Thumbnail

შეხვეული მუხლი სეზონის ბოლომდე - გიორგი ჩაკვეტაძე ასე უფრო მშვიდად იქნება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გენტის ქართველი ნახევარმცველი ძირითადში ოთხთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა
  • 19 წლის ფეხბურთელმა ერთ ეპიზოდში მუხლი იტკინა, მაგრამ თამაში მაინც გააგრძელა
  • თამაშის შემდეგ ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე გენტის მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა

გიორგი ჩაკვეტაძეს მუხლთან დაკავშირებით კვლავაც პრობლემები აქვს, თუმცა როგორც ჩანს, მდგომარეობა საგანგაშო არაა. ყოველ შემთხვევაში, გენტის მთავარი მწვრთნელი იეს ტორუპი სამედიცინო შემოწმების ჩატარებამდე ასეთ ვარაუდს გამოთქვამს. 

გენტმა ჟუპილერ ლიგის საჩემპიონო პლეი ოფში პირველი ქულა მოიპოვა - კვირას სტუმრად ანდერლეხტს უგოლოდ დაშორდა და ამით წაგებათა 4-მატჩიანი სერია შეწყვიტა. 19 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მუხლის ტრავმით გამოწვეული რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს ახლახან დაუბრუნდა, გენტის ძირითად შემადგენლობაში წელს პირველად გამოჩნდა.

გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმამ ყველა შეაშინა 

ანდერლეხტთან შეხვედრაში გიორგი შეხვეული მუხლით თამაშობდა, ერთ ეპიზოდში კი ფეხი იტკინა და გულშემატკივრებიც შეაშინა და სამწრთნელო შტაბიც. საბედნიეროდ, ჩაკვეტაძემ თამაშის გაგრძელება მოახერხა, 59-ე წუთზე კი მწვრთნელმა თავის დაზღვევის მიზნით, მისი შეცვლა მაინც  გადაწყვიტა. 
 
"გიორგი სეზონის ბოლომდე მუხლზე სახვევით ითამაშებს და ამას დიდწილად უფრო ფსიქოლოგიური ხასიათის დატვირთვა აქვს. ასე უფრო თავდაჯერებული იქნება, - აქვეყნებს იეს ტორუპის სიტყვებს voetbalnieuws.be. -  მან ერთ-ერთ ეპიზოდში მუხლში ტკივილი იგრძნო, მაგრამ რაც მთავარია, შესვენების შემდეგაც შეძლო თამაშის გაგრძელება. თამაშის დასრულების შემდეგ მუხლზე ყინული დავადეთ, სამედიცინო გამოკვლევის პასუხი კი  ხვალ (ორშაბათს) გვეცოდინება. ყოველ შემთხვევაში, მოგვიანებით გიორგი თავს კარგად გრძნობდა".

აღსანიშნავია, რომ ანდერლეხტთან შეხვედრაში მოედანზე ბოლო წუთებზე გამოჩნდა გენტის მეორე ქართველი ლეგიონერი - გიორგი ქვილითაია.

გენტს ჟუპილერ ლიგაში მომდევნო მატჩი 27 აპრილს, ლიდერ გენკთან ელის, 1-ელ მაისს კი ქართველების გუნდი ბელგიის თასის ფინალში მეხელენს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები