Thumbnail
  • დეტროიტმა მილუოკისთან მესამე მატჩიც წააგო
  • ზაზა ფაჩულიას გუნდი 103:119 დამარცხდა
  •  

NBA-ს პლეი ოფის პირველი რაუნდის მესამე მატჩში დეტროიტის მთავარი იმედი ბლეიკ გრიფინი იყო, რომელიც ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მას მერე, რაც პირველი ორი თამაში მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა, გრიფინი სასტარტო ხუთეულში გახლდათ.

ბლეიკ გრიფინი, ფაქტობრივად, მარტო იბრძოდა

მატჩი პისტონსისთვის კარგად დაიწყო: ლიუკ კენარდმა და რეჯი ჯექსონმა თამაში 5 ქულით გახსნეს, იანის ანტეტოკუნმპოს კი ბურთი ორჯერ დააკარგვინეს. თუმცა ამის შემდეგ ბაქსმა თამაში გამოასწორა - ბრუკ ლოპესი დაცვაში კარგად ეთამაშებოდა ანდრე დრამონდს, შეტევაში კი შესანიშნავი სამქულიანი ჩააგდო. მერე დეტროიტმა ზედიზედ 8 სროლა ვერ გამოიყენა, თუმცა ჯექსონისა და უეინ ელინგტონის სამიანებით თამაშში მაინც დაბრუნდა. თუმცა პისტონსმა თამაშის კარგი ხარისხი ვერ შეინარჩუნა და პირველი მეოთხედი 24:32 წააგო.

მეორე პერიოდში სხვაობა ნიკოლა მიროტიჩმა გაზარდა, მერე კი იანისმაც დაიწყო ქულების დაგროვება. თუმცა დეტროიტი ასე თუ ისე თამაშში რჩებოდა - გრიფინმა მალევე მიაღწია 13-ქულიან ნიშნულს, ჯექსონის ‘ჯამპერის’ შემდეგ კი ანგარიში 38:39 გახდა. თუმცა, მეორე პერიოდში მილუოკიმ მალევე აჩვენა, რატომაა ამ წყვილში უპირობო ფავორიტი: ლოპესი დრამონდთან დუელში დომინირებას აგრძელებდა - მას დაცვაში კარგად უმკლავდებოდა, შეტევაში კი ისევ სამქულიანით გამოირჩა. ერიკ ბლედსოსა და კრის მიდლტონის კარგი თამაშის წყალობით კი, 24 წუთის შემდეგ მილუოკი 67:54-ს იგებდა.

მესამე პერიოდში სუსტად მოთამაშე დრამონდმა მალევე აიღო მეოთხე ფოლი და პარკეტზე ზაზა ფაჩულიაც გამოჩნდა. სწორედ მეოთხე ფოლის გამო დაჯდა სკამზე ანტეტოკუნმპოც, მაგრამ ბლედსომ ორი ჩატენვით ფურორი მოახდინა და ბაქსის უპირატესობა 15 ქულამდე გაზარდა. მართალია, გრიფინს ამ დროისთვის უკვე 23 ქულა ჰქონდა, მაგრამ თანაგუნდელები სათანადოდ ვერ ეხმარებოდნენ. პისტონსს შეტევაში აღარაფერი გამოსდიოდა და მესამე პერიოდის მიწურულს უკვე აღარავის სჯეროდა, რომ დეტროიტი ამ თამაშის გადარჩენას შეძლებდა, რადგან ანგარიში უკვე 78:100 იყო.

ბოლო მეოთხედში მილუოკიმ აშკარად ძალების დაზოგვა დაიწყო. გრიფინი მაინც არ ნებდებოდა, მაგრამ ის ერთადერთი იყო დეტროიტიდან, ვინც ბოლომდე იბრძოდა. საფინალო სირენამდე 6 წუთი იყო დარჩენილი და რაკი სხვაობა არა და არ მცირდებოდა, დუეინ კეისიმ თავისი ვარსკვლავი თამაშიდან მოხსნა - გრიფინმა თამაში 27 ქულით, 6 პასითა და 7 მოხსნით დაასრულა. მილუოკიმ საბოლოოდ 119:103 მოიგო.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დეტროიტის სხვა არცერთ კალათბურთელს არ უთამაშია კარგად. დრამონდმა (12 ქულა, 12 მოხსნა) ლოპესს ვერაფერი მოუხერხა. ფაჩულიამ პარკეტზე 4 წუთი გაატარა და ამ დროში ვერც ქულა აიღო, ვერც მოხსნა გააკეთა და ვერც პასი. ქართველ ცენტრს მცდელობაც არ ჰქონია.

ანდრე დრამონდმა მხოლოდ 12 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა

მილუოკიდან იანისს საკმაოდ მშვიდი საღამო ჰქონდა - 28 წუთში მხოლოდ 14 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. ბაქსის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მიდლტონი გახდა - 20 ქულა, 8 მოხსნა. ასევე აღსანიშნავია ლოპესისა (19 ქულა, 7 მოხსნა, 5 ბლოკი) და ბლედსოს (19 ქულა) კარგი თამაში.

ამ წყვილში მე-4 მატჩი ორშაბათს გამთენიისას, ისევ დეტროიტში გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ანგარიში 4:0 გახდება მილუოკის სასარგებლოდ და ბაქსი მომდევნო წრეში თამაშს გაინაღდებს.

📺 დეტროიტი 103:119 მილუოკი (მიმოხილვა)

სხვა მატჩები

🏀 დენვერ ნაგეთსმა მეოთხე მატჩში, სტუმრად, სან ანტონიო 117:103 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2. საუკეთესო იოკიჩი გახლდათ, რომელმაც 29 ქულა, 12 მოხსნა და 8 პასი გააკეთა.

🏀 NBA-ს ერთ-ერთმა ფავორიტმა ჰიუსტონ როკეტსმა იუტა ჯაზს მესამე თამაშიც მოუგო - 104:101 სტუმრად. სერიაში ანგარიშია 3:0 - ჯეიმს ჰარდენის გუნდის სასარგებლოდ. ყველაზე მეტი ქულა დონოვან მიტჩელის (იუტა) ანგარიშზეა (34). ჰარდენმა 22 ქულა, 10 პასი და 4 მოხსნა მიითვალა, კრის პოლმა - 18 ქულა. კლინტ კაპელამ ორმაგი დუბლი შეასრულა - 11 ქულა, 14 მოხსნა.

🏀 ფილადელფიამ ბრუკლინი სტუმრად 112:108 დაამარცხა და უკვე 3:1-ს უგებს. საუკეთესო ჯოელ ემბიიდი გახლდათ, რომლის ანგარიშზე შესანიშნავი ორმაგი დუბლია - 31 ქულა, 16 მოხსნა. ბენ სიმონსის მონაგარი: 15 ქულა, 8 პასი, 8 მოხსნა.

კომენტარები

ბოლო ამბები