Thumbnail

რეალი | მარსელომ გადაწყვეტილება მიიღო! ბეილს გაანათხოვრებენ?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რეალი უკვე მომდევნო სეზონს გეგმავს
  • გარეთ ბეილს, დიდი ალბათობით, გაანათხოვრებენ
  • მარსელო ზიდანის დაბრუნებით ბედნიერია და გუნდში რჩება

მიმდინარე სეზონის დარჩენილ მატჩებში მადრიდის რეალს მხოლოდ ერთადერთი მიზანი აქვს - მოემზადოს მომდევნო სეზონისთვის. ცხადია, რომ ზაფხულში ‘სამეფო კლუბში’ ბევრი რამ შეიცვლება. ვინ წავა? ვინ მოვა? კვირას რაღაც-რაღაცები გაირკვა.

ზინედინ ზიდანის რეალ მადრიდში დაბრუნებამ ბევრი გაახარა - მათ შორისაა გუნდის ბრაზილიელი მარცხენა მცველი მარსელოც, რომელსაც სანტიაგო სოლარის გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი ჰქონდა. ზიზუს ხელში კი ბრაზილიელი ისევ ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრია.

გარეთ ბეილი ალბათ წავა, მარსელო რეალში რჩება

ვრცელდებოდა ცნობები, რომ მარსელოს ტურინის იუვენტუსში გადასვლა სურდა, სადაც მისი უახლოესი მეგობარი კრიშტიანო რონალდო თამაშობს. ბრაზილიელი ამ ცნობებს არ უარყოფდა. მეტიც: თებერვალში მან იუვეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კლუბიც კი უწოდა. სოლარის გათავისუფლებისა და ზიდანის დაბრუნების შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა.

“ჩემს შესახებ ბევრი რამ ითქვა და დაიწერა. მინდა გითხრათ, რომ რეალი ჩემი სახლია. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ეს გუნდი ძალიან მიყვარს. ყოველთვის ვამბობდი, რომ რეალში ბედნიერი ვარ,” - განაცხადა 31 წლის მარსელომ ბილბაოსთან მატჩის შემდეგ, რომელიც მადრიდულმა გრანდმა ქარიმ ბენზემას ჰეთ-თრიკით 3:0 მოიგო.

სოლარი დაცვის მარცხენა ფლანგზე უფრო სერხიო რეგილონს ენდობოდა, ზიდანმა კი მარსელო გუნდის ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა. ფრანგმა რეგილონი მხოლოდ ეიბართან (2:1) ათამაშა და ისიც იმიტომ, რომ იმ შეხვედრაში მარსელო დისკვალიფიცირებული იყო.

ბეილის გაშვება თითქმის გადაწყვეტილია

გარეთ ბეილის მდგომარეობა კი არ იცვლება. თითქმის აღარავის სჯერა, რომ უელსელი მომდევნო სეზონსაც რეალში გაატარებს. ჟურნალისტები მას მუდმივად აკრიტიკებენ და მოტივაციას უწუნებენ. როგორც ირკვევა, არც ზიდანი გეგმავს მომდევნო სეზონს ბეილთან ერთად. თუმცა, 29 წლის უელსელს მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. ბოლო 4 თამაშიდან ბეილმა 3-ში შეცვლაზე ითამაშა, ბოლო გოლი კი, რეალის მაისურით, ზიდანის სადებიუტო მატჩში (2:0 სელტასთან), მარტში გაიტანა.

პრობლემა ისიცაა, რომ ბეილში აღარავინ გადაიხდის 100 მილიონ ევროს - რეალს, 2013 წლის ზაფხულში მისი ტრანსფერი სწორედ ამდენი დაუჯდა. ‘მარკა’ წერს, რომ მადრიდელები უელსელის განათხოვრებაზე ფიქრობენ. ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, ბეილის შეძენის სურვილით, რეალისთვის ჯერჯერობით არავის მიუმართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები