Thumbnail
  • დორტმუნდის ბორუსიამ ფრაიბურგი 4:0 დაამარცხა
  • მარკო როისის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე პასია
  • BVB ბაიერნს ისევ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება

როგორც მოსალოდნელი იყო, დორტმუნდის ბორუსიამ თავისი ერთ-ერთი უსაყვარლესი მეტოქე ფრაიბურგი სტუმრად ადვილად, 4:0 დაამარცხა და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მიუნხენის ბაიერნს ისევ 1 ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სეზონის დამთავრებამდე 4 ტურით ადრე, BVB-ს ფანები გერმანიის ჩემპიონობაზე ოცნებას აგრძელებენ.

9 წელია, ფრაიბურგს დორტმუნდისთვის არ მოუგია და ბრაისგაუელებს ვერც გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უშველათ, რომელიც ტრიბუნაზე იჯდა. BVB-ს იოლი მოგება ჯეიდონ სანჩოს და კაპიტან მარკო როისის დამსახურებაა. ზუსტად ისე, როგორც წინა ტურში, მაინცთან, სანჩომ ახლაც ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა - ფრაიბურგთან ანგარიში სწორედ მან გახსნა (როისის პასით). ეს სანმჩოს მე-11 გოლი იყო ამ სეზონში.

სანჩოს გოლის შემდეგ, ბორუსია არცისე კარგად თამაშობდა. მეტიც: ფრაიბურგი მთელ რიგ მომენტებში სჯობდა კიდეც ფავორიტს, მაგრამ მეორე ტაიმში დორტმუნდელებმა თავიანთი თამაში ისევ იპოვნეს და მარკო როისმა სეზონში მე-16 გოლით ფრაიბურგელთა იმედები დაასამარა. 79-ე წუთზე მარიო გიოტცემ მესამეც გაიტანა (ისევ როისის პასით), მატჩის მიწურულს კი, შეცვლაზე შესულმა პაკო ალკასერმა პენალტი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მატჩს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ესწრებოდა

“ამ შეხვედრაში ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი გოლი იყო, რომელმაც თავდაჯერება შეგვმატა. შესაძლოა, ასეთი დიდი ანგარიშით მოგებას არ ვიმსახურებდით. ჩემპიონობაზე ოცნებას ვაგრძელებთ,” - განაცხადა მატჩის შემდეგ როისმა.

ფრაიბურგი 0:4 დორტმუნდი

გოლები: 0:1 სანჩო (12), 0:2 როისი (54), 0:3 გიოტცე (79), 0:4 პაკო ალკასერი (87-პენ)

ფრაიბურგი (4-2-2-1-1): შვოლოვი - პ. შტენცელი, კ. შლოტერბეკი, ჰაინტცი, გიუნტერი - ჰაბერერი, ჰიოფლერი - ფრანტცი (70. გონდორფი), გრიფო - ვალდშმიდტი - ნიდერლეხნერი (66. დაფერნერი).

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - მ. ვოლფი (56. თოფრაქი), ვაიგლი, აკანჯი, დიალო - ვიტსელი, დილეინი - სანჩო, როისი, გერეირო (71. პულიშიჩი) - გიოტცე (79. პაკო ალკასერი).

 

კომენტარები

ბოლო ამბები