Thumbnail
  • მანჩესტერ სიტი 1:0 ტოტენჰემი
  • გვარდიოლამ ტრავმის გამო დე ბრუინე დაკარგა
  • პეპის კომენტარი

ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურის ცენტრალური მატჩი "ეტიჰადზე" გაიმართა, რომელშიც პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიმ ტოტენჰემთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ორი მატჩის ჯამში დამარცხებისთვის შური იძია - 1:0. ამით გვარდიოლას გუნდი ჩემპიონატში გალიდერდა. 

გამარჯვების გოლი

მე-5 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულს სერხიო აგუერო თავით შეწვდა და შესანიშნავი საგოლე გადაცემაც გამოუვიდა, გოლი თავით ფილ ფოდენმა გაიტანა. ეს ამ შეხვედრის ერთადერთი გოლი გამოდგა. 

პირველ ტაიმში სიტიმ ტრავმის გამო კევინ დე ბრუინე დაკარგა, რომელმაც ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო. 

კევინ დე ბრუინე ისევ დაიმტვრა

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში დაუპირისპირდნენ. ტოტენჰემმა პირველი თამაში 1:0 მოიგო, საპასუხო დრამატულ მატჩში ამავე "ეტიჰადზე" გასულ ოთხშაბათს კი 3:4 დათმო და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით ნახევარფინალში გავიდა.
სიტის 86 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ ლივერპულს (კვირას კარდიფს ესტუმრება) ქულით უსწრებს. ტოტენჰემი 67 ქულით ჯერჯერობით მესამეზეა. 

დღეს შეიძლებოდა პრემიერლიგაც წაგვეგო 

პეპის შურისძიება

ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი): "ბოლო ორი დღე ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის გამო შეიძლებოდა, პრემიერლიგაც წაგვეგო.

როგორც ფეხბურთელი, მე ამას ვერ გავაკეთებდი, რაც დღეს ჩემმა ფეხბურთელებმა შეძლეს. დღეს თანაბარი თამაში იყო, რომელშიც ტოტენჰემმა მეტი საგოლე მომენტი შექმნა, ვიდრე ოთხშაბათს. ისინი არაფერს კარგავდნენ, ჩვენ კი - პრემიერლიგას. 

წელს ტიტული, რომც ვერ მოვიგოთ, ეს იყო დიდებული რბოლა. არ არის მნიშვნელოვანი, რა იქნება მომავალში. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვნახოთ, რა მოხდება. წელს ტიტულისთვის ვებრძვით ლივერპულს, გუნდს, რომლის მსგავსიც ცხოვრებაში იშვიათად მინახავს. თუ ტიტულს მოვიგებთ, ძალიან ბედნიერები ვიქნებით".  

მანჩესტერ სიტი 1:0 ტოტენჰემი

გოლი: 1:0 ფოდენი (5)

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, სტოუნსი, ლაპორტი, ზინჩენკო - დე ბრუინე (38. ფერნანდინიო), გიუნდოგანი, ფოდენი (85. დავიდ სილვა) - ბერნარდო სილვა, აგუერო (66. სანე), სტერლინგი

ტოტენჰემი (5-3-2): გაცანიგა - ფოიტი, დ. სანჩესი, ალდერვეირელდი (78. ფ. ლორენტე), ვერტონგენი, დევისი - ერიკსენი, დაიერი (61. ვანიამა), ალი (69. როუზი) - სონი, ლუკას მოურა 

კომენტარები

ბოლო ამბები