Thumbnail
  • ფიფამ World Cup Trophy Tour დაიწყო.
  • საქართველოში მთავარი საფეხბურთო ჯილდო 8 თებერვალს გამოიფინება.
  • როცა საქართველო ვერ მიდის მსოფლიო თასთან, თასი მოდის საქართველოში. 

8 თებერვალს საქართველოს ფიფას მსოფლიო თასი ესტუმრება!

დღეს მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, კოკა-კოლასთან ერთად, World Cup Trophy Tour დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, მთავარი საფეხბურთო ჯილდო პლანეტის 6 კონტინენტს, 51 ქვეყნის 91 ქალაქს მოივლის და ათასობით ქომაგის წინაშე გამოიფინება. ტური მუნდიალის მასპინძელ რუსეთში დასრულდება.

კავკასიაში თასი ჯერ სომხეთს ესტუმრება (7 თებერვალს), იქიდან კი საქართველოში გადმოინაცვლებს და შემდეგ - აზერბაიჯანში.

მსოფლიო თასის მოგზაურობა ლონდონიდან დღეს დაიწყი, სადაც ტურის დაწყების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მასში მონაწილეობა ფეხბურთის ლეგენდებმა, ინგლისელმა ჯეფ ჰართსმა (1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი) და იტალიელმა ანდრეა პირლომ (2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი) მიიღეს. 

ლონდონიდან თასი ჯეფ ჰართსმა და ანდრეა პირლომ გამოაცილეს

ეს ისტორიაში თასის მეოთხე მსოფლიო ტურია, რომელსაც ფიფა ატარებს. ტროფეი საქართველოს გარდა, წელს ასევე პირველად ეწვევა ისლანდიას, ავსტრიას, მონღოლეთს...  

ფიფას მსოფლიო თასი, რომელიც პირველად მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულს (გერმანიას) გადასცეს, იტალიელი მოქანდაკის სილვიო გაცანიას ესკიზის მიხედვით დამზადდა. თასი 18-კარატიანი ოქროსგანაა (750 სინჯი, 5 კგ) ჩამოსხმული, მისი სიმაღლე 36,6 სმ-ია, წონა კი - 6,175 კგ. შეიცავს მალაქიტის ორი შრეს. კომპოზიციაში გამოსახულია ორი ადამიანი, რომლებსაც დედამიწა აქვთ აღმართული.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში, 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანიის ნაკრებია.

კომენტარები

ბოლო ამბები