Thumbnail

საქართველო ევროპის ჩემპიონია! ზედიზედ მეორედ მოგებული ტიტული

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო (U18) 20:10 ესპანეთი (U18)
  • 18-წლამდე ბორჯღალოსნების მე-5 ფინალი და მეორე ტიტული

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები კალინინგრადში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრების დამარცხება მოახერხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა - 20:10.

ნახევარფინალში რუსეთთან მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, ''უმცროსმა ბორჯღალოსნებმა'' ესპანელებთან თამაში მძიმედ დაიწყეს და პირველი ნახევარი 6:10 დათმეს. მე-3 წუთზე საქართველო დაჩი პაპუნაშვილის ჯარიმით დაწინაურდა, რასაც ესპანელებმა ასევე ზუსტი ჯარიმით უპასუხეს. დავით ჩავლეიშვილის გუნდი წინ კიდევ ერთხელ გავიდა. პაპუნაშვილმა 21-ე წუთზე მეორე ჯარიმაც ზუსტად შეასრულა - 6:3.

ესპანეთმა 25-ე წუთზე ლელოს დადება მოახერხა, მეტოქემ გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და პირველი ნახევარი მათი გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ტაიმის 56-ე წუთზე ლუკა ივანიშვილმა ესპანელებს ლელო დაუდო, გარდასახვა ზუსტად შესრულდა და საქართველომ 3-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მატჩის 61-ე წუთზე გიორგი ქობალიამ ესპანელთა მორაგბის დარტყმა დაბლოკა, ბურთი გიორგი ყუფარაძეს მიუვიდა, რომელმაც მარტივად შეძლო ლელოს დადება. საქართველო ესპანეთთან 10 ქულით დაწინაურდა - 20:10.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა. ეს იყო ზედიზედ მე-5 ფინალი და ზედიზედ მე-2 ტიტული, რომელიც უმცროსმა ბორჯღალოსნებმა რუსეთში მოიპოვეს. 

საქართველო 20:10 ესპანეთი • ზედიზედ მეორედ მოგებული ევროპის ჩემპიონობა 🇬🇪❤

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 20 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები