Thumbnail
  • ევროპის საუკეთესო ბომბარდირობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია
  • ჯილდოსთვის ბრძოლაში ლეო მესის მთავარი კონკურენტი კილიან მბაპეა

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ კვირას საღამოს სამი გოლი გაუტანა მონაკოს და ბარსელონას ლიდერ ლიონელ მესისთან "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლას აგრძელებს. 

ჯილდოს, რომელიც 1968 წლიდან არსებობს, კონტინენტის ლიგების საუკეთესო ბომბარდირს 1997 წლიდან ევროპული სპორტული გამოცემების გაერთიანება (European Sports Magazines) გადასცემს. 

რეიტინგის შედგენისას ითვალისწინებენ როგორც გატანილი გოლების რაოდენობას, ისე - ლიგის სიძლიერეს. ევროპის TOP5 (ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის) ლიგაში გატანილი გოლები 2-ზე მრავლდება, ხოლო იმ ქვეყნების ჩემპიონატებში, რომლებიც უეფას რეიტინგში მე-6-დან 22-მდე ადგილებს იკავებენ, გოლები 1,5-ზე მრავლდება. 

ამჟამად ლიონელ მესის 66 ბალი აქვს (33 გოლი გამრავლებული 2-ზე), მბაპეს კი - 60. ფეხბურთელებს შედეგის გასაუმჯობესებლად თავ-თავიანთ ჩემპიონატებში 5-5 მატჩი რჩებათ. 

20 წლის მბაპემ პსჟ-სთან ერთად ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა

"ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში ტოპათეული ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი (ბარსელონა): 33 გოლი (x2,0) / 66 ქულა
2. კილიან მბაპე (პსჟ): 30 გოლი (x2,0) / 60 ქულა
3. ფაბიო კვალიარელა (სამპდორია): 22 გოლი (x2,0) / 44 ქულა
4. მბაიე დიანი (გალათასარაი): 28 გოლი (x1,5) / 42 ქულა
5-7. კშიშტოფ პიონტეკი (მილანი): 21 გოლი (x2,0) / 42 ქულა
5-7. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი): 21 გოლი (x2,0) / 42 ქულა
5-7. ქარიმ ბენზემა (რეალი): 21 გოლი (x2,0) / 42 ქულა
8. ლუკ დე იონგი (პსვ): 27 გოლი (x1,5) / 40,5 ქულა
9-10. დუვან საპატა (ატალანტა): 20 გოლი (x2,0) / 40 ქულა
9-10. ლუის სუარესი (ბარსელონა): 20 გოლი (x2,0) / 40 ქულა.

ზედიზედ ბოლო ორ სეზონში "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში გამარჯვებული ლიონელ მესი ხდებოდა. ბარსელონას არგენტინელმა ფორვარდმა 2016/17 წლების ლა ლიგაში 37 გოლი გაიტანა, 2017/18 წლებში - 34. 

31 წლის არგენტინელ თავდამსხმელს კარიერაში "ოქროს ბუცი" ყველაზე მეტჯერ - ხუთჯერ აქვს მოგებული. ჯილდოს მფლობელი ოთხჯერ გახდა კრიშტიანო რონალდო.

კომენტარები

ბოლო ამბები