Thumbnail
  • 📅 20 აპრილი | ⌚ 20:00 | ⚽ იუვენტუსი V ფიორენტინა
  • 📅 20 აპრილი | ⌚ 22:30 | ⚽ ინტერი V რომა
  • 📅 22 აპრილი | ⌚ 21:00 | ⚽ ნაპოლი V ატალანტა

კვირას, 21 აპრილს, კათოლიკური სამყარო აღმდგომას ზეიმობს, მორწმუნე იტალიელებისთვის კი ეს ერთ იშვიათ გამონაკლისთანაა დაკავშირებული: არავითარი საფეხბურთო მატჩები ამ დღეს! შესაბამისად, სერია A-ს 33-ე ტურის 9 შეხვედრა შაბათს ჩატარდება, მეათე და სატურნირო თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული, ნაპოლი-ატალანტა კი ორშაბათს.

რაც მთავარია, ამ ტურში, ძალიან დიდი ალბათობით, სერია A-ს 2018/19 წლების სეზონის ჩემპიონის ვინაობას შევიტყობთ. 

სკუდეტო ნუგეშად

შაბათს იუვენტუსი ტურინში ფიორენტინას მასპინძლობს და მასიმილიანო ალეგრის გუნდი გამარჯვების შემთხვევაში ოფიციალურად გახდება იტალიის ჩემპიონი. "ბებერი ქალბატონისა" და მისი მთავარი ვარსკვლავისთვის, კრიშტიანო რონალდოსთვის ეს თუ იქნება ნუგეში ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალიდან გამოვრდნის შემდეგ. "იებთან" დაპირისპირებამდე ტურინელებმა საკუთარ მოედანზე აიაქსთან ანგარიშით 1:2 წააგეს და ტურნირს, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ, დაემშვიდობნენ.

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, იუვეში ალეგრის მომავალი ჯერ გაურკვეველია

აი, შიდა ასპარეზზე ალეგრის გუნდის ბედი კი კარგა ხანია ისედაც გადაწყვეტილია - 17-ქულიანი უპირატესობა მეორე ადგილზე მყოფ ნაპოლისთან. იუვეს წერტილის დასასმელად ქულაც ჰყოფნის. 

ფიორენტინას საჩემპიონო მატჩს "ალიანც იუვენტუსზე" ტრავმირებული მარტინ კასერესი გამოტოვებს. კვლავ რჩება კითხვები ჯორჯო კიელინის, მარიო მანჯუკიჩისა და მატია პერინის თამაშთან დაკავშირებით. და კიდევ, ახლახან გაირკვა, რომ სეზონი დასრულებულია სამი ხედირასთვის, რომელსაც კარგა ხანია მუხლი აწუხებს და ბოლოს და ბოლოს, ოპერაციას იკეთებს.

საეჭვოა, მონტელას ტურინში ქულების მოპოვების იმედი ჰქონდეს

ფიორენტინა ცდილობდა, არ გამოთიშულიყო ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში დაეწყო კრიზისი. ამას სტეფანო პიოლის თანამდებობიდან წასვლა მოჰყვა, რომლის ადგილი ვინჩენცო მონტელამ დაიკავა. ფლორენციაში დაბრუნებული 44 წლის სპეციალისტის (მონტელა "იებს" 2012-15 წლებშიც წვრთნიდა) ხელმძღვანელობით, გუნდმა ჯერ მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო - წინა ტურში უგოლოდ დაშორდა ბოლონიას და მოუგებელი სერია 8 მატჩამდე გაახანგრძლივა.

მონტელას გუნდს ტრავმირებული მხოლოდ ხორვატი ნახევარმცველი მარკო პიაცა ჰყავს.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, რუგანი, სპინაცოლა - ემრე ჯანი, ბენტანკური, მატუიდი - კუადრადო, კინი, რონალდო.

ფიორენტინა (3-5-2): ლაფონი - ჩეკერინი, პესელა, უგო - ლორინი, ბენასი, ფერნანდეში, ჟერსონი, ჰანცკო - კიეზა, მურიელი.

ვისი სერია შეწყდება  

შაბათს კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირება "სან სიროზე" გაიმართება, სადაც ინტერი რომას მიიღებს. ნერაძურის ირგვლივ ჭორები არ ცხრება. გაურკვეველია, გააგრძელებს თუ არა მომავალ სეზონში გუნდში მუშაობას ლუჩანო სპალეტი. ამბობენ, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მისით უკმაყოფილოა და ანტონიო კონტეს მიწვევას აპირებს. ასევე უცნობია, დარჩება თუ სხვაგან წავა გუნდის ყოფილი კაპიტანი მაურო იკარდი, რომელმაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოედანზე დაბრუნებისთანავე კი გაიტანა, მაგრამ ბოლო 2 მატჩში "მშრალი" სერია აქვს. ისე კი, ლუჩანო სპალეტის გუნდი იკარდისთან ერთად ცუდად მაინც არ გამოიყურება - ინტერმა სამი მატჩიდან ორი მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა და ცხრილშიც მესამე ადგილზე ჯერჯერობით მყარადაა დამკვიდრებული (მდევარ მილანს 5 ქულით უსწრებს).

იკარდი 23 მატჩში გატანილი 10 გოლით ინტერის საუკეთესო ბომბარდირია

ინტერში კვლავაც ტრავმა აქვს შიმე ვრსალკოს, მატჩის გამოტოვებას რისკავენ მარსელო ბროზოვიჩი და ბორხა ვალეროც. 

ეუსებიო დი ფრანჩესკოს გათავისუფლების შემდეგ, რომამ გარდასახვა ერთბაშად ვერ მოახერხა - ჯერჯერობით კლაუდიო რანიერის გუნდის თავისი გემოვნებით ათამაშება არ გამოსდის. ამავდროულად, ჯალოროსი ოთხეულში შეღწევისთვის ბრძოლას აგრძელებს და მილანისგან ფეხის მორიგ დაცდენას ელოდება (სულ 1 ქულით ჩამორჩება). 

როგორ შეასრულებს რომა რანიერის მითითებებს სან სიროზე 

წინა ტურში რანიერის შეგირდებმა საკუთარ ქომაგს ნერვები კი დააწყვიტეს, მაგრამ საათის თავზე ელ შაარავისა პასისა და ედინ ჯეკოს გოლის წყალობით, მაინც აჯობეს უდინეზეს (1:0) და ახლა რომაელთა წაუგებელი სერია სამ მატჩს ითვლის. ეს კი უკვე მიღწევაა, გუნდში არსებული პრობლემების ფონზე.

რანიერის მილანში დავიდ სანტონის, რიკ კარსდორპისა და დანიელე დე როსის იმედი არ ექნება. 
 

ბერგამოელთა შანსი

ტურს ნააღმდგომევს ნაპოლისა და ატალანტას დაპირისპირება დაასრულებს. კარლო ანჩელოტის შეგირდებმა ამ სეზონში ფაქტობრივად დათმეს ყველაფერი, რისი დათმობაც კი შეეძლოთ და რაღა დარჩენიათ? ხელიდან გაშვებულია სკუდეტოც და იტალიის თასიც, წაგებულია ევროპალიგის გადამწყვეტი მატჩი "სან პაოლოზე" არსენალთანაც და ძნელი სათქმელია, როგორ და რით შეძლებს ორშაბათს ანჩელოტი თავისი ფეხბურთელების სათამაშოდ მოტივირებას.

ანჩელოტიმ ამ სეზონში ყველაფერი დათმო

ატალანტას კი, რომელიც უკვე 7 ტურია, არ დამარცხებულა, ევროსაგზურების ზონაშია მოკალათებული და ბოლომდე ცდილობს, პოზიცია არ დათმოს. ოღონდ, თუ ბოლოსწინა ტურში ინტერთან "სან სიროზე" მიღწეული უგოლო ფრე, ჯანპიერო გასპერინის აქტივში ჩაეწერა, იმავეს ვერ ვიტყვით შინ აუტსაიდერ ემპოლისთან მოულოდნელ "ნულებზე". ახლა ბერგამოს გუნდს კარგი შანსი აქვს, ნაპოლის არცთუ ამაღლებული განწყობით ისარგებლოს.

მასპინძლებს მომავალ მატჩში ტრამვების გამო რაულ ალბიოლი, ამადუ დიავარა და ამინ იუნესი დააკლდებათ, ბერგამოელთა რიგებში კი საეჭვო მარკო ვარნერისა და რაფაელ ტოლოის თამაშია.

საინტერესო ფაქტები

⚽ ტურინის იუვენტუსმა ფიორენტინას შინ ჩატარებული ბოლო ოთხივე თამაში მოუგო. 

⚽ ფიორენტინას ჩემპიონატის ბოლო 8 შეხვედრაში არ გაუმარჯვია - ხუთი ფრე, სამი წაგება.

⚽  იებმა სერია A-ში სტუმრად ჩატარებულ ბოლო 6 მატში მინიმუმ ერთი გოლის გატანა შეძლეს.  

⚽ მილანის ინტერისა და რომას ბოლო 6 შეხვედრაში გატანას ორივე გუნდი ახერხებდა

⚽ ნერაძურისა და ჯალოროსის ბოლო ექვსი შეხვედრიდან სამში გამარჯვებული არ გამოვლინდა.

⚽ რომამ გოლი ბოლო ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთში არ გაუშვა.

⚽ ნაპოლისა და ატალანტას შორის ყველა ტურნირში ფრე 8 მატჩია არ დაფიქსირებულა.

⚽ ნაპოლიმ ატალანტას სერია A-ში გამართული ბოლო 4 მატჩიდან 3 მოუგო. 

⚽ ბერგამოს ატალანტას ზედიზედ 8 თამაშია არ წაუგია - 4 მოგება, 4 ფრე. 

⚽ ატალანტამ მიმდინარე ჩემპიონატში მოპოვებული 15 მოგებიდან 8 სტუმრად იზეიმა.

კომენტარები

ბოლო ამბები