Thumbnail
  • დეტროიტმა მილუოკისთან მეოთხე თამაშიც წააგო - 104:127
  • იანისი და კომპანია კონფერენციის ნახევარფინალში sweep-ით გავიდნენ
  • ჰიუსტონის მეორე რაუნდში გასვლა გადაიდო

როგორც მოსალოდნელი იყო, მილუოკი ბაქსმა ზაზა ფაჩულიას დეტროიტს მეოთხე დუელიც ადვილად, 127:104 მოუგო და NBA-ს პლეი ოფის მეორე რაუნდში ე.წ. sweep-ით გავიდა. ეს ბაქსის ბერძენი ლიდერის, იანის ანტეტოკუნმპოს დამსახურებაა, რომელმაც დეტროიტში 41 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი მიითვალა და მილუოკი ბოლო 18 წელიწადში პირველად გაიყვანა კონფერენციის ნახევარფინალში. შეგახსენებთ, რომ თავიანთი ერთადერთი ტიტული უისკონსინელებს 1971 წელს აქვთ მოგებული.

იანის ანტეტოკუნმპო და ანდრე დრამონდი

პისტონსიდან საუკეთესო რეჯი ჯექსონი გახლდათ 26 ქულით. ბლეიკ გრიფინმა, რომელიც პირველი მეოთხედის შემდეგ ტრავმით თამაშობდა, 22 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა დააგროვა. 30 წლის გრიფინი მატჩის ბოლოს, დეტროიტის ფანებმა უდიდესი ოვაციების ფონზე გააცილეს, რადგან პირველ რიგში სწორედ მისი დამსახურებაა, რომ პისტონსმა პლეი ოფში ითამაშა. ზაზა ფაჩულიას ამ შეხვედრაში არ უთამაშია.

მილუოკი ბაქსი აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში ბოსტონ სელტიკსს შეხვდება, რომელმაც პირველი რაუნდი ასევე 4:0 მოიგო.

📺 ვიდეო: დეტროიტი 104:127 მილუოკი (მიმოხილვა)

იუტამ ჰიუსტონს ერთი მოუგო

პლეი ოფის მეორე რაუნდში თამაშის განაღდება ჯეიმს ჰარდენის ჰიუსტონსაც შეეძლო, მაგრამ როკეტსი იუტა ჯაზსთან მეოთხე შეხვედრაში 91:107 დამარცხდა და სერიაში ანგარიში 3:1 გახდა. ჰიუსტონიდან საუკეთესო, რა თქმა უნდა, ჰარდენი იყო - მან 30 ქულა, 4 პასი და 3 მოხსნა დააგროვა. კრის პოლის ანგარიშზე 23 ქულა, 7 პასი და 8 მოხსნაა. იუტადან გმირი დონოვან მიტჩელი გახდა, რომელმაც 31 ქულა მოიპოვა და მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო. რიკი რუბიომ 18 ქულით და 11 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა.

მომდევნო მატჩი ხუთშაბათს, გამთენიისას გაიმართება - ჰიუსტონი იუტას უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გავა.

📺 ვიდეო: იუტა 107:91 ჰიუსტონი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები