანი

კომენტარები

ბოლო ამბები