Thumbnail

'რეალს ვუგულშემატკივრებ' - კილიან მბაპეს კომენტარი შესაძლო ტრანსფერზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პარი სენ-ჟერმენის ფორვარდმა რეალში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
  • 20 წლის ფრანგს უხარია, რომ მადრიდულ კლუბში ზიდანი დაბრუნდა

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელის კილიან მბაპეს მადრიდში რეალში შესაძლო ტრანსფერზე აქტიურად საუბრობდნენ. იმასაც იუწყებოდნენ, თითქოს 20 წლის ფრანგი ფეხბურთელი ესპანეთში გადაბარგების თაობაზე რეალის მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს ესაუბრა და ამავდროულად, პარიზული კლუბის პრეზიდენტისთვის, ნასერ ალ-ხელაიფისთვის გაშვების თხოვნით მიმართვას აპირებდა.

მეტი ამ თემაზე: არანორმალური შეთავაზება - რეალი კილიან მბაპეს ტრანსფერს და რეკორდს ამზადებს 

მაგრამ როგორც ჩანს, მსოფლიოს ჩემპიონი კლუბის შეცვლას არ აპირებს. 

"პარიზში ვრჩები. ამასთან, მაღელვებს რეალის ბედი და მიხარია, რომ იქ ზიდანი დაბრუნდა. დავაკვირდები მათ გამოსვლას, როგორც გულშემატკივარი", - თქვა მბაპემ Canal+-ის ეთერში.

კილიან მბაპე პსჟ-ში 2017 წლის ზაფხულში, მონაკოდან იჯარით გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კი პარიზელებმა ფეხბურთელის ტრანსფერი 135 მილიონ ევროდ გამოისყიდეს. ბონუსების ხარჯზე ამ თანხას შესაძლოა კიდევ 45 მილიონი დაემატოს.

მიმდინარე სეზონში კილიან მბაპემ პსჟ-ის მაისურით ყველა ტურნირის 40 მატჩი ითამაშა, გაიტანა 36 გოლი და შეასრულა 17 საგოლე პასი. ფრანგ თავდამსხმელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

პარი სენ-ჟერმენმა ლიგა 1-ის ბოლო ტურში მონაკო ანგარიშით 3:1 დამარცხა და ჩემპიონობა ტურნირის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გაინაღდა. ამ მატჩში მბაპემ ჰეთ თრიკი შეასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები