Thumbnail
  • მილანის ინტერი არგენტინელთან გამოსამშვიდობებლად ემზადება
  • ინტერს მის შემცვლელად მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდი ესახება
  • რომელუ ლუკაკუ მილანელებს დაახლოებით 50 მილიონი დაუჯდებათ

მილანის ინტერი მაურო იკარდთან გამოსამშვიდობებლად ემზადება. 26 წლის არგენტინელ ფეხბურთელს ნერაძურის ხელმძღვანელობასთან პრობლემები ზამთარში, კონტრაქტის გახანაგრძლივების გამო შეექმნა და როგორც ჩანს, სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს შეიცვლის. 

როგორც იტალიური მედია იუწყება, ინტერს ყოფილი კაპიტნის გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი და პარალელურად, მის შემცვლელებს განიხილავს. მილანელები მთავარ კანდიდადატ მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს მიიჩნევენ. 

მილანურ კლუბში ფიქრობენ, რომ 25 წლის რომელუ ლუკაკუს, ასაკისა და პოტენციალის გათვალისწინებით, ყველა თვისება აქვს, რათა გუნდის ახალი "ცხრიანი" გახდეს. 

რომელუ წინააღმდეგი არაა, იტალიაში გადაბარგდეს, სადაც ლაციოში მისი უმცროსი ძმა, ჯორდანი გამოდის

მანამდე ინგლისურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ "წითელი ეშმაკები" ხელსაყრელი წინადადების შემთხვევაში, ზაფხულში ლუკაკუს გასხვისებაზე უარს არ იტყვიან. კლუბის შეცვლის სურვილი თავად ფეხბურთელსაც აქვს, რადგან მთლად კმაყოფილი არ არის იმ სათამაშო დროით, რასაც "ოლდ ტრაფორდზე" იღებს. ბელგიელის გადაბირებით, ინტერის გარდა, ასევე ინტერესდებიან პარი სენ-ჟერმენი და მიუნხენის ბაიერნი.

წერენ, რომ ბელგიელი ფეხბურთელის ტრანსფერი ინტერს დაახლოებით 50 მილიონი ევრო დაუჯდება, თავად რომელუ კი იტალიური კლუბისგან ხელფასად წელიწადში 10 მილიონი ევროს მოითხოვს. 

მიმდინარე სეზონში რომელუ ლუკაკუმ მანჩესტერ იუნაიტედის ღირსება 42 მატჩში დაიცვა, გაიტანა 15 გოლი და მითვალა 4 საგოლე პასი.

ბელგიელ თავდამსხმელს მანჩესტერ იუნაიტედთან, სადაც 2017 წელს ევერტონიდან, 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები