Thumbnail
  • ბოსტონ სელტიკსმა ინდიანა პეისერსს მეოთხე თამაშიც მოუგო და მომდევნო რაუნდშია
  • კონფერენციის ნახევარფინალთან გოლდენ სტეიტიც ახლოსაა
  • რასელ ვესტბრუკი ფორმაში არ არის - ოკლაჰომამ საქმე გაირთულა
  • ტორონტო რეპტორსი ორლანდო მეჯიქს 3:1-ს უგებს

NBA-ს რეკორდსმენმა ბოსტონ სელტიკსმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ინდიანა პეისერსის ბარიერი ძალიან ადვილად, sweep-ით გადალახა. 17-გზის ჩემპიონმა, რომლის ბოლო ტრიუმფი 2008 წლით თარიღდება, პეისერსს მეოთხე თამაშიც მოუგო (110:106 სტუმრად). 

ბოსტონელთა საუკეთესო მსროლელი გორდონ ჰეივორდი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა დააგროვა. ოლ ჰორფორდმა 14 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ინდიანადან, ბოიან ბოგდანოვიჩის ანგარიშზე 22 ქულა იყო. ბოსტონის მომდევნო მეტოქე უდიდესი ალბათობით მილუოკი ბაქსი იქნება, რომელიც ზაზა ფაჩულიას დეტროიტს უკვე 3:0-ს უგებს.

კონფერენციის ნახევარფინალთან ძალიან ახლოს არიან NBA-ს მოქმედი ჩემპიონი გოლდენ სტეიტი და აღმოსავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანი ტორონტო რეპტორსი - სერიას ორივე გუნდი 3:1-ს იგებს. უორიორსმა კევინ დურანტისა (33 ქულა) და კლეი ტომპსონის (32) კარგი თამაშის წყალობით, ლოს ანჯელეს კლიპერსი 113:105 დაამარცხა. ტორონტომ ორლანდო მეჯიქს 107:85 მოუგო - საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ (34 ქულა).

ოკლაჰომას კი პლეი ოფის პირველსავე წრეში მარცხის საფრთხე ემუქრება. სითი თანდერმა საკუთარ დარბაზში პორტლენდთან 98:111 წააგო და სერიაში უკვე 1:3-ს აგებს. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე პოლ ჯორჯი გახლდათ - მან 32 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. პორტლენდიდან საუკეთესო სი ჯეი მაკკოლუმი იყო - 27 ქულით. ოკლაჰომას ცუდი თამაში პირველ რიგში იმითაა გამოწვეული, რომ რასელ ვესტბრუკი ფორმაში არ არის. მან 21 მცდელობიდან მხოლოდ 5 ჩააგდო და საბოლოოდ, 14 ქულას, 7 პასს და 9 მოხსნას დასჯერდა, რაც ვესტბრუკისთვის ცუდი შედეგია.

კომენტარები

ბოლო ამბები